ეკონომიკა

ლვოვის და ვილნიუსის მიმართულებით ქუთაისის აეროპორტიდან პირდაპირი რეისები შესრულდება

17 იანვარი, 2014 • • 1550
ლვოვის და ვილნიუსის მიმართულებით ქუთაისის აეროპორტიდან პირდაპირი რეისები შესრულდება

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, ქეთევან ალექსიძის თქმით,  კომპანია WIZZ AIR დიდი პოპულარობით სარგებლობს და ასრულებს პირდაპირ რეგულარულ ავიარეისებს  კიევის, დონეცკის, ხარკოვის, კატოვიცას და ვარშავის მიმართულებით.

 

“ავიაკომპანია  WIZZ AIR-ის გააქტიურებამ და ერთწლიანმა წარმატებულმა თანამშრომლობამ საქართველოს ავიაბაზარზე ხელი უნდა შეუწყოს სამომავლოდ  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით სხვა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების დაინტერესებას”, – განაცხადა ქეთევან ალექსიძემ.

 

WIZZ AIR-ის  აღმასრულებელ დირექტორს ჯოზეფ ვარადს დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში არსებულ ვითარებას და კომპანიის სამომავლო გეგმებს. მინისტრის განცხადებით, ავიაკომპანიის ხელმძღვანელთან ასევე წარიმართა საუბარი ბუდაპეშტის მიმართულებით რეგულარული რეისის დამატებაზე.

 

ავიაკომპანია ერთი წლის განმავლობაში 170 000 მგზავრს მოემსახურა და აქვს 1000 პროცენტზე მეტი ზრდა ქუთაისიდან ევროპის ქალაქებში ფრენების მიმართულებით, ხოლო 2014 წლისთვის მგზავრთა ნაკადის გაორმაგებას გეგმავს.

 

ქუთაისის აეროპორტი დღეიდან, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მსგავსად, უკვე ATU Duty Free-ს სერვისითაც ისარგებლებს. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში  თავისუფალი ვაჭრობის ახალი პუნქტი უკვე ოფიციალურად  გაიხსნა.

 

თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებში, რომლის მშენებლობაც 2013 წლის დეკემბერში დაიწყო, წარმოდგენილი იქნება 700–მდე სახეობის სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდის პროდუქცია, მათ შორის ქართული ღვინოები და აზიური ტკბილეული.

მასალების გადაბეჭდვის წესი