აქედან საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე დაიხარჯება 501 მილიონი ლარი, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის – 187 მილიონი ლარი, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის – 131 მილიონი ლარი, იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერისთვის – 50 მილიონი ლარი; რეგიონებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის შემუშავებისა და მართვისთვის – 5 მილიონი ლარი.
გარდა ამისა, დამატებითი დაფინანსება გამოეყო:
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას – 16 მილიონი ლარი;
„თეთნულდ დეველოპმენტს“ – 10,6 მილიონი ლარი;
მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას – 10 მილიონი ლარი.
სულ: 36,6 მილიონი ლარი.
გთავაზობთ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ 2014 წლის გეგმას:
სერვისის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, 2014 წელს დაგეგმილია:
მინიმალურად აუცილებელი სარეკომენდაციო ხასიათის სტანდარტების კონტროლი და ახალი რეგულაციების მომზადება;
სატენდერო პირობებში უფრო მკაცრი და მკაფიო ხარისხის მოთხოვნების ჩადება;
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან თანამშრომლობით ხარისხის კონტროლის გაძლიერება;
ელექტრონული გეოინფორმაციული სისტემის (GIS) შემდგომი განვითარება.
ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა
2014 წელს საქართველოს პარლამენტი მეორე და მესამე მოსმენით კენჭს უყრის თვითმმართველობის კოდექსს. რეფორმის შედეგად, გაიზრდება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა, ხოლო სოფლებისგან ჩამოყალიბდება თემები, რომლის ბაზაზეც ფორმირდება მუნიციპალიტეტები. მერებს და გამგებლებს პირდაპირი წესით აირჩევს ხალხი. ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს მიეცემა ფული და უფლებამოსილება, რათა საკუთარი პრობლემების გადაჭრა თვითონვე შეძლოს. გაიზრდება მოქალაქეთა ჩართულობის დონე ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტის პროცესში; გაუმჯობესდება საზოგადოებრივი მომსახურების მიწოდების ხარისხი;
რეგიონული განვითარების სტრატეგიები
2013 წელს მოხდა 7 რეგიონისთვის განვითარების სტრატეგიების შემუშავება, რომელიც საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა. 2014 წელს მოხდება შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავება.
გზებისა და ნაგებობების რეაბილიტაცია-მშენებლობა
მიმდინარე წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება 250 კილომეტრ საავტომობილო გზას და 30 საავტომობილო ხიდს. აგრეთვე, აშენდება 5 ახალი ხიდი.
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა
ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე სამუშაოები ერთდროულად წარიმართება 7 მონაკვეთზე, ჯამში 140 კილომეტრზე.
დაიწყება აგარა ოსიაურის მონაკვეთის მშენებლობა – სამშენებლო გზის სიგრძე შეადგენს 12 კილომეტრს. ამჟამად მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები, რომლის დასრულების შემდეგაც დაიწყება მშენებლობა;
დაიწყება სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობა – სამშენებლო გზის სიგრძე 30 კილომეტრია. სატენდერო პროცედურები დასრულდა, ამჟამად მიმდინარეობს მომდევნო მონაკვეთის პროექტირება;
დაიწყება თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობა – სამუშაოების განახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სინოჰიდრო კორპორეიშენ ლიმიტედი“. სამუშაოები დაიწყება პირველ და მესამე მონაკვეთებზე, ხოლო მეორე მონაკვეთზე დეტალური პროექტის მომზადება დასრულებულია და გადაგზავნილია დონორ ორგანიზაციასთან (აზიის განვითარების ბანკი). დონორის თანხმობის შემდეგ გამოცხადდება ტენდერი; პირველი და მესამე მონაკვეთების ბიუჯეტი 88,761,128.95 ლარია.
დასრულდება რუისი-აგარის მონაკვეთის მშენებლობა – 2014 წელს ბეტონის საფარი მოეწყობა 16 კილომეტრიან მონაკვეთზე. მოეწყობა 4 ხიდი, 2 ხიდი-ესტაკადა, 5 გზაგამტარი. პროექტის ღირებულება – 70,8 მილიონი ლარი;
დასრულდება ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის მონაკვეთის მშენებლობა – 2013 წელს მოეწყო 6.2 ბეტონის საფარი. გზის მშენებლობა დასრულდება 2014 წელს. ჯამში აშენდება 3 ხიდი და 5 გზაგამტარი. სამშენებლო გზის სიგრძე 25,6 კილომეტრია, ხოლო პროექტის ბიუჯეტი 115 მილიონ ლარს შეადგენს.
გრძელდება ზესტაფონი-ქუთაისი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა – 2013 წელს ქუთაისის შემოვლით გზაზე მოეწყო 6,2 კილომეტრი ბეტონის საფარი. მთლიანობაში სამშენებლო გზის სიგრძე შეადგენს 32.5 კილომეტრს. ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა 2014 წელს დასრულდება, ხოლო ზესტაფონი-ქუთაისის გზის მშენებლობა – 2015 წელს. პროექტის ჯამური ღირებულებაა 245,5 მილიონი ლარი;
გრძელდება ქობულეთის შემოვლითი გზის II ლოტის მშენებლობა – სამშენებლო სამუშაოები 2013 წელს დაიწყო და 2016 წელს დასრულდება. მთლიანობაში აშენდება 16 ხიდი და 2 გვირაბი. პროექტის ჯამური ღირებულება 209,8 მილიონი ლარია;
იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა
ზუგდიდსა და ფოთში აშენდება დევნილთა 15 საცხოვრებელი კორპუსი (ზუგდიდში რვა 356-ბინიანი კორპუსი, ხოლო ფოთში შვიდი 280-ბინიანი კორპუსი);
გორის, ქარელის, კასპისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებში, მოხდება წყალსადენი სისტემისა (9 სოფელში) დრენაჟის (7 სოფელში) რეაბილიტაცია.
ამბულატორიების მშენებლობა
საქართველოს რეგიონებში აშენდება 81 ამბულატორია და 1 გადაუდებელი დახმარების ცენტრი. ამისათვის საქართველოს ბიუჯეტიდან გამოყოფილია 2,4 მილიონი ლარი.
წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია
ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ კრედიტის სახით გამოყოფილი 40 მილიონი ევრო და გრანტის სახით გამოყოფილი 8 მილიონი ევრო მოხმარდება წყალმომარაგების გაუმჯობესებას. 25 ქალაქსა და 3 დაბაში მოხდება წყლის სისტემის რეაბილიტაცია.
გაგრძელდება ქუთაისის, ანკლიისა და ფოთის წყალმომარაგების 60-მილიონიანი პროექტი.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ბიუჯეტით დამატებით 16 ქალაქში მოხდება წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რისთვისაც კომპანია 6,7 მილიონ ლარს დახარჯავს.
მყარი ნარჩენების მართვა
ქვეყნის მასშტაბით კეთილმოეწყობა და გამართულ საექპლუატაციო რეჟიმში შევა 8 ნაგავსაყრელი საგარეჯოში, მარნეულში, კასპში, ხაშურში, თერჯოლაში, სამტრედიაში, ფოთსა და დუშეთში;
შეძენილი იქნება ახალი ტექნიკა;
დაიწყება იმერეთის ნაგავსაყრელის პროექტირება.
მესტიაში თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარების პროექტი
პროექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს საფრანგეთის მთავრობის მიერ სესხის სახით გამოყოფილ 18 მილიონ ევროს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოსაყოფ 40 მილიონამდე ლარს. სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობის დასრულება იგეგმება 2016 წლისათვის. პირველადი პროექტის მიხედვით განსაზღვრულია ჯამში 3 საბაგიროს მშენებლობა.
„საუკუნის პროექტები“
არხოტში დაიწყება 25-კილომეტრიანი გზის მშენებლობა. გზა პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთს ერთმანეთს დააკავშირებს. მშენებლობა 2014 წლის გაზაფხულზე დაიწყება. ამ დრომდე იქ მხოლოდ საცალფეხო ბილიკი არსებობს და ადგილობრივებს, რომლებმაც მხარე უგზოობისა და პირობების არქონის გამო დატოვეს, საკუთარ სახლში მისვლა, პრაქტიკულად, არ შეუძლიათ. საავტომობილო გზის გაჭრის შემდეგ მშობლიურ მხარეში დაბრუნების მზაობა უკვე 32 ოჯახმა გამოთქვა.
დაიგეგმა საჩხერე-შქმერი-ონის გზის მშენებლობაც. საჩხერე-შქმერის გზის მონაკვეთზე პირველმა ტრაქტორმა 2013 წლის ოქტომბერში უკვე გაიარა. აღნიშნული პროექტის განხორციელებით, თბილისიდან ონამდე გზა ორსაათნახევარში დაიფარება. რაც მთავარია, სიცოცხლე დაუბრუნდება ზემო რაჭის პრაქტიკულად დაცლილ ხეობას. ამ მონაკვეთზე გზის გაყვანა არაერთ ახალ სოციალურ და ეკონომიკურ პერსპექტივას გააჩენს.
გამჭვირვალობა და საზოგადოების ინფორმირებულობა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის უწყების გამჭვირვალობა და საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულება კვლავ ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება. ამისათვის სამინისტრო საკუთარ ვებ-გვერდზე პროაქტიულად გამოაქვეყნებს ყველა საჯარო ინფორმაციას; გამართავს შეხვედრებს მედია, არასამთავრობო და ბიზნეს-ორგანიზაციებთან; კვლავ მოხდება სამინისტროში მოქალაქეთა მიღება; სამინისტრო პერიოდულად ანგარიშით წარსდგება დაინტერესებული საზოგადოების წინაშე.
მოქმედი სამთავრობო კომისიების მუშაობა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 2014 წელსაც უხელმძღვანელებს შემდეგ სამთავრობო სტრუქტურებს:
საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისია
მოსახლეობის აღწერის სამთავრობო საკოორდინაციო კომისია
ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისია
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისია
მიუსაფართა პრობლემების მოგვარებაზე მომუშავე უწყებათშორისი კომისია