ეკონომიკა

კვირიკაშვილი: თამბაქოს იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება ევროკავშირის ქვეყნებმა მოითხოვეს

25 დეკემბერი, 2013 •
კვირიკაშვილი: თამბაქოს იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება ევროკავშირის ქვეყნებმა მოითხოვეს

ამის შესახებ კვირიკაშვილმა დღეს გამართულ შემაჯამებელ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა: 

 

“რაც შეეხება თამბაქოს იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებას, მე არ მქონია არც ერთ კომპანიასთან შეხვედრა ამ საკითხთან დაკავშირებით. მე მქონდა შეხვედრა საბერძნეთის ელჩთან, მქონდა საუბარი ბულგარეთოს ელჩთან და ასევე ბულგარეთის ვიცე–პრემიერთან, ჩემს კოლეგასთან. საიმპორტო გადასახადი გაუქმებული იყო ივლისამდე. ივლისის შემდეგ ისევ ამოქმედდა ეს გადასახდელი, ვინაიდან წელიწადნახევრის შემდეგ ამ გადასახდელის გაუქმება მაინც მოგვიწევს, როცა თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ ამოქმედდება ხელშეკრულება ევროკავშირთან. მათი თხოვნა იყო, რომ ნუ ჩავაყენებდით მათ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. პრინციპში, ყველა დანარჩენი ქვეყნიდან თავისუფალ რეჟიმში შემოდის თამბაქო და ევროკავშირის ქვეყნები აღმოჩნდებოდნენ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში. აქედან გამომდინარე, ქვეყნებიდან იყო ეს თხოვნა და არა კომპანიებიდან. გადაწყვეტილება მივიღეთ გამომდინარე იმ პოლიტიკური კონტექსტიდანაც, რაშიც ჩვენ ვიმყოფებით ევროკავშირთან.” 

თამბაქო
თამბაქო

 

პარლამენტის წევრები, ზურაბ ტყემალაძე და გოგი თოფაძე თამბაქოს ნაწარმზე 2015 წლის 1 იანვრამდე 12 -პროცენტიანი იმპორტის გადასახადის შეჩერების ინიციატივით გამოდიან. კანონპროექტი პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე დღეს გავიდა. 

 

პარლამენტარებმა უკვე მოამზადეს კანონპროექტი, რომელიც საგადასახადო კოდექსში შესაბამის ცვლილებებს გულისხმობს. პროექტი საკანონმდებლო ორგანოში 2013 წლის 10 ოქტომბერს შევიდა. 

 

კანონპროექტის მიხედვით, საგადასახადო კოდექსის 199–ე მუხლის ი ქვეპუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის მიხედვითაც თამბაქოს ნედლეულის და ნაწარმის იმპორტი გათავისუფლებული იქნება იმპორტის გადასახადისაგან 2015 წლის 1 იანვრამდე.

აღნიშნული ცვლილება მოახდენს გავლენას ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილზე, თუმცა, რა რაოდენობით მოხდება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ცვლილება, პროგნოზი არ კეთდება. 

 

12- პროცენტიანი იმპორტის გადასახადი თამბაქოს ნაწარმზე 2013 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა, მანამდე თამბაქოს ნაწარმი ამ გადასახადისაგან გათავისუფლებული იყო. საგადასახადო კოდექსის მიხედვით, თამბაქოს ნაწარმს 12-პროცენტიანი იმპორტის გადასახადი 2006 წელს დაუწესდა, თუმცა შემდეგ ამ გადასახადზე მორატორიუმი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით გამოცხადდა, რასაც პარალამენტმა მხარი დაუჭირა.

 

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ 2013 წლის 1 ივლისიდან ამოქმედებულმა იმპორტის გადასახადმა ევროკავშირის ქვეყნებიდან თამბაქოს ნაწარმის იმპორტი შეამცირა: 

 

“ევროკავშირის ქვეყნებიდან 2013 წლის ივლისში, წინა წლის ივლისთან შედარებით, თამბაქოს ნაწარმის იმპორტი 71 პროცენტით შემცირდა. ძირითადი იმპორტიორი ქვეყნებიდან, ბულგარეთიდან, ჩეხეთიდან და საფრანგეთიდან იმპორტი საერთოდ არ განხორციელებულა. ამავე პერიოდში 79 პროცენტით შემცირდა თამბაქოს იმპორტი რუსეთის ფედერაციდან და მისმა ხვედრითმა წილმა 1,2 პროცენტი შეადგინა. 2013 წლის ივლისში გაიზარდა თამბაქოს ნაწარმის იმპორტი უკრაინიდან და მთლიან იმპორტში მისი წილი 16,7 პროცენტით გაიზარდა და 87,1 პროცენტით განისაზღვრა.”

 

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ასევე ნათქვამია, რომ თამბაქოს ნაწარმზე იმპორტის 12- პროცენტიანი განაკვეთის ამოქმედებას ევროკომისია გამოეხმაურა და განაკვეთის შეჩერება ევროკავშირსა და საქართველოს შორის  ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედებამდე ითხოვა. ანალოგიური თხოვნა აქვს BULGARTABAC–ს და ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლებს, რადგან იმ ქვეყნის იმპორტიორები, რომლებიც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში ახორციელებენ საქართველოში თამბაქოს ნაწარმის იმპორტს, უპირატეს მდგომარეობაში არიან.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი