ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“სახელმწიფომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორ კომპანიასთან საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელი უნდა შეიმუშაოს, რაც გულისხმობს აეროპორტის აშენებას, ოპერირებას და სახელმწიფოსთვის გადაცემას. კომპანიას აეროპორტი უნდა აეშენებინა, გაეწია მაღალი ხარისხის ოპერირება და აეროპორტი რაღაც პერიოდის შემდეგ გადაეცა სახელმწიფოსთვის. ჩვენ მოვაწყვეთ სემინარი და მოვიწვიეთ მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ექსპერტები, რომლებმაც თქვეს, რომ საჯარო-კერძო პარტნიორობის მუდმივი განახლება შესაძლებელია. საუბარი არ არის იმაზე, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ ხელშეკრულებას, თუმცა საჯარო-კერძო პარტნიორობის ფორმატში სახელმწიფოს ყოველთვის უჩნდება კონკრეტული მოთხოვნები მმართველი კომპანიის მიმართ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, არსებული ხელშეკრულება “ტავ ჯორჯიას” აბსოლუტურად ასიმეტრიულ მოქნილობას აძლევს:
“ეს არის მათი მხრიდან არარეგლამენტირებული საქმიანობა, რაც საჯარო-კერძო პარტნიორობის შემთხვევაში, საჯარო ინტერესების გათვალისწინებით ყოვლად დაუშვებელია. დღეს ჩვენ ვართ საკმაოდ რთულ ფაზაში, მაგრამ ჩვენი ძალიან დიდი სურვილია, გრძელვადიანი პარტნიორობის სქემაზე შევთანხმდეთ – “ტავი” დარჩეს საქართველოში და გაუწიოს ოპერირება აეროპორტს, მაგრამ იმ მოთხოვნების გათვალისწინებით, რომლებიც სრულიად ბუნებრივია და შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას”.
გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, სახელმწიფომ “ტავ ჯორჯიას” წაუყენა საერთაშორისო პრაქტიკით გათვალისწინებული მოთხოვნები, რისთვისაც სპეციალური კომპანია დაიქირავა, თუმცა “ტავ ჯორჯიას” სახელმწიფოს მოთხოვნებზე დათანხმება გაუჭირდა.