ეროვნული ბანკის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, 13 დეკემბრისთვის განსაზღვრულ კურსთან შედარებით, ლარი აშშ დოლარის მიმართ 0,0033 პუნქტით გამყარდა, ევროს მიმართ – 0,0143 პუნქტით.
2013 წლის 11 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 1.7123 შეადგინა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის თქმით, ეროვნულ ბანკს აქვს შესაბამისი რესურსი, რომ ლარის კურსს “არაფერი დაემართოს”:
“მინდა გესმოდეთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი არის მონეტარული პოლიტიკის განმახორციელებელი. მიუხედავად ამისა, ლარის კურსს საფრთხე არ ემუქრება. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკური გუნდი, ეროვნული ბანკი ვმუშაობთ ერთობლივად, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ეროვნულ ბანკს აქვს შესაბამისი რესურსი, რომ ლარის კურსს არაფერი დაემართოს. თუ ნახავთ, ნებისმიერი ქვეყნის ვალუტის კურსი იცვლება ამ პერიოდში, გარდა ბელორუსიისა”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ლარმა გაუფასურება 2013 წლის 8 ნოემბრიდან დაიწყო. ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში ერთი თვის წინ 1,6793 ნიშნულზე იყო. 13 დეკემბრის მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1.7123-მდე დაეცა.