2014 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 9 მლრდ 80 მლნ ლარია, ხოლო საგადასახადო შემოსავლების გეგმა – 7 მლრდ 230 მლნ ლარი. აღებული ვალდებულებების დასაფინანსებლად მთავრობას თითქმის 2 მილიარდი ლარის მოცულობის ვალის აღება მოუწევს.
ნინო ევგენიძის შეფასებით, ვალის აღება არ არის უბედურება, მაგრამ როცა ეკონომიკის ზრდის ტემპი დაბალია, რისკები არსებობს:
„ეკონომიკა უფრო ნელი ტემპით იზრდება, ვიდრე ვალს ვიღებთ. 2013 წელს იყო დაგეგმილი 6 -პროცენტიანი ზრდა. 2014 წელს ეკონომიკა 5 პროცენტით უნდა გაიზარდოს. ეს რესურსი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მთავრობამ 2 მილიარდამდე ვალი აიღოს. არსებობს რისკები, რომ 2014 წლის ბიუჯეტიც ჩავარდება. არაპოპულარულ განცხადებას ვაკეთებ, მაგრამ მთავრობამ ამდენი სოციალური ვალდებულება არ უნდა აიღოს. არ უნდა იყოს ბიუჯეტი ასეთი ვალდებულებით დახუნძლული. ეკონომიკურმა ზრდამ უნდა განაპირობოს სოციალური უთანასწორობის დაძლევა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.“
2014 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერს საპარლამენტო უმცირესობა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, მთავრობას სოციალური ბიუჯეტი შემოაქვს, რაც რისკებს შეიცავს:
“საბოლოო ჯამში, ხდება ამ ფულით გრძელვადიანი სოციალური ვალდებულებების დაფარვა, მთავრობამ აიღო ვალი იმისთვის, რომ ეს ვალდებულებები დაფინანსდეს და ამ ვალის აღებას სხვა არანაირი მიზეზი არ აქვს. ეს არის საბერძნეთიზაციის გზა. დღეს საქართველო ნამდვილად არ დგას დეფოლტის წინაშე, მაგრამ მთავრობა ირჩევს არასწორ გზას, სწორედ ასეთმა არჩევანმა საბერძნეთი მიიყვანა დეფოლტამდე, სწორი გზა იქნებოდა გადასახადების დაწევა და სახელმწიფო ხარჯების შემცირება”.
2014 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტის მიხედვით, პრიორიტეტული სფეროებია ჯანდაცვის, განათლების, სოფლის მეურნეობის დაფინანსება.
ფინანსთა მონისტრის მოადგილე გიორგი თაბუაშვილი ამბობს, რომ 2014 წლის ბიუჯეტის ბოლო ვარიანტის კორექტირება მოხდა:
„თანხების მცირე გადანაწილება მოხდა ბიუჯეტის შიგნით. დაზუსტდა ასიგნებების მონაცემები. წინა წლებთან შედარებით 300 მილონი ლარით არის გაზრდილი ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება. ასევე, გაიზარდა 80 მილიონი ლარით განათლების სფეროს დაფინანსება. მოხდა ეკონომიკის სამინისტროს ასიგნებების გაზრდა პირველ და მეორე ვარიანტთან შედარებით.“
გიორგი თაბუაშვილმა განმარტება შიდა ვალთან დაკავშირებითაც გააკეთა:
„სახელმწიფო ვალი 2014 წელს იქნება 35,5 პროცენტი მშპ–სთან მიმართებაში. რაც შეეხება შიდა ვალს, 2014 წელს დაგეგმილია 600 მილიონის ფარგლებში. აქედან 200 მილიონი ლარი გამოყენებული იქნება ბიზნესის გრძელვადიანი დაფინანსებისთვის საბანკო სექტორისთვის რესურსის შესაქმნელად, ხოლო 400 მილიონი ლარი მიმართული იქნება საბიუჯეტო საჭიროებისათვის.“
ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2014 წელს სამინისტროები შემდეგ დაფინანსებას მიიღებენ:
– შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – 2,658 მლრდ ლარი (2013 წელს იყო 2.345 მლრდ ლარი);
– თავდაცვის სამინისტრო – 660 მლნ ლარი (2013 წელს – 660 მლნ ლარი);
– შინაგან საქმეთა სამინისტრო – 600 მლნ ლარი (2013 წელს – 570 მლნ ლარი);
– რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 875 მლნ ლარი (2013 წელს – 928.5 მლნ ლარი);
– განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 754,3 მლნ ლარი (2013 წელს – 673.2 მლნ ლარი);
– სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 263,5 მლნ ლარი (2013 წელს – 241 მლნ ლარი);
– ფინანსთა სამინისტრო – 96 მლნ ლარი (2013 წელს – 100 მლნ ლარი);
– ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 87 მლნ ლარი (2013 წელს – 55 მლნ ლარი);
– ენერგეტიკის სამინისტრო – 114,6 მლნ ლარი (2013 წელს – 118.7 მლნ ლარი);
– იუსტიციის სამინისტრო – 60,5 მლნ ლარი (2013 წელს – 71.4 მლნ ლარი);
– სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო – 157 მლნ ლარი (2013 წელს – 174.3 მლნ ლარი);
– საგარეო საქმეთა სამინისტრო – 90 მლნ ლარი (2013 წელს – 80 მლნ ლარი);
– კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო – 80 მლნ ლარი (2013 წელს – 80 მლნ ლარი);
– სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო – 53,9 მლნ ლარი (2013 წელს – 47.2 მლნ ლარი);
– გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო – 31 მლნ ლარი (2013 წელს – 25.9 მლნ ლარი);
– ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო – 48 მლნ ლარი (2013 წელს – 48 მლნ ლარი);
2014 წლის ბიუჯეტში მშპ–ს ზრდა – 5%–ია, ხოლო ნომინალური მშპ– 29,352,3 ლარი. საშუალო წლიური ინფლაცია 3,5 პროცენტია. სახელმწიფო ვალი- 10,410.1 ლარი, რაც მშპ–სთან მიმართებაში 35,5%–ია. საბიუჯეტო დეფიციტი 3,9%–ია. ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები – 7 ,230.0 ლარი, რაც მშპ–სთან მიმართებაში 24,6 %–ს შეადგენს.