ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა “პირველის” პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
2014 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 9 040 000 000 მლნ ლარია, ხოლო საგადასახადო შემოსავლების გეგმა- 7 230 000 000 ლარი. “ნეტგაზეთის” კითხვაზე, თუ როგორ აპირებს მთავრობა ხარჯებსა და შემოსავლებს შორის არსებული დეფიციტის გადაფარვას, ფინანსთა მინისტრმა ასე უპასუხა:
“საგადასახადო შემოსავლების გარდა, სხვა შემოსავლებიც გვაქვს. ეს არის პრივატიზაცია და სახელმწიფო საწარმოების მოგება. ასევე, სხვა შემოსავლებიც. ძალიან მნიშვენელოვანია ვალის აღება. 2014 წელს ავიღებთ შიდა ბაზარზე 600 მილიონ ლარს. ჩვენ ვაპირებდით 400 მილიონის აღებას, მაგრამ ავიღებთ 600 მილიონს.”
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 200 მილიონი ლარი ბანკებში გრძელვადიან დეპოზიტებზე განთავსდება:
“ეს იმიტომ ხდება, რომ ბანკებმა გასცენ გრძელვადიანი საინვესტიციო კრედიტები. ეს 200 მილიონი ლარი იქნება დამატებითი საინვესტიცოო რესურსი ბანკებისთვის. ეს სესხი მათთვის იქნება მხოლოდ ერთპროცენტიანი. სახელმწიფო ამით არაფერს არ კარგავს. დამატებითი საინვესტიცოო რესურსი გაუჩნდებათ ბანკებს მხოლოდ ერთი პირობით, რომ ამ ფულით არ გასცემენ მოკლევადიან სამომხმარებლო კრედიტებს. მათ ამისთვის ფული ისედაც აქვთ. ეკონომიკური ტერმინია ფულის დაგრძელება და ჩვენ მივეხმარებით ბანკებს, რომ მოკლე ფული გრძელ ფულად გადაააქციონ. ამ საკითხზე ვიმუშავეთ ეროვნულ ბანკთან, ეკონომიკის სამინისტროსთან და შევხვდით ბანკებსაც. ამ იდეას იწონებს საერთაშორისო სავალუტო ფონდიც. ეს არის აპრობირებული მეთოდი და ეს ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნება იმისთვის, რომ ბანკებმა დაიწყონ ინვესტიციების განხორციელება. საგულისხმოა, რომ 9 მლრდ. 40 მილიონიდან 840 მილიონი არის გადასახდელი წინა წლებში აღებული ვალი, რომელიც უნდა გადავიხადოთ.”
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მთავრობა 2014 წელს საგარეო ვალსაც აიღებს:”საგარეო ვალს, რომელსაც ავიღებთ, ეს იქნება ფული ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის. ამ ვალს ექნება კონკრეტული მიმართულება. ჩვენ გავაგრძელებთ აღმოსავლეთ–დასავლეთის ცენტრალური მაგისტრალის მშენებლობას. გავაგრძელბთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, ევროპის საინვესტიცო ბანკის დახმარებით მოხდება.”
რამდენი იქნება საგარეო ვალის მოცულობა, ნოდარ ხადური არ აკონკრეტებს.
2014 წლის ბიუჯეტის პირველ პროექტში შიდა და საგარეო ვალდებულებები, ჯამში, 1 მილიარდ 332 მილიონი ლარით იყო გაზრდილი.
სახელმწიფო 400 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდების – სახაზინო ვალდებულებების და ობლიგაციების გამოშვებას გეგმავდა, ხოლო 732 მილიონი ლარის სესხად აღება სხვა წყარობიდან უნდა მომხდარიყო.