ეკონომიკა

თანაინვესტირების ფონდის გაუმჭვირვალე პროექტები და ზედამხედველობა

27 ნოემბერი, 2013 •
თანაინვესტირების ფონდის გაუმჭვირვალე პროექტები და ზედამხედველობა

“გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება გადამწყვეტი ფაქტორები იქნება. მნიშვნელოვანია, რომ ფონდმა საკმარისი ინფორმაცია გაასაჯაროოს დაგეგმილი პროექტებისა და საქმიანობის შესახებ, ასევე მისი თანაინვესტორების, ფონდის საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრეებისა და მოპოვებული დაფინანსების შესახებ” – ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ პუბლიკაციაში, რომელიც ორგანიზაციამ 27 ნოემბერს საკუთარ ვებგვერდზე განათავსა.  

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, აღნიშნულმა კერძო სააქციო ფონდმა კერძო ინვესტორებისგან 6 მილიარდი აშშ დოლარი უკვე მოიზიდა, რაც საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 38 პროცენტია.  

 

ბიძინა ივანიშვილი ახალ თანაინვესტირების ფონდში, სხვა ინვესტორების პარალელურად, საკუთარი ქონებიდან 1 მილიარდი აშშ დოლარის დაბანდებას აპირებს. ფონდში თავმოყრილი ქონების 80 პროცენტი მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციად ჩაიდება. მიუხედავად იმისა, რომ თანაინვესტირების ფონდს კერძო ინვესტორები, და არა სახელმწიფო, აფინანსებენ, როგორც ჩანს, იგი შიდა ეკონომიკური პოლიტიკის კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რაც კი კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის ერთი წლის მანძილზე გამოცხადებულა.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კერძო ფონდს, რომელსაც  უზარმაზარი გავლენის პოტენციალი აქვს, კეთილსინდისიერი მმართველობისაკენ მოუწოდებს: 

 

“თანაინვესტირების ფონდი კერძო სააქციო ფონდია, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი 100 პროცენტით ინვესტორების საკუთრებას წარმოადგენს. მისი გაცხადებული მიზანია „ქვეყანაში უმაღლესი დონის სტრატეგიული ინვესტორების მოზიდვა“ და „ინვესტორებისთვის მაღალი სარგებლის მოტანა“. მიზნის მისაღწევად ფონდის მმართველ გუნდს დიდი ძალისხმევის გაწევა მოუწევს.

 

ამ დროისთვის გაურკვეველია, რეალურად უკვე არსებობს თუ არა დაფინანსება და თითოეულ ინვესტორს ფონდში რა თანხა აქვს დაბანდებული. ბიძინა ივანიშვილის მიერ თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთ სავარაუდო პროექტად ანაკლიის პორტის დასახელების პარალელურად, ფონდის აღმასრულებელი დირექტორი – 28 წლის გიორგი ბაჩიაშვილი ეეცადა ხაზი გაესვა იმ გარემოებისთვის, რომ ინვესტორები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, შეზღუდული უფლებების პარტნიორები არიან და თანაინვესტირების ფონდის მიერ საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებაში ვერ ჩაერევიან.

 

თანაინვესტირების ფონდს რთული მფლობელობისა და მმართველობის სტრუქტურა აქვს: იგი კაიმანის კუნძულებზეა რეგისტრირებული და ორი შვილობილი კომპანია ჰყავს, ერთი- ლუქსემბურგში და ერთიც- ჰონგკონგში. ფონდის ხელმძღვანელობის თქმით, კაიმანის კუნძულებზე დაგროვებული კაპიტალი საქართველოში ინვესტიციად ამ ორი კომპანიიდან ერთ-ერთის გავლით ჩაიდება. ფონდს ქართული კომპანია „GCF Partners“ (შპს ჯი სი ეფ პარტნიორები) მართავს, რომლის წილთა 42%  ბაჩიაშვილს ეკუთვნის, 16% – ლევან ვასაძეს, ხოლო 42% – უჩა მამაცაშვილს. ამ დროისთვის მწირი ინფორმაცია არსებობს იმის თაობაზე, თუ როგორ იფუნქციონირებს ფონდი და როგორ უნდა იმართებოდეს იგი ინვესტორებისგან დამოუკიდებლად. კითხვაზე – დაეზუსტებინა ვასაძისა და მამაცაშვილის როლი, ბაჩიაშვილმა გვიპასუხა, რომ ისინი „მართვის კომპანიის აქციონერები არიან … [მათ] არ აქვთ რაიმე  აქტიური შეხება ან წვდომა იმ ფულად სახსრებზე, რომლებსაც „GCF Partners“ მართავს.“

 

ფონდის ვებგვერდზე ამ დროისთვის არ არის განთავსებული დეტალური ინფორმაცია რაიმე სახის საზედამხედველო მექანიზმების შესახებ. ვებგვერდზე არსებული „მრჩეველთა საბჭოს“ განყოფილებაც ცარიელია. გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, ეს ინფორმაცია განახლდება და მრჩეველთა საბჭოს შემდეგი მოვალეობები დაეკისრება: „განიხილოს სესხების გაცემა, პროექტების მიმდინარეობა და აუდიტორთა დანიშვნა / გათავისუფლება, ასევე, განიხილოს ნებისმიერი სახის შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი გენერალურ პარტნიორს, მენეჯერს ან თანაინვესტირების ფონდის დაქვემდებარებაში მყოფ პირებსა და ფონდის პარტნიორებს შორის”. ბაჩიაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ „ლევან ვასაძე, სავარაუდოდ, მრჩეველთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი იქნება, ენდრიუ კაკაბაძესა და კიდევ რამდენიმე პირთან ერთად, რომლებსაც ინვესტორები წარადგენენ.

 

გიორგი ბაჩიაშვილმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განუცხადა, რომ თანაინვესტირების ფონდი „ინდუსტრიაში არსებული საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით იმართება“. ამის შესახებ განმარტების გაკეთების თხოვნაზე ბაჩიაშვილმა და ფონდის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გვიპასუხეს, რომ „აღნიშნულ პრაქტიკებს ფონდის მმართველობა მის საერთაშორისო იურიდიული მრჩევლებთან ერთად ნერგავს“.  

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, თანაინვესტირების ფონდი არ ასაჯაროებს დეტალურ ინფორმაციას მისი პროექტებისა და ზედამხედველობის მექანიზმების შესახებ. ის არც ფინანსური ანგარიშების გამოქვეყნებას აპირებს. გარდა ამისა, ფონდის მიერ გამოცხადებული ინვესტორების ნაწილს (დეტალები იხილეთ ქვემოთ) საეჭვო საქმიანი რეპუტაცია გააჩნიათ, რაც ზედმიწევნით შესწავლას საჭიროებს. თანაინვესტირების ფონდის მნიშვნელოვანი ფინანსური ძალისა და მთავრობისა და ეკონომიკისთვის მისი მნიშვნელობის გათვალისწინებით, ფონდმა უნდა ჩამოაყალიბოს დამოუკიდებელი და გამოცდილი სამეთვალყურეო საბჭო და საჯაროდ გამოაცხადოს მისი ინვესტორების ვინაობა და მათი საინვესტიციო მიმართულებები. ამგვარი გახსნილობა მნიშვნელოვანი იქნება იმ ინვესტორების მოსაზიდად, რომლებიც ფონდთან ერთად თანაინვესტირებაზე ფიქრობენ, ან აპირებენ ინვესტიცია ისეთ პროექტში ჩადონ, რომელსაც თანაინვესტირების ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტი გაუწევს კონკურენციას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი