“ბიუჯეტი დაიგეგმა ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებელზე. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. შედეგად კი მივიღეთ ის, რომ ბიუჯეტს ვერ ვასრულებთ,“ – ამბობს ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი გიორგი აბაშიშვილი.
“სამწუხაროდ, არ გამართლდა ჩვენი პროგნოზი მშპ–ს 6%–მდე ზრდის და ჭარბი ინვესტიციების შესახებ”, – ეს აღიარება თავად ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის მხრიდანაც გაკეთდა.
“650 მილიონი ლარი არ არის მიღებული ბიუჯეტში. ეს აბსოლუტური სიმართლეა. ვარდნა ნიშნავს იმას, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი უნდა შემცირდეს. 2012 წელს მშპ დოლარში გამოსახული იყო – 15 მილიარდ 820 მილიონი დოლარი. 2013 წლის განმავლობაში, თუ ჩვენ 2-პროცენტიან ზრდაზე გავალთ, რაც ალბათ რეალურია, მშპ – 16 მილიარდ 200 მილიონი აშშ დოლარი იქნება. ეს არის მთელი წლის განმავლობაში საქართველოში ნაწარმოები საქონელი და მომსახურება,” – ამბობს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.
მთავრობა 2013 წელს მშპ–ს 6%-მდე ზრდას და 2 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შემოსვლას პროგნოზირებდა. რეალურად კი, 2013 წლის 9 თვის მონაცემებით, მშპ–ს ზრდა 1,7%-ია. 2013 წლის ორ კვარტალში კი საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით შემოსულია 458 600 000 აშშ დოლარი.
მთავრობა აქცენტს აკეთებდა რუსეთის ბაზრის გახსნაზეც, სადაც წელს ქართული ღვინო გავიდა ექსპორტზე. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2013 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, ღვინის ექსპორტმა – 33,188,949 (0,75 ლ) ბოთლი შეადგინა, ღვინის ექსპორტიდან შემოსავალმა კი 100 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი, ძირითადად, 6 ტიპის გადასახადისგან ივსება:
– 2013 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მოგებისა და კაპიტალის ღირებულების ზრდის გადასახადიდან 2 726 000 000 ლარის მობილიზება უნდა მოხდეს. 9 თვის მონაცემებით კი ამ კუთხით 1 900 000 ლარია ბიუჯეტში მობილიზებული;
– საწარმოებიდან მოგების გადასახადის გეგმა 924 000 000 ლარია, 9 თვის მონაცემებით კი, 642 539 400 ლარია მობილიზებული;
– ფიზიკური პირებიდან საშემოსავლო გადასახადის სახით 2013 წლის ბიუჯეტში 1 802 000 000 ლარი უნდა შევიდეს, 9 თვის მონაცემებით, 1 256 120 700 ლარია მობილიზებული;
– დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) გეგმა 3 402 000 000 ლარს შეადგენს, ხოლო 9 თვის მონაცემებით, 2 056 064 600 ლარია შემოსული ბიუჯეტში;
– აქციზის გადასახადის გეგმა 663 000 000 ლარს შეადგენს, 9 თვის მონაცემებით, 542 887 000 ლარია მობილიზებული;
– იმპორტის გადასახადის ნაწილში 104 000 000 ლარია დაგეგმილი, 9 თვის მონაცემებით კი – 64 370 600 ლარია მობილიზებული.
„ზუსტი ციფრის თქმა, თუ რამდენი დააკლდება თითოეულ გადასახადს, 2013 წლის დეკემბერში იქნება შესაძლებელი. ვფიქრობ, აქციზის გადასახადის გეგმა შესრულდება, რადგან რუსეთის ბაზარზე ღვინო გავიდა”, – ამბობს ლევან კალანდაძე, “ახალი მემარჯვენეების” ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ბიუჯეტში არსებული დანაკლისი სოციალურ პროგრამებზე არ აისახება, თუმცა ფული კაპიტალურ დანახარჯებს დააკლდება:
“სხვანაირად შეუძლებელია, გამომდინარე იქიდან, რომ ბიუჯეტი დაგეგმილი იყო ხარჯების და შემოსავლების ნაწილიც და, რა თქმა უნდა, როდესაც შემოსავლები არ სრულდება, დააკლდება ხარჯებს. იყო ტენდერები, რომლებიც ჩაიშალა. კერძოდ, თბილისი–რუსთავის ჩქაროსნული მაგისტრალის ტენდერი, სადაც გამარჯვებული კომპანია იყო “ნიუ ენერჯი”, რომელიც გაკოტრდა. შემდეგ გამოცხადდა ახალი ტენდერი და აზიის განვითარების ბანკის ტენდენციებით ეს გაიწელა მთელი 6 თვე. ახლა ეს პროცესი დამთავრებულია და ის ხარჯები, რაც წელს უნდა გაწერილიყო, მომავალ წელს გაიწევა. ბევრი პორტფელი გადაიხედა სერიოზულად. 50 მილიონი უნდა დახარჯულიყო ბათუმის თაუერზე. დასამთავრებელია ეს შენობა. ჩვენ გადავწყვიტეთ ეს შენობა გავასხვისოთ. ამ ტიპის პროექტებზე ფული არ დაიხარჯა, მაგრამ ეს არ არის დიდი დანაკლისი.”
„ეკონიმიკური აქტივობა იყო დაბალი, როგორც ბიზნესის, ინვესტორების მხრიდან, ისე მოსახლეობა არ ხარჯავდა ფულს და არ ახორციელებდა მსხვილ შესყიდვებს. სახელმწიფო იმდენ ფულს ხარჯავს, რამდენსაც წინა წელს, მაგრამ ამ ფულს ხარჯავს სოციალურ ხარჯებზე და არა – ინფრასტრუქტურაზე. სახელმწიფოს მართებდა ნაკლები სოციალური ვალდებულებების აღება და უფრო მეტი ყურადღების მიქცევა ინფრასტრუქტურისთვის. მთავრობა საუბრობს შემოსავლების რაციონალურ გადანაწილებაზე, პარალელურად შემოსავლები უნდა გაიზარდოს. თორემ ერთ დღეს შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ შემოსავლებს თანაბრად ვანაწილებთ, მაგრამ ფული არ გვაქვს,“ – აცხადებს გიორგი აბაშიშვილი.
ნოდარ ხადურის თქმით, არსებობს როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური მიზეზები, რის გამოც 2013 წლის ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი ვერ სრულდება:
“ეს არის ძალიან აგრესიული ფონი, რომელიც მოდის უმცირესობიდან და მოდიოდა ჯერ კიდევ პრეზიდენტისგან, როდესაც მუდმივი მუქარა იყო და თავისთავად ცხადია, ეს არის ინვესტორებისთვის სიგნალი, ნიშანი იმისა, რომ ცოტა ხანი თავი შეიკავონ.“
„მთავრობამ იცოდა, რომ კოჰაბიტაცია მოუწევდა რთულ პირობებში, არცთუ კონსტრუქციულ პრეზიდენტთან”, – აცხადებს გიორგი აბაშიშვილი.
“აუცილებლად უნდა დადგეს მთავრობის ეკონომიკური გუნდის პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან ბიუჯეტი სწორად ვერ დაგეგმა. 2013 წლის ბიუჯეტი არის წმინდა პოლიტიკური დოკუმენტი. მასში უფრო მეტი პოპულიზმია, ვიდრე – რაციონალიზმი. იმუშავა რაციონალიზმმა და ბიუჯეტი გაირღვა,“ – ამბობს ლევან კალანდაძე.
„ბიუჯეტში გარღვევაა და პრობლემები აქვს მთავრობას. ეს ქმნის იმის საფუძველს, რომ დაისვას მთავრობის უნდობლობის საკითხი. მთავრობა სრულად აგებს პასუხს,“ – აცხადებს საიას იურისტი გიორგი გოცირიძე.
გიორგი გოცირიძე განმარტავს, რომ პრეზიდენტის ინაგურაციის შემდეგ ახალი კონსტიტუცია შევიდა ძალაში და პრემიერს შეუძლია ეს საკითხი მარტივად გადაჭრას და მთავრობის ეკონომიური გუნდი შეცვალოს:
„უფრო პრაქტიკული შეიძლება იყოს ის, რომ პარლამენტმა ახალი მთავრობა არ დაამტკიცოს, თუ მასში ძველი წევრები მოხვდებიან. ან თვითონ პრემიერ–მინისტრმა არ წარადგინოს მთავრობის ის წევრი, რომელიც პასუხისმგებელია ეკონომიკურ ბლოკზე და ბიუჯეტზე და 2013 წელს ამ საკითხს თავი ვერ გაართვა“.
პრემიერობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის ახალ კაბინენტში ისევ ძველი მინისტრები წარადგინა. პარლამენტმა კი ახალი მთავრობა ოთხშაბათს, 20 ნოემბერს უნდა დაამტკიცოს.