ნეტგაზეთი | თხილის ფასი შარშანდელთან შედარებით დაბალი იქნება თხილის ფასი შარშანდელთან შედარებით დაბალი იქნება – Netgazeti
RU | GE  

თხილის ფასი შარშანდელთან შედარებით დაბალი იქნება

 

საქართველოში წელს თხილის უხვი მოსავალია. რა ღირს თხილი, სად და როგორ ახდენენ მოწეული მოსავლის რეალიზაციას გლეხები და რა პერსპექტივა აქვს თხილის ბიზნესს საქართველოში,  „ბათუმელებს” ამ საკითხზე თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა გამგეობის თავმჯდომარე ალექსანდრე მოწერელია ესაუბრა.

 

 

ალექსანდრე მოწერილია
ალექსანდრე მოწერილია

ბატონო ალექსანდრე, დღეისათვის რა სიტუაციაა, თხილის როგორი მოსავალია და როგორ ხდება მისი რეალიზაცია?

 

წელს ცოტა ადრე შემოვიდა თხილი. ივლისის ბოლოს უკვე დაიწყო მუშაობა. შარშანდელთან შედარებით მოსავალი კარგია. როცა მოსავალი უხვია, კომპანიებისთვისაც უკეთესი სამუშაო წელიწადი დგება, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ფასზე აისახება, ვინაიდან, როდესაც  ბაზარზე დეფიციტია, მაშინ ფასი ყოველთვის მაღალია. თხილის ფასი შარშანდელთან შედარებით დაბალი იქნება.  უკვე ეტყობა კიდეც ბაზარს, ფასი არის სტაბილური, ზოგჯერ ცოტა იკლებს.  ათი დღის განმავლობაში თხილი მთლიანად შემოვა. 2,40 – 2,50  ლარია კილოგრამი თხილის ღირებულება.  მართალია, წინა  წელს უფრო მაღალი ფასი იყო, მაგრამ შარშან მოსავალიც არ ვარგოდა. დეფიციტი იყო თხილის და, შესაბამისად, ფასიც მაღალი იყო. 

 

 

როგორია თხილის წარმოებასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა, მაგალითად, თუ არის მოწყობილი ჩაბარების პუნქტები?

 

 

ჩვენთან ფერმერული მეურნეობები ცოტაა, თითზე ჩამოსათვლელი. ძირითადად წვრილ გლეხურ მეურნეობებშია თავმოყრილი თხილი. ანუ საკარმიდამო ნაკვეთზე ადამიანს მოჰყავს თხილის რაღაც რაოდენობა, მან დაახლოებით 500 კილოგრამამდე შეიძლება მოიწიოს. ვინაიდან გლეხისთვის ეს ერთ-ერთი ძირითადი შემოსავალია, ის თხილს იზოგავს მთელი წლის განმავლობაში და ყიდის იმდენს, რაც იმ მომენტისთვის სჭირდება. ეს რაოდენობა არის ცოტა, დავუშვათ 50-100 კგ. ამიტომ მას არ უღირს ამ ოდენობის თხილი მიიტანოს, ვთქვათ, თხილის ქარხანაში.  ბაზარმა მოითხოვა, რომ არსებულიყო შუალედური რგოლი ქარხანასა და გლეხს შორის, დამამზადებელი, რომელიც დადის და აგროვებს თხილს სოფლებში. 50 კილოს ერთგან იყიდის, 50-ს მეორეგან, შექმნის რაღაც რაოდენობას, დავუშვათ, ორ-სამ ტონას, დაამატებს თავის გასამრჯელოს და მერე მოაქვს ეს ქარხანაში. ქარხანა ამ საქმეს ვერ ეწევა, ეს არის პრაქტიკულად შეუძლებელი. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვირჩევნია, რომ გლეხთან პირდაპირ  შეხება გვქონდეს, მაგრამ დღევანდელ მდგომარეობაში არ გამოდის. იძულებული ვართ  გადავიხადოთ პრემიუმი დამამზადებლებთან. თხილს რაც აქვს ფასი, ჩვენ იმ ფასში ვერ ვიღებთ ამ თხილს და გლეხიც ვერ იღებს იმ ფასს, რაც ჩვენ გვაქვს. შუაში ყოველთვის დამამზადებელია. ეს მერყეობს დაახლოებით 10 თეთრის ფარგლებში. ორ ტონაზე, მაგალითად, გამოდის 200 ლარი. თუ ამდენი თხილი აქვს გლეხს, მაშინ დამამზადებელი არ სჭირდება, მაგრამ სჭირდება ტრანსპორტირება და ა.შ.

 

ჩვენთან ბოლო წლებია განვითარდა თხილის ბიზნესი. რა პერსპექტივა აქვს ამ ბიზნესს საქართველოში სამომავლოდ?

 

თხილის ბიზნესი ახალგაზრდა დარგია.  ტრადიციულად, საქართველოში, მაგალითად, საბჭოთა კავშირის დროს, თხილს არ ამზადებდნენ. არც ერთ მეურნეობას და კოლმეურნეობას არ ჰქონდა არც თხილის გეგმა და არც პლანტაციები.  თუ იყო, ისიც  ძალიან ცოტა, სამოყვარულო დონეზე.

 

როდესაც მსოფლიო ბაზარზე საქართველო გავიდა თავისი პროდუქტებით, ბაზარმა მოითხოვა ის, რაც კონკურენტუნარიანი იყო. მოგეხსენებათ, ქართულმა ჩაიმ მსოფლიო ბაზარზე ვერ გაუძლო კონკურენციას, ქართული თხილი კი კონკურენტიანია. თავისი ბუნებრივი მონაცემებით იგი არანაირად არ ჩამოუვარდება იმავე თურქეთის თხილს, რომელსაც მსოფლიო ბაზრის 80 პროცენტი უჭირავს. ჩვენთან არ არის თხილის მოვლის კულტურა, შენახვის პირობები. მცენარეს, რომელიც თხილს იძლევა, მოვლა სჭირდება, თავის დროზე გასხვლა უნდა, კულტივაცია, სასუქი… ეს მთელი პროცესია. დღემდე  გლეხს საშუალება არ ჰქონდა და ვერ აკეთებს ბევრ რამეს. 

 

რაც შეეხება პერსპექტივას,  ჩვენ მსოფლიო ბაზარზე უნდა გავაგრძელოთ ჩვენი თხილის რეკლამირება, თუმცა თურქულ თხილთან რთულია  კონკურენცია. პირველ რიგში იმიტომ, რომ მას ყველა იცნობს. მეორე _ თურქი მწარმოებლები სთავაზობენ სამთვიანი კონსიგნაციით (საქონლის საზღვარგარეთ საკომისიო გაყიდვის ფორმა, რომლის დროსაც მისი პატრონი, კონსიგნანტი, უგზავნის იქ მყოფ თავის კომისიონერს საქონლის პარტიებს სარეალიზაციოდ) თხილს, ვინაიდან მათ აქვთ სუფსიდიები სახელმწიფოდან და გააჩნიათ  ფინანსური რესურსიც. ასევე კრედიტიც იაფია მათთან, ვიდრე ჩვენთან. ამიტომ მათ მიმწოდებლებს გააჩნიათ იმის საშუალება, რომ სამი თვის კონსიგნაციით ევროპელებს მიაწოდონ თხილი, რაც ჩვენ არ შეგვიძლია.

 

კიდევ ერთი პერსპექტივა ქართული თხილისთვის ჩინური ბაზარია. ქართული თხილი, გაუტეხავ თხილზე მაქვს საუბარი, არის ზომით უფრო დიდი თურქულ თხილთან შედარებით. ჩინეთი არის ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც ყიდულობს მხოლოდ გაუტეხავ თხილს, ახალ წელს სუფრის გასალამაზებლად ხმარობენ. ამ შემთხვევაში ჩინეთის ბაზარზე ჩვენი კონკურენტი თურქული თხილი არ არის, რადგან თურქეთის თხილი ჩვენს თხილზე ზომით პატარაა და მათ ძირითადად ორიენტირი აღებული აქვთ თხილის დამუშავებაზე და გულის გაყიდვაზე. ჩვენი კონკურენტი არის მხოლოდ  აშშ, კერძოდ ორეგონის შტატი, სადაც თხილის მოსავალი არის 30-დან 35 ათას ტონამდე. მათი თხილი უფრო დიდრონია, ვიდრე ჩვენი, მაგრამ ჩვენი თხილი ზომით მათ თხილთან ახლოა.  ჩინეთის ბაზარი კი ძალიან დიდია. ბოლო წლებში შეიტანეს ქართული თხილი ჩინეთის ბაზარზე და ეს რაც უფრო  გააქტიურდება, მით უკეთესი, ვინაიდან იქ შესაძლებლობები გაცილებით მეტია.

 

რამდენი კომპანია მუშაობს ამჟამად საქართველოში ექსპორტზე?

 

როდესაც ეს ასოციაცია  შეიქმნა, საქართველოში არსებული კომპანიების დაახლოებით 90 პროცენტი შემოვიდა. დაახლოებით 40 კომპანიაა, რომლებიც ამ საქმითაა დაკავებული. აქედან ექსპორტიორი იქნება 30-მდე, თუმცა სტაბილური კომპანიები ცოტაა. კომპანიების უმრავლესობა მუშაობს საბანკო კრედიტით. ბანკის კრედიტი ძვირია საქართველოში და, ამავე დროს, კრედიტის აღების პროცესიც რთულია. ბანკები უმრავლეს შემთხვევაში ითხოვენ გარანტიებს, უძრავი ქონების სახით, და შეფასებაც ამ უძრავი ქონების, მოგეხსნებათ, საბაზრო ფასთან შედარებით, გაცილებით დაბალია.

 

ქართულ ბაზარზე რა რაოდენობის თხილი რჩება?

 

რჩება, მაგრამ ქართული, შიდა ბაზრის წილი უმნიშვნელოა.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები" , მანანა ქველიაშვილი