ეკონომიკა

გია მაისაშვილი: გაურკვევლობა პირველი მტერია ბიზნესისთვის

7 აგვისტო, 2013 • 1729
გია მაისაშვილი: გაურკვევლობა პირველი მტერია ბიზნესისთვის

ბატონო გია, ხელისუფლება ამბობს, რომ ეკონომიკური ვარდნა არ არის საგანგაშო და ბიზნესაქტივობა გაიზრდება შემოდგომაზე. რამდენად რეალურია ეს პროგნოზი არსებული ეკონომიკური პარამეტრების ფონზე?

 

ეკონიმიკური ვარდნა ორმაგად შეშფოთების საფუძველია. როდესაც ასეთი რანგის ტრანსფორმაცია ხდება ქვეყანაში – ასეთ დომინანტ, ყოვლისმომცველ ხელისუფლებას რომ მშვიდობიანად ჩაანაცვლებ, ეს იწვევს საზოგადოებაში უზარმაზარ იმედს. საზოგადოება მზად არის, რომ ახალი ხელისუფლების ეკონომიკური და სახელმწიფოს მშენებლობის სტრატეგია მიიღოს და ამ სტრარეგიის განხორციელება მოახდინოს. ასეთ შემთხვევაში, როცა ასეთი დიდი ტრანსფორმირება ხდება, შესაძლებელია ხოლმე ძალიან სწრაფი ტემპის მყისიერი ბიძგი. ჩვენ კი ვისმენთ, რომ, როგორც წესი, არჩევნების შემდეგ ეკონომიკა ვარდება. სახელმწიფო მშენებლობის მეცნიერება და გამოცდილება ამბობს, რომ ასეთი დიდი ტრანსფორმირების შემთხვევაში, პირიქით – მყისიერი  ზრდა იწყება ხოლმე. აუცილებელია მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრატეგია. უნდა დავსახოთ ამოცანა, რომლის გარეშეც ეს ქცევა არ მოხდება. მმართველი გუნდი, სამწუხაროდ, არის სრულიად არაკომპეტენტური სახელმწიფოს მშენებლობაში და ეკონიმიკაში. ასეთი არაკომპეტენტური ენერგეტიკის, ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრები ამბობენ, რომ ეს არაფერი არ არის და შემოდგომაზე დაიწყება აღმავლობა.

 

გია მაისაშვილი
გია მაისაშვილი

მთავრობა ამბობს, რომ ეკონომიკურ სტრატეგიას სექტემბერში დადებს. პრემიერი აცხადებს, რომ ამოქმედდება თანაინვესტირების ფონდი. რა ბერკეტი აქვს მთავრობას, რომ ეკონომიკა ღრმა რეცესიაში არ გადავიდეს?

 

რეცესია უკვე არსებობს. თუ ეკონომიკის ზრდის შემცირება მოხდა ზედიზედ ორ კვარტალში, ეს არის  რეცესია. მესამე კვარტალი კიდევ უფრო მძიმე იქნება. წინ საპრეზიდენტო არჩევნებია. საქართველოში ლიდერობის კრიზისია. შეცდომაა, როცა პრემიერი ამბობს, რომ მიდის. ასეთ არასტაბილურ ეკონომიკურ სიტუაციაში ეს განცხადება უფრო მეტ გაურკვევლობას ბადებს. გაურკვევლობა პირველი მტერია ბიზნესისთვის, უცხოური ინვესტიციებისთვის. ეკონომიკური ზრდის სხვა წყარო არ არსებობს და როცა ამ წყაროს ჭრი, როგორ შეიძლება ველოდოთ, რომ სექტემბრიდან დაიწყება ეკონომიკის ზრდა?! ჩვენ სექტემბერში გვექნება მინუს 2 -პროცენტიანი კლება, ოქტომბერში დიდი სტაგნაციაა მოსალოდნელი.

 

ამას რა გათვლებზე დაყრდნობით აცხადებთ?

 

საპრეზიდენტო კანდიდატებზე ბაზრის შეხედულება არის ასეთი, რომ არცერთ მათგანს არ შეუძლია სახელმწიფოს მშენებლობა და ეკონომიკური სტრატეგიის ჩამოყალიბება. არის დიდი რისკი, რომ მომავალი პრეზიდენტი იქნება ეკონომიკაში არაკომპეტენტური. ეს კომპონენტი რისკის მატრიცის დათვლაში დიდ როლს თამაშობს. ეს კიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. მეორე მხრივ, ახალ პრეზიდენტს სრულიად არასტაბილური გარემო ხვდება. მთავარმა მოთამაშემ პოლიტიკურ სცენაზე  მადესტაბილიზებელი განცხადება გააკეთა. ის კეთილი ნება, რაც ადამიანებში იყო ამ ხელისუფლებისადმი, თვალსა და ხელს შუა ქრება. ასე ვთქვათ, ანგარიშვალდებულების დრო დგება. საზოგადოების მოთხოვნები გაიზრდება. შესაბამისად, ამ მოთხოვნების შესრულება ხელისუფლებას არ შეუძლია, რაც არასტაბილურობის განცდას გაზრდის. საქართველო არის ეკონომიკური საშიშროების ზონაში.

 

მთავრობა ამბობს,  რომ ხარჯებს არ შეამცირებს. ბიუჯეტში უკვე დეფიციტია. პრეზიდენტი პრემიერს საკუთარი ფულის დახარჯვისკენ მოუწოდებს. არსებობს თუ არა სეკვესტრის საფრთხე და მოსალოდნელია თუ არა ეკონომიკური გუნდის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება?  

 

მთავრობას სეკვესტრის განხორციელება მოუწევს. აბა, ჯიბიდან კურდღელს ხომ არ ამოიყვანს, როგორც ჯამბაზი – ცირკში. როცა პრეზიდენტი ამბობს, რომ ივანიშვილმა თავისი ფული ხარჯოს, ეს არაკომპეტენტური და სასაცილოა. არცერთი ქვეყნის ისტორიაში არ მომხდარა ის ფაქტი, რომ მილიარდერი, წარმატებული ბიზნესმენი მთავრობის სათავეში მოსულიყო. თანამედროვე ისტორიას არც  ის ახსოვს, რომ  პრემიერმა თავისი ჯიბიდან განახორცილოს ინვესტიციები. ყველაზე მარტივი იქნებოდა, რომ პრემიერ–მინისტრს და ეკონომიკური გუნდის პირველ პირებს დაესახათ მთავარი – ეკონომიკის განვითარების ამოცანა. როცა ამოცანა დასახულია მკაფიოდ, ეს ნიშნავს, რომ ბიზნესის სტრატეგიაში დაახლოებით 40–60 პროცენტი საქმე გაკეთებულია. მკაფიო სტრატეგიიდან გამომდინარე, ყველა თანამონაწილემ იცის, დღეს რა უნდა გააკეთოს. ჩვენ ვამბობთ, რა იქნება შემოდგომაზე, რა იქნება იანვარში. მოლოდინის რეჟიმში ვართ. როცა ასეთი მკაფიო სტრატეგია არ არის, ჩვენ პარალიზებული ვართ. ამაში ყველაზე დიდი ბრალი ხელისუფლებას მიუძღვის.

 

პარლამენტის  თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ახალმა ხელისუფლებამ საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა მიიღო: დატერორებული ბიზნესი და ცარიელი ციფრების ეკონომიკა. მისი თქმით, მთავრობამ შეცვალა ეკონომიკის მართვის სქემა და შედეგი მიღწეული იქნება…

 

უსუფაშვილი მართალია. მძიმე ეკონომიკური მეკვიდრეობა მიიღეს. ეკონომიკური ზრდა კი იყო, მაგრამ ეს იყო მონოპოლიზებული ბიზნესის მიერ შექმნილი. მაგრამ ახლა საუბარი იმაზე, რომ ციფრებით ხდებოდა მანიპულაცია, არაფერს მოგვცემს. ადამიანებს უფრო მეტი მოთხოვნა ჰქონდათ შიდა ბაზარზე. მათ  უფრო მეტი ფული ჰქონდათ პროდუქციის შესასყიდად. სააკაშვილი იყო ილუზიების დიდი ოსტატი, რომელმაც შექმნა პოტიომკინის სახელმწიფო. უბედურება ის არის, რომ იმ პოტიომკინის სახელმწიფოზე ცუდი მდგომარეობა გვაქვს ახლა. 10 თვე გადის, ეს საკმაოზე მეტი დროა იმისთვის, რომ ეკონომიკაში  ზრდის ტენდენცია დაწყებულიყო, მონოპოლიზებული ბიზნესის დემონოპოლიზება მომხდარიყო და ინვესტორები გამოჩენილიყვნენ.

 

საპარლამენტო ოპოზიცია, კერძოდ, ზურაბ ჯაფარიძე ივანიშვილს მწვავედ აკრიტიკებს. ივანიშვილის მთავრობის მთავარ შეცდომად ახალ შრომის კოდექსს, თამბაქოზე აქციზის გაზრდას, წინასწარ აკრეფილ გადასახადებს, უცხოელებზე მიწის მიყიდვაზე მორატორიუმს და ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერებას ასახელებს.

 

უბედურება ის არის, რომ მეორე მხარე, რომელიც ოპოზიციად განიხილება, ასეთ არაკომპეტენტურ შეფასებებს აკეთებს. აქ რაც არის ჩამოთვლილი, ყველა სწორი ნაბიჯია სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული, ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერების გარდა. იმ ქვეყანას, რომელსაც კარგი ინფრასტრუქტურა აქვს, კაპიტალის უკუგება დიდი აქვს. მიხეილ სააკაშვილი იღებდა იმპულსურ გადაწყვეტილებებს. ოპოზიციის მინიშნება ინფრასტრუქტურაზე ნაწილობრივ მართალია. ეს არის ნახევარი სიმართლე.

 

მთავრობამ მმართველობის 10 თვის მანძილძე სამი პროექტი დაიწყო: იაფი აგროკრედიტის პროექტი, საყოველთაო დაზღვევა და საინვესტიცო ფონდების შექმნა. როგორ ფიქრობთ, მოიტანს თუ არა ეს პროექტები ეფექტს მომავალში?      

 

ყველაზე სწორი იყო დიდი სადაზღვევო კომპანიის ჩამოყალიბება. ასე არის ინგლისში და საფრანგეთში. ეს კომპანია ახორციელებს ეროვნული ჯანდაცვის სერვისს. ეს თითოეული მოქალაქის ჯანდაცვის პრობლემის მოგვარების კარგი მცდელობაა.  სოფლის მეურნეობაში დაწყებული რეფორმა უნდა ყოფილიყო უფრო მიზანმიმართული და ტრანსფარენტული. საქართველოში სოფლის მეურნეობა ძალიან რისკიანია და ამინდზეა დამოკიდებული. დაზღვევის კომპონენტი არ არსებობს, ჩვენმა ფერმერებმა არ იციან პროდუქციის მარკეტინგი. ამ შემთხვევაში, სოფლის მეურნეობაში დიდი ცვლილება რომ მოხდეს, საჭიროა სქემის ჩამოყალიბება. სახელმწიფოს როლი უნდა იყოს ძალიან დიდი, რომ რისკი დაბლა დაეცეს. მოწვეული და ადგილობრივი სპეციალისტებისაგან დაკომპლექტებული ტიპური გუნდები, რომლებიც ასწავლიან გლეხებს, როგორ იქცნენ ფერმერებად და როგორ მოახდინონ თავიანთი პატარა ნაკვეთების მენეჯმენტი უკეთესად. მარკეტინგის კომპონენტი თუ არ არის, გინდა მიწა დაუხანი, გინდა იაფი კრედიტი მიეცი, ასეთი მაღალი რისკის  და დაბალი მენეჯმენტის და მარკეტინგის პირობებში შედეგს ვერ გამოიღებს. რაც შეეხება ფონდებს, მათი შექმნა და ფუნქციონირება გაიწელა. უკვე ათი თვე გავიდა. ჩვენ ვცხოვრობთ გლობალიზაციის ეპოქაში, სადაც წინანდელი 20 წელი ნიშნავს 2 თვეს. ძალიან სწრაფი ქმედებაა საჭრო. სქემების მცოდნე ადამინების მობილიზება და არა პარტიული კომისრების. სამივე მიმართულებაში მძიმე სიტუაციაშია. უნდა გავუსწოროთ რეალობას თვალი.

 

რა გზა უნდა აირჩიოს ხელისუფლებამ, რას ურჩევთ მთავრობას?

ქვეყანას ორი ბურჯი აქვს: განათლების სისტემა – იმისათვის, რომ თანამედროვე ეკონომიკა შექმნა განათლების სისტემა გჭირდება თანამედროვე. განათლება და ეკონომიკური პოლიტიკა ერთი მონეტის ორი მხარეა. ამ მონეტას სახელმწიფოს კეთილდღეობა ჰქვია. ვხედავთ, რომ ყოფილი განათლების მინისტრი ხდება ხელდასმული პრეზიდენტი. არავითარი სხვა ღირსება არ აქვს, გარდა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის დომინანტი ქვეყანაში და მას სურს, რომ ის გახდეს პრეზიდენტი. მარგველაშვილის წინა დამსახურებაა, რომ  96-მა პროცენტმა მასწავლებლებისამ სერტიფიცირების გამოცდა ვერ ჩააბარა.  ეს არის კატასტროფა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მოსწავლეების მომზადების დონე არის დაბალი. ამის მიუხედავად, განათლების მინისტრი წინაურდება და პრეზიდენტი უნდა გახდეს. მეორე მხრივ, ეკონომიკური პოლიტიკა მყიფეა. ეკონომიკის მინისტრისგან არაფერი გამიგია, გარდა იმისა, რომ მან თქვა, რომ გუნდში ბევრი ნიჭიერი კანდიდატია, ერთ–ერთი არის თვითონაც, რომელიც მოიაზრება პრემიერ–მინისტრობის კანდიდატად. ეს ეკონომიკის მინისტრი, როგორც დარგის ხელმძღვანელი, არაფერს აკეთებს. ამ პროცესებს ბაზარი აკვირდება. ყველა დიდი ორგანიზაცია, როცა საინვესტიციო  გადაწყვეტილებას იღებს, რისკის მატრიცას ადგენს. გათვალისწინებულია ბაზრის რისკი, ტექნოლოგიური რისკი და მენეჯმენტის რისკი. რისკის მატრიცაში ჩვენი საგანმანათლებლო პოლიტიკა და  ეკონიმიკა დიდი დოზით მონაწილეობს. როცა ეს ორი პიროვნება ხდება ქვეყნის ხელისუფლებაში პირველი და მეორე პირი, დასავლურ ინვესტიციაზე არ უნდა ვიფიქროთ. დიდი ინვესტიციის გარეშე კი ეკონომიკის ზრდა ვერ მოხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი