ეკონომიკა

შეღავათიანი აგროკრედიტი – გაკოტრების რისკი ფერმერებისთვის

4 ივლისი, 2013 • 2580
შეღავათიანი აგროკრედიტი – გაკოტრების რისკი ფერმერებისთვის

მთავრობის მონაცემებით, შეღავათიანი აგროკრედიტის მესამე კომპონენტის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს მილიონ ლარამდე სესხებს საწარმოებისთვის, მთლიანობაში, 11 666 328 აშშ დოლარია გაცემული. 1 ივლისის მონაცემებით, 81 კრედიტია გაცემული. აქედან 18 სესხი ე.წ. start-up-ია და ახალი საწარმოებისთვისაა გათვალისწინებული. ამ დროისთვის დამუშავების პროცესშია კიდევ 24 სესხი.


გაცემული სესხების 37%-ზე მეტი მეღვინეობაზე მოდის (4 411 928 აშშ დოლარი), 15%-ზე მეტი – მეცხოველეობაზე (1 766 800 აშშ დოლარი), 13%-მდე – სასაწყობო მეურნეობებზე, როგორიცაა მაცივარი, საშრობი, საწყობი (1 507 600 აშშ დოლარი).


აღნიშნული პროექტის ფარგლებში სესხი 7 წლამდე ვადით გაიცემა და საპროცენტო განაკვეთი არ აღემატება 3%-ს. პროექტში 12 ბანკი და 2 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მონაწილეობს. პროგრამის ბენეფიციარი ფერმერები ამბობენ, რომ შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთის მიუხედავად, მათი ბიზნესის გაკოტრების რისკი არსებობს.

 

დავით ბუჩუკურმა, რომელიც წალკაში რძის გადამამუშავებელი საწარმოს აშენებს, „შეღავათიანი აგროკრედიტის” პროექტის მესამე კომპონენტის ფარგლებში „საქართველოს ბანკიდან” 75 ათასი დოლარი აიღო სესხად. ფერმერს წალკაში მცირე საწარმო აქვს, სადაც დღეში ერთ ტონა რძეს ამუშავებენ და 8 ადამიანია დასაქმებული. თუ პროექტი წარმატებული გამოდგა, მეწარმე დამატებით 20 ადამიანის დასაქმებას და წარმადობის 3 ტონამდე გაზრდას გეგმავს:

 

„რძის საწარმოს ასაშენებლად ეს საკმაოდ ცოტა თანხაა. მეტი არ მომცეს და სხვა გზა არ მქონდა, კრედიტი მაინც ავიღე. ამ ტიპის საწარმოს ასაშენებლად სამი მაგდენია საჭირო. საწარმოს წალკის რაიონში ვაშენებ. დანარჩენი თანხა უნდა ვიშოვო. ვადები არ არის დათქმული. მთავარია ის, რომ პროგრამას საფრთხე არ შეექმნას. საწარმოს ასაშენებლად 2 წელი დამჭირდება, სესხი კი ხუთ წელიწადში უნდა დავფარო.”

 

დავით ბუჩუკური ამბობს, რომ სესხის განაკვეთი 15 პროცენტია, აქედან 12 პროცენტს “სოფლის მეურნეობის ფონდი” დაფარავს, ხოლო სესხს და დარჩენილ 3 პროცენტს ფერმერი გადაიხდის:

 

„ერთი შეხედვით დაბალი პროცენტია, მაგრამ ეს თანხა ბანკმა ქონების უზრუნველყოფით მასესხა. ხელშეკრულებაში მკაცრად არის გაწერილი, რომ თანხის გადახდის გრაფიკის დაუცველობის შემთხვევაში, ფონდი პროცენტის დაფინანსებიდან გავა და 15 პროცენტის გადახდა მე მომიწევს. თუ ბიზნესი ვერ ავაწყვე, არის საფრთხე, რომ გავკოტრდები და ქონებასაც დავკარგავ”.

 

ვანო გომიაშვილმა 50 ათასი დოლარი „პროკრედიტ ბანკიდან” “შეღავათიანი აგროკრედიტის” პროექტის ფარგლებში ისესხა. ფერმერი ალგეთში მეცხოველეობის ფერმას აშენებს. იგი ამბობს, რომ სესხი 7 წლით აიღო და სოფლის მეურნეობის ფონდი 15-პროცენტიანი განაკვეთიდან 12 პროცენტს დაუფარავს:

 

“შეღავათიანი პროცენტის მიუხედავად, სესხი ქონებით არის უზრუნველყოფილი. თუ ბანკთან დადებულ ხელშეკრულებას დავარღვევ, ბანკი პრობლემური სესხების სიაში შემიყვანს და ფონდი დაფინანსებიდან გავა. თუ კრედიტი ვერ დავფარე, ქონებას დავკარგავ.”

 

“სოფლის მეურნეობის ფონდის” ხელმძღვანელი გიორგი მანაგაძე ამბობს, რომ „შეღავათიანი აგროკრედიტის” პროექტში მთავარი მოთამაშე ბანკია:

 

„მეწარმეებმა იციან არსებული რისკების შესახებ. ფონდი მათ უყურებს როგორც პარტნიორებს. ფერმერის ვალდებულებაა, რომ სესხის მიზნობრიობა იყოს დაცული და ბანკის მიმართ დადებული ხელშეკრულება პირნათლად შესრულდეს.”

 

გიორგი მანაგაძე განმარტავს, რომ ბანკთან დადებული ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში სოფლის მეურნეობის ფონდი სესხის დაფინანსებიდან გავა:

 

„თავიდან მეწარმე იხდის თავის წილ თანხას და შემდეგ მომდევნო დღეს იფარება ბანკის წინაშე ფონდის ვალდებულება. 
თუ მოხდა სისტემური გადაცილება და ბანკი იტყვის, რომ სესხი პრობლემურია, ამის დამადასტურებელ დოკუმენტაციას წარმოადგენს, ამ შემთხვევაში ფონდი თანადაფინანსებიდან გავა.” 

 

არსებული რისკების მიუხედავად, სოფლის მეურნეობის ფონდის ხელმძღვანელი ამბობს, რომ “შეღავათიანი აგროკრედიტის” პროექტის ფარგლებში აქტივობა მაღალია და გადაწყვეტილებას პროექტის დაფინანსების შესახებ ბანკი იღებს.

 

საქართველოს მთავრობა ბანკებთან ერთად შეღავათიანი აგროსესხის სამკომპონენტიან პროექტს ახორციელებს. პირველი კომპონენტი ითვალისწინებს 5000 ლარამდე უპროცენტო სასაქონლო განვადებას და ამ პროექტით ამ დროისთვის 1 410-მა ფერმერმა ისარგებლა.

 

მეორე კომპონენტი ითვალისწინებს 5000-დან 100 ათას ლარამდე სესხებს. ამ კომპონენტის ფარგლებში გაცემულია 24 490 954 ლარი. აქედან 638 სესხი გაცემულია მეცხოველეობაზე, 331 – მემცენაროებაზე, 104 – მეთევზეობაზე, მეფრინველეობაზე, მეფიტკრეობაზე და შერეულ მეურნეობებზე, ხოლო 80 სესხი – სათბურებზე და სარწყავ სისტემებზე.

 

„საქართველოს ბანკში” აცხადებენ, რომ მეორე და მესამე კომპონენტში ბანკმა 11 მილიონ ლარამდე აგროსესხი გასცა. ბანკის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ პირველ კომპონენტს ფინანსური ინსტიტუტი არ აფინანსებს.

 

სოფლის მეურნეობის სააგენტო არ ასაჯაროებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელ კომპანიებსა და ფერმერებზე გასცეს სესხი მესამე კომპონენტში. სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია და მხოლოდ ბიზნესკომპანიებთან შეთანხმების შემდეგ გასაჯაროვდება.


შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, სოფლად 60 საწარმოს გახსნის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 2013 წლის 5 მარტს მედიასთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა:


“მე ვაცხადებდი, რომ გადამამუშავებელი ქარხნებისა და საწარმოებისთვის გაიცემა ხანგრძლივი კრედიტები, 3%-მდე, მინიმუმ 60 საწარმოსთვის, თუ იქნება უფრო მეტი აქტიურობა, იქნება შეუზღუდავად. რამდენი პროექტიც შემოვა, ყველას ექნება საშუალება მიიღოს გრძელვადიანი, მინიმუმ 7-წლიანი კრედიტი, 30 000-დან 600 000-მდე ლარი.”


ივანიშვილმა ამ საკითხზე 3 ივლისს გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ წლის ბოლომდე შესაძლებელი იქნება 100-მდე საწარმოს დაფინანსება ამ პროექტის ფარგლებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი