ეკონომიკა

ბიზნესმენ იაკობაშვილის კავშირები კეზერაშვილთან და ივანიშვილთან

28 ივნისი, 2013 •
ბიზნესმენ იაკობაშვილის კავშირები კეზერაშვილთან და ივანიშვილთან

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ცნობით, რამდენიმე სარეკლამო კომპანია, რომლებსაც ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი ფლობდა (ფიქტიური ოფშორული კომპანიების მეშვეობით), ახლა ქართული წარმოშობის რუსი ბიზნესმენის, დავით იაკობაშვილის საკუთრებაშია.

აღნიშნულმა ორგანიზაციამ დღეს გამოაქვეყნა ანგარიში – „საქართველოს სარეკლამო ბაზარი – ახლა უკვე კონკურენციის პირობებში?” ამ ანგარიშში ასახულია 2012 წელს განხორციელებული სარეკლამო ბაზრის კვლევის ანალიზი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ 2011 წელს რეკლამის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში ხაზგასმული იყო, რომ სარეკლამო სექტორის დიდ ნაწილს ყოფილ თავდაცვის მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული ახლო მეგობრებისა და ნათესავების ქსელი აკონტროლებდა.

საუბარია კომპანიებზე, რომლებიც გარერეკლამის ბიზნესში მონოპოლისტებს წარმოადგენენ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” 2012 წლის ანგარიშის მიხედვით, გარერეკლამა მთლიანი სარეკლამო დანახარჯების 11 პროცენტს იღებს. Publicis Hepta-ს გათვლებით, 2012 წელს გარე რეკლამაზე წმინდა სარეკლამო დანახარჯმა 6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

“გარე რეკლამა ტელევიზიის შემდეგ, სარეკლამო ბაზრის ყველაზე მსხვილი სეგმენტია. გარერეკლამის ძირითადი კლიენტები თამბაქოს მწარმოებლები და სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები არიან”, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, Outdoor.ge-ს თბილისის ბაზარზე კვლავაც წამყვანი პოზიცია უჭირავს, რომელსაც თბილისის მერიის მიერ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გარერეკლამის განთავსების ექსკლუზიური უფლება აქვს მინიჭებული.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ანგარიშში ასახულია Outdoor.ge-ს დირექტორის, კოტე ჭავჭანიძის კომენტარი, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ outdoor.ge და მისი კონტრაქტორი კომპანია „ალმა+“ დედაქალაქში გარე რეკლამის ბაზრის 90%-ს აკონტროლებს. მისი თქმით, ბეჭდურ და სამაუწყებლო მედიებში ალკოჰოლისა და თამბაქოს რეკლამირებაზე დაწესებული შეზღუდვების გამო ამ პროდუქციის გამავრცელებელი კომპანიები რეკლამას ბილბორდებზე ათავსებენ.

“მტკვრის მარცხენა სანაპიროს „სმოდ ედვერთაიზინგი“ ფარავს. ამ კომპანიას ცალკე, დამოუკიდებელ სუბიექტად არასდროს უმოქმედია და, სავარაუდოდ, დე ფაქტო მდგომარეობით, ის Outdoor.ge-ს შემადგენლობაში შედის. ორივე კომპანიას ოფშორული მფლობელები ჰყავს, რომელთა უკანაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აზრით, დავით კეზერაშვილი იმალებოდა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ „სმოდიც“ და Outdoor.ge-ც დავით იაკობაშვილის ხელში გადავიდა. 2011 წლიდან მოყოლებული იაკობაშვილი კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორია რამდენიმე ენერგოკომპანიაში”, – ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ანგარიშში.

Adprojects Inc. – ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია, რომელსაც, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დასკვნით, წარსულში დავით კეზერაშვილი აკონტროლებდა, კვლავაც რჩება Outdoor.ge-ს 70-პროცენტიანი წილის მფლობელად:

“მაგრამ, როგორც ჩანს, არჩევნების შემდეგ Adprojects Inc. კეზერაშვილისგან დავით იაკობაშვილის ხელში გადავიდა”, – აღნიშნულია ანგარიშში.

ამავე ანგარიშის მიხედვით, 2013 წლის მაისში outdoor.ge-ს მფლობელობის საკითხი პოლიტიკური დებატების მიზეზი გახდა: „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა გოგა ხაჩიძემ და ირმა ნადირაშვილმა პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის მრჩეველს, გია ხუხაშვილს დავით იაკობაშვილისთვის outdoor.ge-სა და სარეკლამო სააგენტო „მედია პორტის“ წართმევის მცდელობაში დასდეს ბრალი. საქართველოში იაკობაშვილის წარმომადგენელმა ალექსანდრე ბერიძემ ეს ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ მთავრობა იაკობაშვილის საქმიანობაში არ ჩარეულა. თუმცა ბერიძემ არ უარყო, რომ სწორედ იაკობაშვილი ფლობს outdoor.ge-ს.

“მთავრობის შეცვლის შემდეგ რამდენიმე სარეკლამო და ენერგოკომპანიამ, რომლებსაც ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიები ფლობენ (რეალურად ამ კომპანიებს დავით კეზერაშვილი ან მასთან დაახლოებული პირები აკონტროლებენ), მფლობელები შეიცვალა. როგორც ჩანს, ამ კომპანიებიდან რამდენიმე თბილისში დაბადებულმა რუსმა ბიზნესმენმა დავით იაკობაშვილმა შეიძინა,” – ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ანგარიშში.

ჟურნალ „ფორბსის“ რუსული გამოცემის მიხედვით, იაკობაშვილის ქონება 950 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ამჟამად იაკობაშვილი Sistema JSFC-ის საბჭოს წევრი გახლავთ. Sistema JSFC, რომლის აქციებიც საჯაროდ იყიდება, რუსეთსა და დსთ-ში მოღვაწეობს და მას ინვესტიციები მრავალ სექტორში აქვს განხორციელებული, მათ შორის, ტელეკომუნიკაციებში, მაღალ ტექნოლოგიებში, სანავთობო და ენერგოსექტორში, რადარებსა და ავიაკოსმოსურ სფეროში, საბანკო სექტორსა და საცალო ვაჭრობაში, მედიაში, ტურიზმსა და ჯანდაცვაში.

“საქართველოში იაკობაშვილის საქმიანობის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. როგორც ირკვევა, ის საქართველოს ენერგოსექტორში 2011 წლიდანაა ჩართული – დავით კეზერაშვილთან ერთად ის „გალფის“ ერთ-ერთი მეწილე იყო, თუმცა, მისი წილების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ მხოლოდ 2012 წლის არჩევნების შემდეგ გახდა ცნობილი, როცა კომპანიაში მისი წილი გაიზარდა. „გალფის“ მიერ ნოემბერში გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში შეტანილი იყო იაკობაშვილის ციტატა, რომლის მიხედვითაც ის საქართველოში ინვესტიციების გაგრძელებას მომავალშიც აპირებს და, გარდა ამისა, საქველმოქმედო პროექტებში მონაწილეობის სურვილიც აქვს. მედიისთვის გაკეთებულ განცხადებებში იაკობაშვილის ადვოკატები უარყოფენ ცნობას იმის შესახებ, რომ ის კეზერაშვილის ბიზნეს-პარტნიორი გახლდათ”, – ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, იაკობაშვილის კუთვნილ აქტივებში შედის:

– სარეკლამო კომპანია „სმოდ ედვერთაიზინგი“, რომელიც მან 345 ათას აშშ დოლარად შეისყიდა. სარეკლამო სექტორის ექსპერტთა ნაწილი ამტკიცებს, რომ „სმოდი“ დამოუკიდებელი მოთამაშე არასდროს ყოფილა და რომ ისoutdoor.ge-ს დე ფაქტო ფილიალია. „სმოდი“ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებულ ბილბორდებს მართავს და მის გაქირავებაზე ექსკლუზიურ უფლებას ფლობს. ბილბორდების მართვაზე 12-წლიანი ლიცენზია თბილისის მერიამ 2009 წელს ირაკლი ჩიქოვანის „მაგი სტილ მედიას“ დაუმტკიცა, თუმცა „მაგი სტილმა“ 2011 წელს ეს ლიცენზია „სმოდს“ გადასცა. იმავე პერიოდში მერიამ ლიცენზია მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ბილბორდებზე outdoor.ge-ს გადასცა. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად outdoor.ge-ს მფლობელები არ შეცვლილან, სავარაუდოდ, კომპანიის ახალი მფლობელი სწორედ იაკობაშვილი გახდა.

– იაკობაშვილმა 2 მილიონ აშშ დოლარად, ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული მისივე კომპანია Gannado Worldwide-ს მონაწილეობით „უნივერსალ კაპიტალ გრუპი“ (UCG) შეიძინა (Redeli Management Limited, BVI-ის გავლით). კომპანია UCG ფლობს: 

1. წამყვანი სარეკლამო სააგენტო შპს „მედია პორტის“ 60 პროცენტს;
2. ფოთის პორტის ტერმინალის ოპერატორის შპს UCG Trans-ის – 100 პროცენტს;
3. შპს „აგარის შაქრის“ 24.497 პროცენტს.

– Gannado Worldwide-ის მონაწილეობით იაკობაშვილი ასევე ფლობს შპს „კაზინო აჭარის“ 90 პროცენტს. ეს წილი მან 2011 წლის მაისში 8.72 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა. 

– ნოემბერში იაკობაშვილი „სან პეტროლეუმ ჯორჯიას“ („გალფი“) მთავარი მეწილე გახდა. ეს კომპანია „გალფის“ 140-მდე ბენზინგასამართ სადგურს ამუშავებს(კომპანიის მფლობელია დელავერში რეგისტრირებული EnergyInvestment Venture Holdings LLC). როგორც ირკვევა, იაკობაშვილი, კეზერაშვილთან ერთად, კომპანიის დაარსების დღიდან მისი მეწილეა. 2012 წლის ნოემბერში „სან პეტროლეუმ ჯორჯიამ“ განაცხადა, რომ კეზერაშვილმა მთლიანად დათმო თავისი წილი, მაგრამ არ დაკონკრეტებულა, თუ კომპანიის რა წილს ფლობს იაკობაშვილი.

– იაკობაშვილმა 25-დან 80 პროცენტამდე გაზარდა თავისი წილები „პეტროკასენერჯი გრუპში“ (რომელიც, როგორც ცნობილი ხდება, 2011 წელს შეიძინა). ეს გარიგება 240 მილიონ აშშ დოლარადაა შეფასებული. „პეტროკასი“ნავთობპროდუქტებით ვაჭრობს„ლუკოილთან“, „სოკართან“, „რომპეტროლთან“ და „გალფთან“ და საქართველოს, თურქმენეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ვიეტნამის ბაზრებზე მნიშვნელოვან მოთამაშეს წარმოადგენს. არსებული ცნობების მიხედვით, კომპანიას 2012 წელს 800 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ბრუნვა ჰქონდა.1

– იაკობაშვილი ფოთში შპს „ჩენელ ენერჯის“მფლობელი გახდა (კომპანიას გიბრალტარში რეგისტრირებული Channel Energy (Eire) ფლობს). ეს კომპანია ფოთის პორტში ნავთობტერმინალსა და საწყობებს მართავს; „ჩენელ ენერჯიფოთი“ შპს „ფოთის ტერმინალში“ წილების 32.67 პროცენტს ფლობს.

– იაკობაშვილი ასევე ფლობს კომპანია Future Products-ს. ესაა ენერგო-ლოჯისტიკური კომპანია, რომელიც დაკავშირებულია „ჩენელ ენერჯისთან“და Future Products Company-ის მფლობელობაშია (სეიშელის კუნძულები).

“მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში თავისი აქტივების სამართავად იაკობაშვილი ოფშორულ ჰოლდინგებს იყენებს, იგი თავადაა ამ კომპანიების ოფიციალური დირექტორი. აქედან გამომდინარე, მისი ბიზნესსაქმიანობა გაცილებით უფრო გამჭვირვალეა, ვიდრე საქართველოში მოღვაწე სხვა იმ ბიზნესმენებისა, რომლებიც ოფშორულ ჰოლდინგებს საკუთარი ვინაობის დასაფარად იყენებენ”, – ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ანგარიშში.

ამავე ანგარიშის მიხედვით, ბიზნესგარიგება პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და დავით იაკობაშვილს შორისაც შედგა:

“2012 წლის მარტში ივანიშვილის აგრო-ინდუსტრიულმა კომპანიამ „სტოილენსკაია ნივამ“ რამდენიმე პურის ქარხანა შეიძინა იაკობაშვილის ჰოლდინგ ЗАО Русагропроект-ისგან (რუსული აგრარული პროექტი). იაკობაშვილმა ამ გარიგების შესახებ ინფორმაცია 2012 წელს დაადასტურა, მაგრამ არ გაამხილა გარიგების ზუსტი ღირებულება. ივანიშვილმა შემდეგ „სტოილენსკაია ნივა“ ამერიკაში დაფუძნებულ საინვესტიციო ფირმას Arco International Group-ს მიყიდა, გავრცელებული ინფორმაციით, 180 მილიონ აშშ დოლარად (ეს შემოსავალი პრემიერის დეკლარაციაშიასახული არ არის)”, – ნათქვამია ანგარიშში.

სტუდია „მონიტორისა“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ წარმოებულ გამოძიებაში იაკობაშვილი შპს „ახალი რიყეს“ მეწილედაც იყო დასახელებული. „ახალმა რიყემ“ 2006 წელს თბილისის ცენტრში მიწის ნაკვეთი მერიისგან 7 მილიონ აშშ დოლარად იყიდა. 2008 წელს კი კომპანიამ მიწა მერიას 17 მილიონ აშშ დოლარად უკან დაუბრუნა. თებერვალში იაკობაშვილმა განაცხადა, რომ იგი აღნიშნული ტერიტორიის განვითარებას გეგმავდა, თუმცა გარიგება ჩავარდა და იგი არანაირ კრიმინალურ აქტივობაში ჩართული არ არის.  
აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დღემდე აწარმოებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი