“როსპოტრებნადზორთან” არსებული ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების კონტროლის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ვალერი კატუკოვი ამბობს, რომ ქართული ალკოჰოლური სასმელები რუსეთის ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის პირობებში მოხვდება, ხოლო პროდუქციის ბაზარზე დარჩენის გარანტი ღვინის და კონიაკის ხარისხი იქნება. რა ტექნიკური ბარიერები უნდა გადალახოს ქართულმა ღვინომ რუსეთის ბაზარზე შესვლისას და მოახერხებს თუ არა ახალი ნიშის დაკავებას, – ამ საკითხებზე „ნეტგაზეთი“ ვალერი კატუკოვს ესაუბრა:
ჩემი ჩამოსვლის მიზანია, შევხვდე ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს და ვუთხრა, რომ რუსეთის ფედერაცია დღეს მზად არის მიიღოს ქართული ალკოჰოლური პროდუქცია, რომელიც იქნება ხარიასხიანი და უსაფრთხო. ეს არის პროდუქციის ბაზარზე დაშვების მთავარი საფუძველი. არანაირი შეფერხება ქართულ ალკოჰოლურ სასმელებს რუსეთის ბაზარზე არ შეექმნებათ, თუ პროდუქტი იქნება ხარისხიანი. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის პროდუქციას, ვიმედოვნებ, რომ უკვე ახლოს ვართ ამ საკითხის გადაწყვეტასთან. საქართველოს მთავრობა და რუსეთის მთავრობა უკვე მიუახლოვდა იმ ნიშას, რომ დაიწყოს მოლაპარაკება ამ პროდუქტების რუსეთის ბაზარზე დაშვებაზე. თაფლის შეტანაზე უკვე თანხმობა მიღებულია. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მივდივართ სწორი გზით. პოლიტიკური ასპექტების შეფასებას არ ვაპირებ. იმედი მაქვს, რომ უკვე აგვისტოში ქართული ბოსტნეული და ხორცი რუსეთის ბაზარზე გამოჩნდება.
პრესკონფერენციაზე თქვენ განაცხადეთ, რომ რუსეთის ბაზარზე შესვლისას ყველა ქართულ კომპანიას ერთნაირი სასტარტო პირობები ექნებათ. ხომ არ იყო მცდელობები, რომ ქართულ კომპანიებს ბაზარზე შესასვლელად პირადი კავშირები გამოეყენებინათ?
ყველას ექნება ერთნაირი სასტარტო პოზიცია. ზოგი ცდილობს, პირადი კავშირები და კონტაქტები გამოიყენოს. ყველა მწარმოებელს ექნება ერთნაირი საშუალება რუსეთის ბაზარზე შესასვლელად და თავის უფლებებში არც ერთი არ იქნება შეზღუდული. მაგალითად, თუ ერთი კომპანია ამბობს, რომ ჩემი პროდუქტი უკეთესია და იაფია, ამით მეორეს“ბორბლებში“ „ჯოხს“ ურჭობს. კომპანიამ უნდა დაუმტკიცოს რუს მომხმარებელს, რომ მისი პროდუქციის ხარისხი და ფასი არის საუკეთესო. „როსპოტრებნადზორი“ ქართველ მეღვინეებს ფულს არ გამოსძალავს. მე ქართველი მწარმოებლებისგან არანაირი ფული არ მჭირდება. მე არ ვარ ბინძური ტექნოლოგიების გამოყენების მომხრე. ყველას ექნება თანაბარი კონკურენტული გარემო და ერთნაირი სასტარტო პირობები.
რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „როსპოტრებნადზორმა“კომპანია „ასკანელი ძმების“ კონიაკი დაბლოკა მაშინ, როცა თქვენი უწყების წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტისას ამ კომპანიის ნაწარმის ხარისხი დადებითად შეფასდა. რა მოხდა რეალურად?
„ასკანელი ძმების“ კონიაკი, რომელიც ამ კომპანიამ წარმოადგინა, ეს პროდუქცია საკმაოდ შორს დგას იმისგან, რომელსაც აწარმოებენ „ძმები ასკენელები“. მე არ მინდა ვისაუბრო დეტალებზე და ამ კომპანიის მფლობელი გავანაწყენო, მაგრამ მათ დაუშვეს უპატიებელი შეცდომა, როცა პროდუქცია რუსეთის ბაზარზე სხვა რესპუბლიკის ტერიტორიიდან გადმოტვირთეს მაშინ, როცა პირველადი რეგისტრაცია ხდებოდა. ლაბორატორიული გამოკვლევებით დადგინდა, რომ ეს პროდუქცია არ პასუხობს არც ხარისხს და არ არის უსაფრთხო.

ქართული ალკოჰოლური ნაწარმის ხარისხი რუსეთის ბაზარზე შესვლისას რამდენჯერ შემოწმდება?
ხარისხი შემოწმდება იქამდე, ვიდრე რუსული მხარე არ დარწმუნდება, რომ ხარისხიანი პროდუქცის მოწოდება სტაბილურად მოხდება. მაგალითად მოლდოვა გამოგვადგება. 2006 წლიდან ბაზარზე არც მოლდოვას პროდუქცია იყო დაშვებული. ფალსიფიკაციის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, ჩვენ მათ ერთი ფანჯარა გავუხსენით. როგორც საქართველოს შემთხვევაში, არის „სილიატინა“. ბევრ იმპორტიორს ჰქონდა თავისი აქციზური საწყობები და ტერმინალები. მაგრამ ჩვენ საკითხი ასე დავსვით, ეს იყო გენადი ონიშენკოს პოზიცია. ვიდრე არ იქნება სტაბილური მოწოდება ხარისხიანი და უსაფრთხო პროდუქციისა საქართვლოს მხრიდან, ხარისხის შემოწმება გაგრძელდება. მოლდოვას ნაწარმი უკვე შემოდის ბრიანსკის, სანკტ–პეტერბურგის, ნოვოროსიისკის გავლით. ყველაფერი დროის ფაქტორზეა დამოკიდებული. ქართული ღვინო ლარსიდან შემოდის და რუსეთის ბაზარზე მოსკოვიდან ნაწილდება. თუ რამდენიმე ფანჯარას გავხსნით, ბაზარზე სპეკულაციები მოხდება.
ასევე რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართულ ღვინოს რუსეთის საბაჟოზე პრობლემები შეექმნა. რა ბარიერები ვერ გადალახა ქართულმა ალკოჰოლურმა სასმელმა?
ძირითადი პრობლემა წარმოშობის სერტიფიკატთან დაკავშირებით გაჩნდა. წარმოშობის სერტიფიკატის ხელმომწერი პირის ხელმოწერის ასლი რუსეთის საბაჟო სისტემაში დაფიქსირებული არ იყო. მიმდინარეობს ამ ხელმოწერის ლეგალიზაცია დიპლომატიური გზებით, რის შემდეგაც ეს დოკუმენტი აისახება რუსეთის საბაჟოს სერვერზე. ამ დოკუმენტით ქართული კომპანიები ორმაგ დაბეგვრას თავიდან აიცილებენ. ეს მათ ხარჯებს შეამცირებს. კომპანიის რუსეთის ბაზარზე დაშვებამდე ყველა წესს ვიცავთ. კომპანიის რეგისტრაციის შემდეგ ვიღებთ ტექნიკურ მონაცემებს საწარმოს შესახებ. ამიტომაც ჩამოვიდნენ „როსპოტრებნადზორის“ ექსპერტები საქართველოში. შემდეგ ხდება ღვინის ლაბორატორიული კვლევა. როცა შემოდის ღვინო ბაზარზე, პარტიიდან ხდება ნაწარმის ამოღება და მოწმდება, პასუხობს თუ არა მისი ხარისხი იმ სერთიფიკატს, რომელიც ამ კომპანიის ნაწარმზე ჩვენმა უწყებამ გასცა. თუ პროდუქტის მონაცემები სერთიფიკატის მოთხოვნებს პასუხობს, ქართული ღვინისთვის რუსეთის ბაზარზე გზა ხსნილი იქნება. ქართული ღვინის ტრანსპორტირება სახმელეთო გზით, ავტოტრანსპორტით ხდება. ეს არის ყველაზე იაფი და მოხერხებული გზა ამ ბიზნესისთვის.
რა უნდა გააკეთონ ქართველმა მეღვინეებმა, რომ რუსეთის ბაზარზე ადგილი დაიმკვიდრონ?
ღვინის კომპანიებს ვურჩევ, რომ მოლდოვას მაგალითით იხელმძღვანელონ. თუ მწარმოებელი ასწევს ფასს და ბაზარზე წარმოდგენილ პროდუქციას ფასით გაასწრებს, ქართული ღვინო გაყიდვების კუთხით, იმ ეფექტს ვერ მიიღებს, რასაც ელოდება. მე ალბათ დისტრიბუტორებთან განვადების მეთოდს გამოვიყენებდი. პროდუქტი შეიძლება მოხვდეს რუსეთის ბაზარზე და ის მკვდარი იყოს. მაღაზიებში ქართულმა ღვინომ დისტრიბუტორების დახმარებით თავისი ნიშა უნდა დაიკავოს. პროდუქცია ბაზარზე დაბალი ფასით უნდა შევიდეს. როცა მომხმრებელი შეეჩვევა, კომპანიამ ფასი შემდეგ უნდა ასწიოს. მოლდოველები უკვე ნერვიულობენ და მკითხეს, ქართული ღვინო რუსეთის ბაზარზე ხომ არ შეგვავიწროვებსო? ვუპასუხე: გაიგეთ ისე, როგორც გინდათ, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, რა საფასო პოლიტიკას აირჩევთ–მეთქი.
როგორ შეაფასებთ ქართული ღვინისთვის რუსეთის ბაზარზე არსებულ რისკებს?
რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინისთვის და პროდუქტისთვის რისკები ყოველთვის იარსებებს. არიან კეთილსინდისიერი მეწარმეები, ისეთები, რომლებიც უფრთხილდებიან თავის იმიჯს, გვარს, მარკას. ის არასოდეს არ წავა ფალსიფიკაციაზე. თუ ღვინო იქნება ხარისხიანი, რისკები არ იქნება.








