ეკონომიკა

„ნოვა ტექნოლოჯი“ „საქართველოს ბანკის“ წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს

26 ივნისი, 2013 •
„ნოვა ტექნოლოჯი“  „საქართველოს ბანკის“ წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს

კომპანიის ადვოკატი უჩა ქირია „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ სასამართლოში კარგად დასაბუთებული სარჩელის შეიტანის მიზნით, სათანადო ინფორმაციას ელოდება:„ველოდებით ინფორმაციას, რომელიც სასამართლო დავისთვის არის მნიშვნელოვანი. ვცდილობთ ერთ თვეში დავძრათ  საქმე ადგილიდან და სასარჩელი სასამართლოში შევიტანოთ.“

  

უჩა ქირია განმარტავს, რომ სარჩელის მოტივია „საქართველოს ბანკისთვის“ პრივლეგირებული მდგომარეობის გამოყენების აკრძალვა: „ვგულისხმობ ნულპროცენტიანი საკომისიოს შემოღებას მის კუთვნილ  სწრაფი გადარიცხვის აპარატებზე. შეიძლება არსებობდეს ნულოვანი საკომისიო, მაგრამ ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე ამას შეიძლება ჰქონდეს აქციების სახე და ასე მოიზიდოს მომხმარებელი.“

 

ადვოკატი ამბობს, რომ ნულპროცენტიანი საკომისიო „საქართველოს ბანკმა“ მისი კონკურენტების გასანადგურებლად გამოიყენა:“ბანკის მიზანია, რომ გაკოტრდნენ ბაზრის სხვა მოთამაშეები და მისი ბიზნესი განვითარდეს.“

 

„ნოვა ტექნოლოჯის“ ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ „საქართველოს ბანკმა“ მეტრომანის  შესყიდვების ტენდერში უსამართლოდ გაიმარჯვა:“ამას ემატება ასევე “საქართველოს ბანკისა” და ქალაქ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას შორის საეჭვო ვითარებაში ჩამოყალიბებული მეტრომანის სისტემა, რომელიც გულისხმობს მგზავრობის საფასურის მხოლოდ “საქართველოს ბანკის” ტერმინალების საშუალებით გადახდას. ბაზარზე რამდენიმე პროვაიდერი არსებობდა და მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ასეთი ტენდერი ტარდებოდა.“

 

უჩა ქირია აცხადებს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, სატრანსპორტო კომპანიის ბრუნვა თვეში დაახლოებით 10 მილიონ ლარამდეა, აქედან სამი პროცენტი „საქართველოს ბანკის“ საკომისიოა:“სწორედ ამ რესურსმა მისცა საშუალება „საქართველოს ბანკს“, რომ ნულპროცენტიანი საკომისიო დაეწესებინა და შეექმნა დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე.“

 

 

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ადვიკატის განცხადებით, შესაძლოა დავის საგანი გახდეს, „ნოვა ტექნოლოჯის“ ყოფილი ხელმძღვანელის ბიძინა კოლელიშვილის „საქრთველოს ბანკში“ დასაქმებაა: „ეს ადამიანი გადაიბირა „საქართველოს ბანკმა“. მან ყველა ინსაიდერული ინფორმაცია გაიტანა კომპანიიდან „საქრთველოს ბანკის“ სასარგებლოდ  და ეს პიროვნება ინტერესთა კონფლიქტში შევიდა „ნოვა ტექნოლოჯისთან“. ეს ცალკე დავის საკითხი გახდება.“  

 

 

„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ აზრს მოკლებულია „ნოვა ტექნოლოჯის“ მტკიცება „საქართველოს ბანკის“ მიერ ბაზარზე კონკურენტული გარემოს განადგურების თაობაზე: „როდესაც სწრაფი გადახდის თითქმის ყველა ოპერატორმა ერთდროულად დაუწესა მომხმარებლებს ერთი და იგივე ტარიფი და „საქართველოს ბანკი“ იყო იმ მცირერიცხოვან ოპერატორებს შორის, რომელთაც, სწორედაც რომ მომხმარებლის მიზიდვისა და კონკურენციის გაღვივების მიზნით, გადაწყვიტა მომხმარებელს დაუტოვოს არჩევანის შესაძლებლობა, მობილურის ბალანსის საკომისიო ჰქონდეს 0%. „საქართველოს ბანკს“ არაერთხელ განუცხადებია, რომ მისთვის საინტერესოა მთლიანად სწრაფი გადახდების სერვისის ეფექტურობა მომხმარებელთა კმაყოფილების ფონზე და არა ამ ბიზნესის ცალკეული მიმართულებების მომგებიანობის კონტროლი.“

 

 

2013 წლის 1 აპრილიდან სწრაფი გადახდის აპარატებით მობილური ტელეფონის ბალანსის შევსების საკომისიოს ოდენობა ჩარიცხული თანხის 4 პროცენტით განისაზღვრა. კომპანიებმა საკომისიოს პროცენტი დამოუკიდებლად განსაზღვრეს. ამ დროისათვის  ნულპროცენტიანი საკომისიო მხოლოდ „საქართველოს ბანკის“ სწრაფი გადახდის აპარატებზე მოქმედებს.

 

ადგილობრივ ბაზარზე სწრაფი გადარიცხვის აპარატები ოთხ კომპანიას- „ნოვა ტექნოლოჯის“, „OSPM“–ს. ,  Express pay–ს და „თიბისი pay“ –ის აქვს. კომპანიების  ინფორმაციით, ყოველდღიურად საქართველოში 10 000-ზე მეტი ტერმინალის მეშვეობით  60 000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს. 

 

სწრაფი გადახდის აპარატების მფლობელი კომპანიები აცხადებენ, რომ  „საქართველოს ბანკის“ სწრაფი გადახდის აპარატებზე ნულპროცენტიანი საკომისიოს შემოღების შემდეგ ისინი ფინანსურ ზარალს განიცდიან. 

მასალების გადაბეჭდვის წესი