კვლევის ფარგლებში, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 1 აპრილამდე პერიოდს მოიცავს, საიამ გაცემული პრემიების ოდენობისა და გაცემის წესის შესახებ ინფორმაცია საქართველოს სამინისტროებიდან, კანცელარიიდან, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და პარლამენტიდან გამოითხოვა.
“ადმინისტრაციულ ორგანოთა უმრავლესობაში არ არსებობს წესი, რომლის შესაბამისადაც მოხდება პრემიების გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას არ ახლავს დასაბუთება, რომელშიც მითითებული იქნება, თუ რა მიღწევების და დამსახურების გამო მიიღო ამა თუ იმ პირმა პრემია. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ამასთან დაკავშირებით ზოგადი პრინციპები კანონში გაიწეროს, ხოლო შემდეგ სხვადასხვა უწყებებმა ინდივიდუალური აქტები შეიმუშავონ, რაც პრემიის გაცემის წესს, ასევე, პრემიის ოდენობის ზედა და ქვედა ზღვარებს დაარეგულირებს”, – აცხადებს კვლევის ავტორი გიორგი ნარმანია.
“სიტუაცია იმდენად დაურეგულირებელია, რომ ჩნდება ეჭვი, რამდენად ობიექტურად გასცემენ უწყებები პრემიებს. მაგალითად, შეიძლება რომელიმე სამინისტროში კონკრეტულმა პირმა ერთ თვეში 500 ლარი მიიღოს პრემია, ხოლო მომდევნო თვეში 10 000 ლარი და არ არსებობს ამასთან დაკავშირებით დასაბუთება”, – აცხადებს კველვის კოორდინატორი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი სულხან სალაძე.
კვლევის ავტორებმა საქართველოში გამოკვეთილი შედეგი მსოფლიოს 12 განვითარებული ქვეყნების მაგალითს შეადარეს. საერთაშორისო გამოცდილების თანახმად, ქვედა რგოლის საჯარო მოხელეთა პრემიების ოდენობა მათი ხელფასის 10%–ს არ აღემატება, მენეჯერების და ზედა რგოლის სხვა მოხელეების შემთხვევაში კი, 20%–მდეა. გიორგი ნარმანიას თქმით, საქართველოში ეს რიცხვი გაცილებით მაღალია:
“საერთო ჯამში, პრემიის სახით გაცემული თანხის მიხედვით პირველ ადგილზე თავდაცვის სამინისტროა, მას მოსდევს პარლამენტი და ფინანსთა სამინისტრო, თუმცა ჩვენ არ დაგვითვლია ამ უწყებებში მომუშავე პირთა რაოდენობა, ამიტომ არ გვაქვს მონაცემები, რომელ უწყებაში გაიცემა ერთ პირზე ყველაზე მეტი პრემია”, – განაცხადა გიორგი ნარმანიამ.
მაგალითად, კვლევაში აღნიშნულია, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 1 აპრილამდე თავდაცვის სამინისტროში, ჯამში, გაიცა 5 663 731 ლარი პრემიის სახით, პარლამენტში – 3 041 492 ლარი, ფინანსთა სამინისტროში – 1 537 315 ლარი.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ პრემიების გაცემის წესი დაურეგულირებელია როგორც წინა, ასევე ახალი ხელისუფლების პირობებში და აუცილებელია, რომ ეს საკითხი მოგვარდეს:
“ჯერჯერობით ეს პრობლემა ისევ ისე რჩება, როგორც იყო წინა ხელისუფლების დროს, ჩვენ წინა წლებში გვახსოვს მაგალითები, როდესაც ჯერ საქმე არ იყო გაკეთებული და პრემიას მანამდე იღებდნენ საჯარო მოხელეები, საია ამ საკითხებზე რამდენიმე წელია მუშაობს და ეს გამოცდილება მეტყველებს იმაზე, რომ ამ საკითხს სათანადო სამართლებრივი რეგულაციები აუცილებლად ჭირდება”, – განაცხადა კახა კოჟორიძემ. მისი თქმით, საიას მიერ შემუშავებული რეკომენდაციები შესაბამის უწყებებს გადაეცემათ.