დავით იაკობაშვილის ადვოკატი დიმიტრი გაბუნია აცხადებს, რომ იაკობიძეს კეზერაშვილთან ურთიერთობები არ აქვს და არც მისი ყოფილი ბიზნესპარტნიორია. 

 

დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, ბოლო დროს გავრცელდა მედიაში ინფორმაცია, რომლის თანახმადაც იაკობაშვილი კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორად სახელდება: “არის არაერთი მცდელობა, რომელიც ემსახურება დავით იაკობაშვილის სახელის ასოცირებას გარკვეულ ბიზნესდავებთან, რაც ამჯერად ინიცირებულია ბიზნესმენ თამაზ ნიჟარაძის და საჯაროდ გაჟღერებულია მისი ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის მიერ”.

 

დავით იაკობაშვილი
დავით იაკობაშვილი

დიმიტრი გაბუნია აცხადებს, რომ დავით იაკობაშვილმა “გალფის” აქციები კეზერაშვილისგან იყიდა, თუმცა მისი ბიზნესპარტნიორი არასოდეს ყოფილა. იაკობაშვილის ადვოკატის განცხადებით, ის მიესალმება ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესს, თუმცა მიუღებლად მიაჩნია ამ მიზანს ამოფარებულმა პირებმა მოხდინონ იაკობაშვილის სახელის დისკრედიტაცია.

 

“ხდება იმის ინსინუაცია, რომ ცდილობენ დავით იაკობაშვილი კეზერაშვილთან დააკავშირონ. ხელისუფლება შეიცვალა და უნდათ წარმოაჩინონ, რომ იაკობაშვილმა ფორმალურად წაიღო ეს წილები. დავით იაკობაშვილისნაირ მასშტაბურ პიროვნებას ნამდვილად არ სჭირდებოდა ფორმალური გარიგებები. მან აბსოლიტურად რეალური და სუფთა ტრანზაქციები განახორციელა,” – ამბობს დიმიტრი გაბუნია. 

 

გაბუნია აცადებს, რომ თუ დავით იაკობაშვილის დისკრედიტაცია გაგრძელდა, ის სასამართლოს მიმართავს და პატივისა და ღირსების შელახვისათვის ბიზნესმენ თამაზ ნიჟარაძეს და მის ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძეს უჩივლებს.

 

რა კავშირი აქვს დავით იაკობიძეს დავით კეზერაშვილთან


2012 წლის ნოემბერში “გალფ ჯორჯიას” მენეჯმენტმა სპეცილური განცხადება გაავრცელა, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი არ ირიცხება აღნიშნული კომპანიის აქციონერთა რიგებში. მათივე ცნობით, “გალფში” თავისი წილი გაზარდა ბიზნესმენმა დავით იაკობაშვილმა, რომელიც აშშ-რუსეთის ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტი და რუსეთის მრეწველთა და ბიზნესმენთა კავშირის მმართველი ორგანოს ვიცე პრეზიდენტია.

 

დავით კეზერაშვილი
დავით კეზერაშვილი

ბიზნესმენ თამაზ ნიჟარაძის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ 2013 წლის 30 მაისს “პრაიმ თაიმის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბიზნესმენ დავით იაკობაშვილს, დავით კეზერაშვილისგან ნაყიდ ქონებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა.

 

შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, თამაზ ნიჟარაძეს დავით კეზერაშვილმა წლების განმავლობაში 50 კომპანია წაართვა. სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით, ხაჭაპურიძემ პროკურატურას მიმართა და სარჩელი საქალაქო სასამართლოში შეიტანა: “სანამ კეზერაშვილს ჰქონდა წაღებული ეს ქონება, არავინ არ ედავებოდა. შემდეგ მან ეს ფირმები მიჰყიდა დავით იაკობაშვილს. ის კეზერაშვილს სთხოვს მისცეს ეს კომპანიები, თუმცა მისი კუთვნილი ქონება სასამართლომ დააყადაღა.”

 

შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ კეზერაშვილის მიერ ნიჟარაძისთვის წართმეული ქონების ფასი 50 მილიონ დოლარს აღწევს.

 

დავით იაკობაშვილის ბიზნესთან დაკავშირებულ პრობლემებზე, “ნეტგაზეთისთვის” 2013 წლის 8 მაისს მიცემულ ინტერვიუში საუბრობს პრემიერ–მინისტრის მრჩეველი გია ხუხაშვილი.

 

ხუხაშვილის განცხადებით, იაკობაშვილმა სახელმწიფოს დაუბრუნა კუთვნილი 10 მილიონი აშშ დოლარი, რომელიც უკანონო გზით ერიცხებოდა კეზერაშვილის ერთ–ერთ კომპანიას წლების განმავლობაში.

 

პრემიერის მრჩევლის განცხადებით, რკინიგზაში წლების განმავლობაში მუშაობდა სქემა, რომლის მიხედვითაც დაახლოებით 10 მილიონი დოლარი უკანონოდ ირიცხებოდა კეზერაშვილის კუთვნილ გადამზიდავ კომპანიაში, რკინიგზაში მოქმედებდა ტვირთების გადაზიდვის ორმაგის ტარიფი, ერთი ტარიფი მიდიოდა რკინიგზაში, მეორე – კომპანია “დელტაში”, რომელიც ეკუთვნოდა კეზერაშვილს და ეს ფული ხმარდებოდა “ნაციონალების” ინტერესებს.

 

მას შემდეგ, რაც ბიზნესმენმა იაკობაშილმა ცოტა ხნის წინ შეიძინა ეს ბიზნესი, აღნიშნული 10 მილიონი დაუბრინა რკინიგზას:


“იაკობაშილს მადლობა უნდა გადავუხადო, რადგან მან მას შემდეგ, რაც კეზერაშილისგან იყიდა აღნიშნული კომპანია, საკუთარი სურვილით დაუბრუნდა სახელმწიფოს ის, რაც იყო ამ ბიზნესის არაჯანსაღი ნაწილი.”


დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, დავით იაკობაშვილი საქართველოში კომპანია “გალფს” და “პეტროტრანსს” ფლობს. რაც შეეხება “დელტას” და Outdoor.ge–ს, ამის შესახებ გაბუნია ინფორმაციას არ ფლობს. 

 

დავით იაკობაშვილს პრობლემები აქვს მის მფლობელობაში არსებულ კიდევ ერთ აქტივთან, კაზინო “აჭარასთან” დაკავშირებით.  

 

პოლიტპატიმრის ივა ჩიღვინაძის სარჩელის მიხედვით, სააღმსრულებლო ბიურომ კაზინო „აჭარის“ უძრავი და მოძრავი ქონება 2013 წლის 6 მარტს დააყადაღა. ჩიღვინაძე დავით კეზერაშვილსა და დავით იაკობაშვილს კაზინოს წილების მითვისებაში ადანაშაულებს. 

ჩიღვინაძე აცხადებს, რომ კაზინოს წილი მას შემდეგ ჩამოართვეს რაც პოლიტიკური აქტივობა დაიწყო. მისივე თქმით ის 2009 წელს გაერთიანებულ ოპოზიციაში შევიდა, რის შემდეგაც კეზერაშვილმა და იაკობაშვილმა მისი წილები შეისყიდეს. ჩიღვინაძე აღნიშნავს, რომ თანხა, რომელიც კაზინოში ჰქონდა ჩადებული მილიონობით დოლარს შეადგენდა. 

 

დიმიტრი გაბუნია აცხადებს “კაზინო აჭარაში” იაკობაშვილის ტრანზაქიციის განხრციელების საკითხი გამოსარკვევია: “თუ ბრალდების მხარე ვერ დაგვისაბუთებს მყარი მტკიცებულებებით, რომ ეს ტარნზაქცია იყო უკანონო, ყველა დაისჯება კანონის მთელი სიმკაცრით.”


რაც შეეხება დავით კეზერაშვილს, მას პროკურატურამ ბრალი 2013 წლის 30 იანვარს წაუყენა.


საჯარო მოხელის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის მოთხოვნის და ქრთამის მიღების, ასევე, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ფინანსური პოლიციის ყოფილი უფროსი, დავით კეზერაშვილი ბრალდებულად ცნეს. თუმცა კეზერაშვილმა საქართველო დატოვა. მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს და ისრაელში იმყოფება. 

 

ვინ არის ბიზნესმენი თამაზ ნიჟარაძე 


თამაზ ნიჟარაძის მეუღლის კუთვნილი ავტომობილი, თბილისში, მარაბდის ქუჩაზე 2013 წლის 29 მაისს გამთენიისას აფეთქდა. ნიჟარაძე და მისი ადვოკატი ზურაბ ხაჭაპურიძე ამ ფაქტს, ექსთავდაცვის მინისტრს დავით კეზერაშვილს უკავშირებენ. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 187–ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის განძრახ დაზიანებას ითვალისწინებს.



შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, კეზერაშვილი ნიჟარაძეზე ზეწოლად თავისი მეგობრის სოსო 
მგელაძის მეშვეობით ახორციელებდა: “სოსო მგელაძემ შეუთვალა, რომ გაანადგურებდა ნიჟარაძის ოჯახის წევრებს, განსაკუთრებული აქცენტი ჰქონდა მის  შვილზე, რომელიც სასწავლებლად ინგლისში იმყოფება. ნიჟარაზე იძულებული გახდა, რომ მისთვის ინგლისში დაცვა აეყვანა. სოსო მგელაძე კეზერაშვილის დავალებით ითხოვდა, რომ ნიჟარაძეს საქალაქო სასამართლოდან სარჩელი გამოეტანა”. 

 

30 მაისს სოსო მგელაძემ საპასუხო პრესკონფერენცია “ინტერპრესნიუსის” ოფისში გამართა. ბიზნესმენი იოსებ მგელაძე ბიზნესმენ თამაზ ნიჟარაძეს სასამართლოში უჩივის და პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო მის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს. 

 

თამაზ ნიჟარაძე
თამაზ ნიჟარაძე

 ბიზნესმენ თამაზ ნიჟარაძის სახელმა 2007 წელს ირაკლი ოქრუაშვილის საქმესთან დაკავშირებით გაიჟღერა. ირაკლი ოქრუაშვილისთვის გირაოს სახით შეფარდებული 10 მილიონი ლარიდან  6,5 მილიონი ლარი ქიბარ ხალვაშის კუთვნილმა ,,ინტერნეიშენლ ბილდინგ კომპანიმ” და დარჩენილი 3,5 მილიონი ლარი ბიზნესმენმა თამაზ ნიჟარაძემ გადაიხადა. 


მოგვიანებით, ტელეიმედის “ღია ეთერში” თავდაცვის ექსმინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ მისი გირაოს თანხა სააკაშვილის კარის ბიზნესმენს, ვინმე თამაზ ნიჟარაძეს გადაახდევინეს. ოქრუაშვილისთვის გირაოს გადახდის ფაქტი, თამაზ ნიჟარაძემ “პირველი არხისთვის” მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა. 


რაც შეეხება ნათესაურ კავშირებს , თამაზ ნიჟარაძე პარლამენტის ექს ვიცე-სპიკერ ჯემალ ინაიშვილის დეიდაშვილია. ეს ინფორმაცია ჯემალ ინაიშვილმა რადიო “თავისუფლებისათვის” მიცემულ კომენტარში დაადასტურა.

 

შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, თამაზ ნიჟარაძე ირაკლი ოქრუაშვილს მეგობრულად დაეხმარა: “მინდა გითხრათ, რომ ოქრუაშვილს მისთვის ეს ფული დღემდე არ დაუბრუნებია,” – განაცხადა ხაჭაპურიძემ “პრაიმ თაიმის” პრესკლუბში მედიასთან გამართულ შეხვედრაზე.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *