საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადება, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის მიყიდვასა და ფლობაზე შეზღუდვებს აწესებს, პარლამენტში 2013 წლის 22 აპრილს შევიდა. შეუზღუდავს თუ არა ეს საკანონმდებლო წინადადება, მისი კანონად დამტკიცების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრს საქართველოში მიწაზე საკუთრების უფლებას? – საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა და საქართველოში პირად საკუთრებაში მიწის ნაკვეთებს ფლობს.
პრემიერის მიერ 2012 წლის დეკემბერში შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მის საკუთრებაში საქართველოში მიწის 6 ნაკვეთია, რომლის საერთო ფართობი 97014.4 კვადრატულ მეტრს შეადგენს.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის სახელზე 8 გვერდი და 61 ჩანაწერი იძებნება. ჩანაწერების თანახმად, პრემიერი მიწის ნაკვეთებს ფლობს დაბა ნატანებში, წყნეთში, ბაკურიანსა და ჭორვილაში.
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში მიწის ფლობა საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით გახდა შესაძლებელი.
პარლამენტში შესული საკანონმდებლო წინადადების საინიციატივო ჯგუფს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი პაატა კოღუაშვილი, სამართლის დოქტორი, პროფესორი ანა ფირცხალაშვილი და იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი დავით ჯინჯოლავა წარმოადგენენ. საკანონმდებლო წინადადებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ საქართველოს კანონს რამდენიმე მუხლი ემატება.
ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, უცხოელი, რომელსაც სურს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენა, უნდა ცხოვრობდეს საქართველოში კანონიერად ბოლო 10 წლის განმავლობაში. ჰქონდეს აგრარული განათლება, სოფლად ცხოვრებისა და აგრარული შრომის ხუთწლიანი გამოცდილება, ფლობდეს სასოფლო–სამეურნეო მიწის დანიშნულებისამებრ გამოყენებისთვის საჭირო კაპიტალს.
ამ მუხლით ბიძინა ივანიშვილს მიწის საკუთრებაზე უფლება შეიძლება შეეზღუდოს, რადგან მართალია იგი საქართველოში ბოლო 10 წელია კანონიერად ცხოვრობს, მაგრამ პრემიერ-მინისტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ივანიშვილის ბიოგრაფიის მიხედვით, მას აგრარული განათლება არ აქვს.
უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის მიყიდვის აკრძალვას ყველაზე რადიკალურად პარტია “თავისუფალი საქართველოს”, „ლეიბორისტების“ და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები აპროტესტებენ. თუმცა, ბიძინა ივანიშვილის თემაზე კითხვის დასმის შემდეგ, მათი აზრი რადიკალურისგან შორს დგას.
„თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს საქართველოში მიწის ფლობის უფლება აქვს, რადგან “ეთნიკურად ქართველია”: “ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მაგრამ არის ქართველი. ამ შემთხვევაში შეზღუდვა არ უნდა იყოს.”
“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრია და როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის, მიწის ჩამორთმევის საკითხის დასმა მიუღებელია: “ბიძინა ივანიშვილი ამ კონტექსტში არ განიხილება. ამ ეტაპზე ჩვენ ვითხოვთ, რომ მოხდეს მიწის მიყიდვის მორატორიუმი უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. როცა გამოცხადდება მორატორიუმი, უნდა შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც შეისწავლის- ვის, როგორ, რა ფასში, რა მიზეზით მიეყიდებოდა მიწა.“
თავად პრემიერ-მინისტრმა ამ საკითხზე ერთხელ უკვე ისაუბრა ჟურნალისტებთან და გარკვეული რეგულაციების დაწესების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. ივანიშვილის თქმით, „ნორმალურია, რომ უცხოელი ფერმერები იყვნენ საქართველოში და მათაც მიიღონ მონაწილეობა სოფლის მეურნეობის აღორძინებაში.”
10 აპრილს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მომზადდება კანონი: “მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უცხოელებს აეკრძალებათ ინვესტიციები საქართველოში, თუმცა გარკვეული რეგულაციები დაწესდება.“