ეკონომიკა

„იბერია ავტო ცენტრი:” სახელმწიფოს ქონებას მარკეტინგული გათვლით ვჩუქნით

7 მაისი, 2013 •
„იბერია ავტო ცენტრი:” სახელმწიფოს ქონებას მარკეტინგული გათვლით ვჩუქნით

52170 ლარის ღირებულების 2 ერთული შკოდა ფაბია, 91856,8 ლარის  2 ერთეული ფოლკსვაგენ პასატი, 32275 ლარის ღირებულების შკოდა რუმსტერი, 159740 ლარის ღირებულების 4 ერთეული შკოდა ოქტავია, ფოლკსვაგენ კრაფტერი და ფოლკსვაგენ ტრანსპორტერი, რომლის ღირებულება უცნობია – ეს არის ის ქონება, რომელიც შპს „იბერია ავტო ცენტრმა” 2012 წელს სახელმწიფოს აჩუქა.


დოკუმენტები 2008-2012 წლებში სახელმწიფოსთვის ქონების გადაცემის კონკრეტული მონაცემებით დღეს, 7 მაისს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” გამოაქვეყნა. ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ამ წლებში სახელმწიფოს ქონება აჩუქა, სწორედ შპს „იბერია ავტო ცენტრია.”


 შპს „იბერია ავტო ცენტრის” ხელმძღვანელი პირი დავით ჯოხაძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ სახელმწიფოსთვის ქონების ჩუქება კომპანიისთვის არავის დაუძალებია და მეტიც, მისივე თქმით, კომპანია წელსაც და შემდეგ წელსაც აპირებს სახელწიფოსთვის ქონების ჩუქებას. 

 

“ჩვენი სურვილი იყო  ამის გაკეთება, არავის დაუძალებია. ამას ყოველთვის ვაკეთებდით და გავაგრძელებთ ჩვენ. ვცდილობთ სახელმწიფოს რაღაცით დავეხმაროთ. წელსაც ვაპირებთ, რითაც შეგვიძლია, მომავალ წელსაც. თან, თავად ქარხანაც გვავალდებულებს ამას. ჩვენ ხომ უბრალოდ დილერები ვართ. იმისთვის, რომ პოპულარობა მოიპოვოს კომპანიამ, ამისთვისაც კეთდება. მარკეტინგული გათვლაა ერთგვარი. ბევრ ქვეყანაშია ასე. აი, როგორც ბანერს კიდებ შენი ხარჯით, იგივეა. შეიძლება ერთი მანქანის ღირებულების იყოს რამდენიმე სარეკლამო ბანერი და კომპანიამ გადაწყვიტოს, რომ ასე გააკეთოს რეკლამა,”- ამბობს დავით ჯოხაძე. 


მისივე განმარტებით, კომპანია სახელმწიფოსთვის ქონების ჩუქების შემდეგ აღარ ინტერესდება, საბოლოოდ რომელ უწყებას ან კონკრეტულად ვის გადაეცემა ავტომობილი. 


დღეს გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ სახელმწიფოს ქონება 2008-2012 წლებში ათეულობით კომპანიამ აჩუქა.

მასალების გადაბეჭდვის წესი