ეკონომიკა

ბიზნესმენის იძულებითი საჩუქარი სახელმწიფოს

7 მაისი, 2013 •
ბიზნესმენის იძულებითი საჩუქარი სახელმწიფოს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” დღეს, 7 მაისს, ამ ბიზნესმენებისა და კომპანიების ვრცელი სია გამოაქვეყნა. დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ თამაზ ელიზბარაშვილმა ავტომობილი BMW X5 2011 წელს უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს. ქონების ღირებულება 40400 ლარი იყო.

 

“ნეტგაზეთთან” ინტერვიუში ელიზბარაშვილი ამბობს, რომ მან ეს ნაბიჯი სახელმწიფო მოხელეების მხრიდან ზეწოლის გამო გადადგა და არანაირი სურვილი არ ჰქონდა საკუთარი ავტომობილი გადაეცა სახელმწიფოსთვის. ბიზნესმენი დეტალურად იხსენებს, თუ რა გარემოებები უძღოდა სახელმწიფოსთვის მანქანის ჩუქებას.

 

თამაზ ელიზბარაშვილი, მისი მეგობარი თემო მაჭავარიანი, ელიზბარაშვილის რძალი სალომე ივანიშვილი და რძლის მამა ზურაბ ივანიშვილი 2010 წლის ივლისში დააკავეს ქრთამის მიცემისა და საბუთების გაყალბების ბრალდებით. ოფიციალური ბრალდებით, მათ 2003 წელს ცადეს ფსიქიატრების მოსყიდვა, რათა მათ თამაზ ელიზბარაშვილის პატიმარი შვილისთვის სპეციალური ცნობა დაემზადებინათ, რის საფუძველზე ელიზბარაშვილის შვილი ციხეს დატოვებდა. ის სასჯელს 2000 წლიდან იხდის.

 

თამაზ ელიზბარაშვილი ამბობს, რომ თავად მუდმივად იყო მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციაში, ფინანსურად ეხმარებოდა კიდეც ოპოზიციურ პარტიებს და მათ ორგანიზებულ აქციებშიც მონაწილეობდა. ის სწორედ პოლიტიკურ ანგარიშწორებას უკავშირებს 2010 წელს მის დაკავებას. 

 

ელიზბარაშვილი ამბობს, რომ მის დაკავებას წინ უძღოდა მის კომპანია “ელიზი ჯგუფში” საგადასახადო შემოწმების ჩატარება და  1 300 000 ლარის ჯარიმის დაკისრება, რაც ელიზბარაშვილმა ფინასთა სამინისტროში გაასაჩივრა. როგორც თავად ამბობს, მას დაუკავშირდნენ სამინსიტროდან და მუქარის შედეგად საჩივარი უკან გამოატანინეს. ბიზნესმენი ამბობს, რომ კომპანიაზე ხელისუფლების ზეწლის შესაჩერებლად მან თავისი წილი კომპანიაში თავის შვილს გადაუფორმა, რის შემდეგაც დამფუძნებლებში აღარ ფუგურირებს.

 

თამაზ ელიზბარაშვილს, მეგობრებსა და რძალს მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებოდათ, რაც, ელიზბარაშვილის განცხადებით, გახდა მიზეზი იმისა, რომ მან გირაოს სახით 6 მილიონი ლარი გადაიხადა. როგორც თავად იხსენებს, ამ ნაბიჯის გადადგმა ციხეში მასზე განხორციელებულმა ფიზიკურმა შეურაცხყოფამ და რძლისადმი მიმართულმა გაუპატიურების მუქარამ გადაადგმევინა. მათ საპატიმრო 2010 წლის დეკემბერში, დაკავებიდან რამდენიმე თვეში დატოვეს. პროკურატურამ კი სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, საქმის განხილვა გონივრული ვადით გადადებულიყო. 

 

ელიზბარაშვილი იხსნეებს, რომ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ მან მოიკითხა ორი ავტომობილი, რომლებიც მისი დაპატიმრების შემდეგ პროკურატურის ავტოსადგომზე იმყოფებოდა. როგორც თავად ამტკიცებს, პროკურორმა გიორგი მიქაიამ მას უთხრა, რომ ორივე ავტომობილი სახელმწიფოსთვის უნდა ეჩუქებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კვლავ დაპატიმრებით დაემუქრა.

 

“მათ შევეწინააღმდეგე და ვუთხარი, რომ ასე დამცირებას ციხეში წასვლა მერჩივნა. ამის შემდეგ დამიყოლიეს, რომ ერთი ავტომობილი მაინც მეჩუქებინა სახელმწიფოსთვის. დამაწერინეს ცინიკური განცხადება, რომ აღნიშნულ ავტომობილს მადლიერების ნიშნად ვჩუქნიდი სახელმწიფოს. როგორ წარმოგიდგენიათ, რამდენად ვიქნებოდი მადლიერი სახელმწიფოსი, რომელმაც მე და ჩემი ოჯახის წევრები დაგვაპატიმრა და 6 მილიონი გირაო გადაგვახდევინა?” – განუცხადა “ნეტგაზეთს” თამაზ ელიზბარაშვილმა. ის ამჟამად ელოდება სპეციალური კომისიის შექმნას მთავარ პროკურატურაში, რომელმაც უნდა შეისწავლოს მოქალაქეების მიერ სახელმწიფოსთვის ქონების ჩუქების კანონიერების საკითხი.

 

რაც შეეხება ელიზბარაშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ დაწყებულ საქმეს, სასამართლოში მისი განხილვა 2012 წლის 18 ოქტომბერს განახლდა და ამ დრომდე გრძელდება. ელიზბარაშვილის თქმით, პროკურორის ცვლილების მიუხედავად, პროკურატურა ბრალდების პოზიციას არ ცვლის და კვლავ ძველი ბრალდებით განაგრძობს დავას. ელიზბარაშვილი ამბობს, რომ ახალი ხელისუფლების მხრიდან მოელოდა, რომ მის წინააღმდეგ ბრალდება საერთოდ შეწყდებოდა, თუმცა, ეს ასე არ მოხდა, რის გამო იმედგაცრუებულია. თუმცა დარწმუნებულია, რომ სასამართლოში შეძლებს თავის და საკუთარი ოჯახის წევრების უდანაშაულობის დამტკიცებას.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი