ეკონომიკა

სარეზერვო ფონდის ხარჯვა პრემიერის ხელმოწერით

23 აპრილი, 2013 • 1006
სარეზერვო ფონდის ხარჯვა პრემიერის ხელმოწერით

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 5 555 556 ევროს ეკვივალენტი ლარი გადაეცა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. ბრძანებაში შემდეგი საფუძველია მითითებული: 2013 წლის 2 იანვარს, ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, კომპანია Karmer Marble Tourism Construction Industry and Commerce-ს შორის გაფორმებული მორიგების“ ხელშეკრულების საფუძველზე, 2012 წლის 9 აგვისტოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით” წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვა. 


ამ კომპანიასთან საარბიტრაჟო სასამართლოში წარმოებული დავის სხვადასხვა ეტაპზე სხვა თანხაც არის გამოყოფილი. ასე, მაგალითად, საქართველოს სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფისა და მისი ინტერესების ეფექტიანად დაცვის მიზნით, აგრეთვე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე იურიდიული კონსულტაციის გამწევი კომპანიის შესარჩევად, სარეზერვო ფონდიდან მთავრობამ გამოყო 640 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. თანხა შემდეგნაირად გადანაწილდა: 590 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით სამინისტრომ შეარჩია იურიდიული კომპანია, რომელიც ქვეყნის ინტერესებს დაიცავს, ხოლო 50 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი დაიხარჯა “Karmer Marble Tourism Construction Industry and Commerce საქართველოს წინააღმდეგ” საქმესთან დაკავშირებით გახსნილ აკრედიტივზე (ხელშეკრულებით გათვალისწინებული გასამრჯელო) თანხის დამატების მიზნით.


პრემიერ-მინისტრის კიდევ ერთი განკარგულებით ჩანს, რომ საქართველო სარგებლობს კომპანია „White & Case“-ის იურიდიული მომსახურებით საქმეში, „Karmer Marble Tourism Construction Industry and Commerce საქართველოს წინააღმდეგ”. ივანიშვილის ბრძანების თანახმად, „White & Case“-ის მომსახურებისთვის საქართველოს მთავრობას 708 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი აქვს გამოყოფილი. საქართველომ „Karmer Marble Tourism Construction Industry and Commerce”-თან წარმოებული დავის გამო, 2013 წლის პირველ სამ თვეში, ჯამში, 5 555 556 ევრო და 1 348 000 დოლარი დახარჯა. 


ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

რა საქმიანობას ეწეოდა Karmer Marble Tourism Construction Industry and Commerce საქართველოში? ქართულ საძიებო სისტემაში ამ კომპანიის საქმიანობის შესახებ არაფერი მოიპოვება. იუსტიციის სამინისტროს პრესცენტრში განმარტეს, რომ ამ კომპანიასა და საქართველოს სახელმწიფოს დავის არსზე, უახლეს დღეებში მოგვაწვდიან ინფორმაციას.


საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან იუსტიციის სამინისტროს 29 141 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარიც გადაეცა. ბრძანებულებაში ამ თანხის დახარჯვის მიზანი ასეა ჩამოყალიბებული: “მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2011 წლის 1 აპრილს გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძველზე, რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის ფარგლებში, სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად მისაღები ზომების, მათ შორის, რუსეთთან ორმხრივ მოლაპარაკებებთან დაკავშირებული იურიდიული მომსახურების კომპანია „Foley Hoag“-ის მომსახურების შესყიდვა”.


საქართველოს მთავრობიდან “ბათუმელებისთვის” მოწოდებული დოკუმენტების თანახმად ირკვევა, რომ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს წინაში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შემდეგ, ყველაზე ბევრი თანხა სარეზერვო ფონდიდან შეხვდა საერთო სასამართლოებს. 


პირველ კვარტალში, ბიძინა ივანიშვილის განკარგულებით, სარეზერვო ფონდიდან სასამართლოებისთვის 3 550 000 ლარი გამოიყო. განკარგულების თანახმად, ამ ფულით ქვეყნის სხვადასხვა სასამართლოს დარბაზები ვიდეოჩამწერი აპარატურით აღიჭურვა. ჩამწერი აპარატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოს დარბაზებშიც დამონტაჟდა. ახალი კანონით სასამართლო პროცესების ჩაწერა სავალდებულოა. 


სარეზერვო ფონდიდან 700 ათასი დოლარის ეკვივალენტი ლარი შეხვდა საქართველოს მთავრობის კანცელარიასაც. ბიძინა ივანიშვილის ხელმოწერილ განკარგულებაში წერია: „ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის შეუფერხებელი და თანმიმდევრული განხორციელების მიზნით აუცილებელი მომსახურების შეძენის ხარჯების დასაფინანსებლად“. 


იმავე მიზნით 380 000 ევროს ეკვივალენტი ლარი სარეზერვო ფონდიდან მისცეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსაც. ამ თანხით აპარატს დაევალა სათანადო ღონისძიებების მაღალ დონეზე მომზადება. 19 აპრილს “ნაციონალური მოძრაობის”, ანუ ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური ძალის მიერ თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე, რომელსაც სხვადასხვა მონაცემით 10-12 ათასი ადამიანი ესწრებოდა, მთავრობას, ძირითადად იმის გამო აკრიტიკებდნენ, რომ მან გადაუხვია ევროპულ გზას და ქვეყანაში რუსული გავლენის ფარულად დამკვიდრებას ცდილობს.


ბიძინა ივანიშვილის განკარგულებით, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხა 1,980 მილიონი ლარი შეხვდა აჭარის მთავრობასაც. ამ თანხიდან 480 ათასი ლარით აჭარის მთავრობამ დააფინანსა მოსახლეობიდან 6 ათასი ტონა ენესის მანდარინის შესყიდვა. დარჩენილი მილიონნახევარი ლარიდან 375 ათასი ლარი იმავე მიზნით გადაურიცხა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს. თანხის ნაწილი კი 3 ათასი ტონა ენესის თუ სტანდარტული მანდარინის შეძენაზე დაიხარჯა. 


სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა თანადაფინანსება იყო იმ ქარხნებისთვის, რომლებიც მოსახლეობიდან მანდარინი შეისყიდეს. მთავრობამ ამ გზით სცადა გადაეწყვიტა მანდარინზე არსებული დაბალი ფასის პრობლემა (ქარხნების მიერ შესყიდულ სხვადასხვა კატეგორიის კილოგრამ მანდარინზე ბიუჯეტიდან 8-10-12 თეთრი დაამატეს). 


საქართველოს რეგიონებს შორის აჭარასთან ერთად სარეზერვო ფონდიდან თანხა შეხვდა სვანეთსაც. ბიძინა ივანიშვილის განკარგულებით, „მესტიის მუნიციპალიტეტში სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარებასთან დაკავშირებით, შპს „MESTIA RESORTS“-ის ფუნქციონირების და არსებული ვალდებულებების დაფარვის მიზნით“, ფონდიდან 430 000 ლარი გამოიყო. 


მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხა – 310 460 ლარი შეხვდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს. განკარგულების თანახმად, ეს ფული „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრებიდან 35 წლისთავისა და დაბადებიდან 80 წლის იუბილეს აღნიშვნასთან დაკავშირებით“ გამოიყო. 


გასულ წელს პატრიარქის იუბილესთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება პრეზიდენტის ფონდიდან დაფინანსდა. მიხეილ სააკაშვილმა შარშან ამ მიზნით მთლიანობაში 741 ათასი ლარი გამოყო. მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მინიმალური თანხა – 57 640 ლარი, დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატის ლიკვიდაციისთვის დაიხარჯება. 


ბიძინა ივანიშვილის ხელმოწერილი დოკუმენტებიდან საქართველოს მოქალაქეს მხოლოდ ერთ-ერთი განკარგულება უკავშირდება. ამ განკარგულებაში წერია: „2012 წლის დეკემბერში კრივში ჩატარებული ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის პრიზიორის, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები გუნდის წევრის ზაალ კვაჭატაძის, ნაკრები გუნდის მწვრთნელებისა და საექიმო პერსონალის ფულადი პრიზებით დაჯილდოების მიზნით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გამოეყოს 11 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.


2009 წლამდე, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხები უნდა დაეხარჯათ ისეთი მნიშვნელოვან შემთხვევებზე, როგორიცაა ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფები, აგრეთვე შეიძლებოდა დაეფინანსებინათ სხვა გაუთვალისწინებელი სახელმწიფო გადასახდელები.


2009 წლის შემდეგ ტერმინები – “ბუნებრივი და სხვა კატასტროფები“ კანონიდან ამოიღეს და დარჩა მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელები.

მასალების გადაბეჭდვის წესი