ეკონომიკა

კომერციული ტვირთების ბაზარი ისევ მონოპოლისტის ხელშია

25 მარტი, 2013 • • 1530
კომერციული ტვირთების ბაზარი ისევ მონოპოლისტის ხელშია

„საქართველოს ფოსტის“ პრესსამსახურში ადასტურებენ, რომ ამ დროისათვის კომერციული ტვირთების ბაზარზე მხოლოდ ეს კომპანია ოპერირებს:

 

„შემოსავლების სამსახურსის მიერ გაწერილ კრიტერიუმებს მხოლოდ ჩვენ ვაკმაყოფილებთ. თუ სხვებიც შემოვლენ ბაზარზე, კონკურენცია გაიზრდება“.  

 

ლია ბუაძე თურქეთიდან პროდუქციის იმპორტს 10 წელია ახორციელებს:

 

„თებერვლიდან საქართველოს ფოსტით ვსარგებლობ. მანამდე კერძო კომპანია ახდენდა ტვირთის ჩამოტანას. ფასზეც შეგვეძლო მოლაპარაკება. ახლა ფიქსირებული ფასია 1 კილოგრამზე 2,5 დოლარი. თუ რამის შემოტანა გინდა, ფოსტით უნდა გადმოზიდო.“

 

კომპანია „სტარ გრუპის“ ხელმძღვანელი თეა მაჭავარიანი ამბობს, რომ ფინანსთა სამინისტრომ და შემოსავლების სამსახურმა მისი კომპანიის საქმიანობა ბაზარზე ხელოვნურად შეზღუდა, რითაც სერიოზული ფინანსური ზარალი განიცადა:

 

„ამ დროისათვის კომერციული ტვირთების გადაზიდვას მხოლოდ „საქართველოს ფოსტა“ ახორციელებს. 2013 წლის 6 თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა ხუციშვილმა ბრძანება გამოსცა, იძულებული გავხდით ბაზარი დაგვეტოვებინა.“

 

2012 წლის ნოემბერში ფინანსთა სამინისტრომ და შემოსავლების სამსახურმა მცირე და საშუალო გადამზიდავ კომპანიებს ბაზარი გაუხსნა.

 

შემოსავლების სამსახურის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა შემოსავლების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე  განაცხადა, რომ „კარგი გადაზიდვებისათვის ბიზნესის წარმოების სივრცე თავისუფლდება. შემოსავლების სამსახური ბიზნესის წარმოების საერთო პირობებს აყალიბებს, რაც გამორიცხავს მონოპოლიებს“.

 

თეა მაჭავარიანის თქმით, შემოსავლების სამსახურის განცახდების შემდეგ „სტარ გრუპმა“ ოფისები გახსნა და საქმინობა დაიწყო:

 

„2012 წლის ოქტომბრის მერე დავიწყეთ მუშაობა. ვახორციელებდით ტვირთების გადაზიდვას აზერბაიჯანიდან. ხდებოდა განბაჟება გეზში და შემდეგ პატრონს ვაბარებდით. დეკემბერში დაგვიბარეს საბაჟოზე, გეზში და გვითხრეს, რომ ჩვენთვის იქმნება სპეციალური პროგრამა, რომლითაც მუშაობს “საქართველოს ფოსტა”. კონკურენტუნარიანი რომ იყოთ, შემოსავლების სამსახურის სერვერს უნდა მიუერთდეთო.  შევიძინეთ  კომპიუტერები, ტექნიკა. სერიოზული მუშაობა უნდა დაგვეწყო. იანვარში როცა ვიკითხეთ, რომ პროგრამა როდის იქნებაო, გვითხრეს, რომ არანაირი პროგრამა არ იქნება, თქვენ დაწერეთო. ჩვენ პროგრამა შევიძინეთ, მაგრამ შემოსავლების სამსახურმა მისი დატესტვა არ მოახდინა და, შესაბამისად, 2013 წლის 13 თებერვლიდან ბაზარზე საქმინობა შეგვეზღუდა.“  

გადამზიდავი კომპანიის მფლობელის განცხადებით, მისი საქმიანობა ბაზარზე ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის მიერ 2013 წლის 25 იანვარს გამოცემულმა #30 ბრძანებამ და შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის ლაშა ხუციშვილის მიერ 2013 წლის 6 თებერვალს მიღებულმა განკარგულებამ შეზღუდა.

 

ფინანსთა მინისტრის მიერ 2013 წლის 25 იანვრის 30–ე ბრძანებულების მე-16 მუხლის თანახმად,  „სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის შეფუთვის, მარკირების, გაფორმების ორგანოში წარდგენის, გაფორმების დასრულების მიზნით პროგრამული უზრუნველყოფისა და ინფორმაციის ელექტრონული გაცვლის წესი განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.“

 

შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 6 თებერვლის ბრძანებით, გადამზიდავმა კომპანიამ უწყებაში სპეციალური პროგრამა  უნდა წარადგინოს. უწყებამ პროგრამა უნდა დატესტოს, მიუერთოს საკუთარ სერვერს და გადამზიდავს სპეციალური კოდი უნდა მიანიჭოს, რის შემდეგაც კომპანიის მიერ განხორციელებული გადაზიდვების კონტროლი ელქტრონულად მოხდება. 

 

არც ფინანსთა მინისტრის და არც შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებებში პროგრამის წარდგენის, დატესტვის და სპეცილური კოდის მინიჭების ვადები გაწერილი არ არის.

 

კომპანია „სტარ გრუპის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ შემოსავლების სამსახურში სპეციალური პროგრამა სამი კვირი სწინ წარუდგინა: „პროგრამა ტესტირების რეჟიმშია, სიგნალს ვიღებთ სერვერიდან, მაგრამ შემოსავლების სამსახურმა სპეციალური კოდი არ მოგვანიჭა და ამიტომ საქმიანობას ვერ ვიწყებთ. “   

 

შემოსავლების სამსახურის პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ გადამზიდავი კომპანიები  რეგულაციებს თუ დააკმაყოფილებენ, მიიღებენ დაშვებას სერვერზე და, შესაბამისად, ბაზარზეც დაბრუნდებიან:

 

„ფინანსთა მინისტრის ბრძანებით მომზადდა რეგულაციები და გაიწერა შემდგომ შემოსავლების სამსახურის პროტოკოლით.  ამ პროტოკოლის ქვეშ უნდა მომზადდეს პროგრამა. სახელმწიფომ რისკების მინიმიზაცია განახორციელოს. ასეთი ტვირთები მაღალი რისკის შემცველია და უნდა მოხდეს რისკების შემცირება. ჯერჯერობით არც ერთ გადამზიდავს პროგრამა არ წარუდგენია. შემოსულია მხოლოდ  სამი განცხადება, რომ უნდათ სერვერზე მიერთება. „საქართველოს ფოსტამ“ მოამზადა პროგრამა და მხოლოდ ის ახორციელებს გადაზიდვებს. თუ წარმოადგენენ პროგრამებს, მათი დატესტვა უპრობლემოდ მოხდება. “  

 

„ნეტგაზეთმა“ შეკითხვით მიმართა ფინანსთა სამინისტროს, თუ რატომ ჭინურდება მცირე და საშუალო  გადამზიდავი კომპანიების ბაზარზე დაშვება, მათი პროგრამების დატესტვა და სერვერზე მიერთება. სამინისტროდან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

 

ვაჭრობისა და გადამზიდავთა ასოციაციის ხელმძღვანელი ზაზა ჯიაძე ამბობს, რომ ფინანსთა მინისტრი გადამზიდავ კომპანიებს პრობლემების მოგვარებას დაპირდა:  

“პრობლემა დროებით მოგვარდა. ის ტვირთები, რომლებიც გზაში იყო ბრძანების გამოცემამდე, მინისტრთან პირადი სატელეფონო საუბრებით მოგვარდა. მაგრამ ძირითადი პრობლემა ის არის, რომ გადამზიდავი კომპანიები ბაზარზე ვერ ბრუნდებიან და არც არავინ გვცემს პასუხს, ეს რა ვადებში მოხდება. ბრძანებებში ვადები გაწერილი არ არის. შემოსავლების სამსახურში გვიპასუხეს, გვაჩვენეთ ბრძანებაში ვადები: რა ვადებშიც გვინდა, იმ ვადებში დაგიტესტავთო.“

 

გადამზიდავი კომპანიების უფლებებს სასამართლოში ადვოკატი  ვალერი გელბახიანი  იცავს. ადვოკატი აცხადებს, რომ სახელმწიფო არღვევს კონსტიუტუციის 30–ე მუხლს და ბაზარზე კერძო კომპანიების საქმინობას ზღუდავს:

 

„სარჩელი სასამართლოში შევიტანეთ თებერვალში, 5 მარტს დაინიშნა საქმის არსებითი განხილვა. სასამართლოს ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურების მიერ გამოცემული ბრძანებების შეჩერებას ვთხოვდით. სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი, საქმე გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში. მაგრამ შემდეგ საქმე გამოვითხოვეთ უკან. სააპელაიცო სასამართლო არც იხილავს საქმის მასალებს და არც უკან გვიბრუნებს. გადამზიდავები იღებენ ფინანსურ და მეტერიალურ ზიანს, მათთვის ყოველი დაგვიანებული დღე არის სერიოზული ზარალის მომტანი.“

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი 2012 წლის 5 ოქტომბერს ბიზნესს მონოპოლიების შეზღუდვას და საქმინობის ხელშეუხებლობას დაპირდა:  

 

„მაქსმიმალური მცდელობა იქნება ჩვენი მხრიდან და მე გარანტიაც მივეცი, რომ ხელისუფლება და ჩინოვნიკები არ ჩაერევიან კერძო ბიზნესში და რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოფ კერძო საკუთრების დაცვას, რომ ჩინოვნიკმა კანონის ავლით მასში ჩარევა ვერ მოახერხოს. ეს უნდა იყოს იყოს სწორი ეკონომიკის საფუძველი და ასევე, საფუძველი იმ უბედურების წინააღმდეგ, რასაც უმუშევრობა ჰქვია“.

მასალების გადაბეჭდვის წესი