„PSP“-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნათია ხაბეიშვილი ამბობს, რომ პრემიერის განცხადება მისი შესაფასებელი არ არის:

 

„ვფიქრობ, ეს ჩემი შესაფასებელი არ არის. ბაზარზე ახალი მოთამაშის შემოსვლა არ არის სენსაციური მოვლენა. ეს პერიოდულად შეიძლება მოხდეს. ყოფილა, რომ ბაზარზე ახალი მოთამაშეები შემოსულან. ზოგი გასულა და ზოგი დარჩენილა. ეს რადგან პრემიერ-მინისტრის მხრიდან გაჟღერდა, ამან გამოიწვია აჟიოტაჟი, თორემ ბაზარზე მოთამაშეები იცვლებიან და ამაში რაღაც განსაკუთრებულს ჩვენ ვერ ვხედავთ.“

 

ნათია ხაბეიშვილს არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი ბიზნესჯგუფი დაიწყებს ფარმაცევტულ ბაზარზე ოპერირებას: „ვინ შემოვა ბაზარზე, არ ვიცით, მაგრამ ეს გამოიწვევს კონკურენციის გაზრდას და მომხმარებელი დარჩება მოგებული.“

 

„ჯიპისის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის თეა ჯავახიშვილის განცხადებით, კომპანიის დამოკიდებულება ბაზარზე შემოსული ახალი მოთამაშის მიმართ იქნება პოზიტიური:  

 

„რაც უფრო ჯანსაღი და მეტი კონკურენცია იქნება ბაზარზე, ეს დარგის განვითარებას უწყობს ხელს. უფრო მეტი მოტივაციაა, რომ საინტერესო პროექტები შესთავაზო მომხმარებელს. მოსახლეობა უფრო მეტ სარგებელს მიიღებს და კომპანიები მარკეტინგულად გააქტიურდებიან.“  

 

თეა ჯავახიშვილი ბაზრის მოთამაშეებზე რაიმე ზეწოლას გამორიცხავს:  „ამაზე საუბარი გამორიცხულია. თუნდაც ორი მოთამაშე შემოვიდეს ან სამი, ეს გაცილებით უკეთესი იქნება ნებისმიერ დარგში მონაწილე კომპანიისათვის.“ 

 

პრემერ-მინისტრის განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებენ კომპანია „ავერსში“. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ „ავერსის“ ხელმძღვანელი პაატა კურტანიძე საქართველოში არ იმყოფება.

 

ბიძინა ივანიშვილმა ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ მონოპოლიებზე  „ქორთიარდ მარიოტში“ ბიზნესთან პირველ შეხვედრაზე 2012 წლის 5 ოქტომბერს ისაუბრა. მან განაცხადა, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე არსებობდა შეზღუდვები მედიკამენტების იმპორტზე, რაშიც „ავერსის“ მფლობელი პაატა კურტანიძე არ დაეთანხმა.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 14 მარტს რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების დაწევა ახალი მოთამაშის შემოყვანის გზით მოხდება. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას უკვე ჰქონდა მოლაპარაკება გარკვეულ ჯგუფთან, რომელმაც შესაძლოა ქვეყანაში საყოველთაო მოხმარების წამლები შემოიტანოს: 

 

“მე უკვე მქონდა მოლაპარაკება ცნობილ ბიზნესმენთან, ჩემს მეგობართან, ჩემი ნაცნობია ძველი. იქნებ ფართო  მოხმარების წამლებზე მოვახერხოთ ფასის შემცირება. ძირითადი დასახელება რაც არის, მოვახერხოთ მკვეთრად ფასების დაწევა. რაც კიდევ უფრო გაუიოლებს მოსახლეობას, მიხედოს საკუთარ ჯანმრთელობას,” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

 

„ახალი მემარჯვენეების“ ეკონომიკური მიმართულების ექსპერტი ლევან კალანდაძე ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადება გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს, თუმცა თავისთავად ფაქტი, რომ საქართველოს ბაზარზე შეიძლება გამოჩნდეს ახალი მოთამაშე, კარგია:

 

„რამდენად კარგია, როცა ამ განცხადებას პოლიტიკოსი აკეთებს და აპელირებს მეგობრობის მომენტზე? ტრაგედიას ამაში ვერ ვხედავ, თუ ბაზარზე თამაშის წესები ბიზნეს–სტრუქტურებს შორის იქნება სამართლიანი, იქნება კონკურენტული გარმო შექმნილი, გარკვეული პრეფერენციებით არ ისარგებლებენ ბიზნესები იმის გამო, რომ რომელიღაც მეწარმე პრემიერთან ან სახელისუფლებო წრეებთან დაახლოებულია.“

 

ლევან კალანდაძის განცხადებით, ეს საფრთხე იმ შემთხვევაში აღმოიფხვრება, თუ სისტემა იქნება მდგრადი და სახელმწიფოს მიერ ადმნისტრირების ნაწილში ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა სრულფასოვანად ამოქმედება: 

 

„წარსული გამოცდილება უკავშირდება წინა ხელისუფლების მიერ დამკვიდრებულ გარკვეულ ნეგატიურ პრაქტიკას, ამასთან დაკავშირებით პრემიერის განცხადება საზოგადოებაში აჩენს გარკვეულ ეჭვს და ექსპერტულ წრეებში  კითხვებს. გარკვეულ რისკებს ვხედავთ ამ თვალსაზრისით და ვიცით, რომ  ბაზარზე რეგულაციები სრულფასოვნად არ არის ამოქმედებული. მხედველობაში მაქვს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა. ამიტომ შეიძლება ვიღაცის მეგობრობამ სახელისუფლებო წრეებში მყოფ პირებთან ნეგატიური გავლენა მოახდინოს ბაზრის განვითარებაზე.“

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *