“დექსუსის” პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ხელშეკრულება 1 მარტიდან შეწყდა, რაც კომპანიისთვის მოულოდნელად განხორციელდა, თუმცა ამ ეტაპზე კომპანიაში ამ საკითხზე მეტი დეტალების შესახებ არ საუბრობენ.
“ცენტრ პოინტის” 50%-იანი წილის მფლობელი მაია რჩეულიშვილი ამბობს, რომ ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ მან კომპანია “დექსუსს” ორი კვირით ადრე აცნობა:
“ორი კვირის წინ მივწერე წერილი “დექსუსის” ბიჭებს. ძალიან მადლობელი ვარ კომპანიის, იმ ნაწილში, რასაც ჰქვია ფინანსური მართვა. ფინანსური ინსტიტუციის ჩამოყალიბება შეძლეს შესანიშნავად. მე მქონდა 30 000 ათასი კვადრატული მეტრი კომერციული ფართი, რომელიც არ იყო გაყიდული. მე “დექსუსის” ბიჭებს ვუთხარი, რომ ვისაც აქვს შემოტანილი მინიმალური თანხა -15 ათასი, ან 10 ათასი, მოდი, ეს ხალხი დავაკმაყოფილოთ და ამისი ადეკვატური ფართი გავცეთ ხალხზე. მინდა ხალხი იყოს ბედნიერი. თუ ბინათმშენებლობის გაგრძელება მოუნდებათ, გავუგრძელოთ ახალი კონტრაქტის პირობებით. ბიჭები, როგორც ფინანსისტები და არა როგორც დეველოპერები, ამ წინადადებაში ვერ წამომყვნენ. მინდოდა მომესპო უკმაყოფილოთა რაოდენობა, რაც შეადგენს 705 კაცს. დანარჩენი ყველა პროცესი მიდის მშენებლობის,” – აცხადებს მაია რჩეულიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში.
მაია რჩეულიშვილის განმარტებით, ის იძულებული გახდა კომპანიასთან ხელშეკრულება გაეწყვიტა:
“მე პირნათლად შევასრულე ყველაფერი ბიჭებთან და დროული იყო ხელშეკრულების გაწყვეტა. ყველა ვალდებულებას “ცენტრ პოინტი” გააგრძელებს.”
მაია რჩეულიშვილი აცხადებს, რომ “დექსუსთან” ხელშეკრულების გაწყვეტის გამო მან სოლიდური პირგასამტეხლო გადაიხადა. რჩეულიშვილი პირგასამტეხლოს თანხის დასახელებისაგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება კონფიდენციალურია და დეტალებს ვერ გაამჟღავნებს, თუმცა, “ნეტგაზეთის” წყაროს ცნობით, პირგასამტეხლო დაახლოებით ნახევარ მილიონს შეადგენს.
“ცენტრ პოინტმა” “დექსუსთან” ხელშეკრულება საკონტრაქტო ვადის ამოწურვამდე 10 თვით ადრე გაწყვიტა. “დექსუსი” “ცენტრ პოინტში” მართვის უფლებით 2010 წლის სექტემბერს შევიდა, როდესაც ამ კომპანიას მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის კუთვნილი წილები მართვისა და განკარგვის უფლებით გადაეცა.








