შეგახსენებთ, რომ შეერთებული შტატები 1 მარტს ისევ აღმოჩნდება ფისკალური საფრთხის წინაშე – შეთანხმების გარეშე ავტომატურად ამოქმედდება ეკონომიის რეჟიმი. თუმცა როგორც  ამერიკელებს ჩვევიათ, ისინი ბოლო წუთზე იღებენ გადაწყვეტილებას. ამიტომაც ინვესტორები უკვე ერთგვარი ირონიით უყურებენ მიმდინარე პროცესებს. ამის დამადასტურებელია დოლარის  ჯანსაღი არსებობა ჩავარდნების გარეშე და ერთგვარი გაძლიერებაც კი, მით უმეტეს, მაშინ, როცა ევროპაში  რეცესიის ფონზე მატულობს მოსახლეობის უკმაყოფილება და შიშით ელოდებიან საბედისწერო იტალიის არჩევნების შედეგებს.

 

ახალი პრობლემები გაუჩნდა მიმდინარე „სავალუტო ომის“ ინიციატორს და ლიდერს იაპონიას. ერთგვარი წარმატებების პარალერულად მისი სავაჭრო ბალანსის დეფიციტმა  შეადგინა რეკორდული 17 მილიარდი დოლარი. ეს, რასაკვირველია, პირველ რიგში მსოფლიო კრიზისის გამოძახილია, რასაც დაემატა დაძაბული ურთიერთობის გამო შემცირებული ექსპორტი ჩინეთში და ფუკუსიმას ავარიის შედეგად იძულებით გაზრდილი  ენერგო-ნედლეულის იმპორტი.

 

ძალიან საინტერესო მოვლენები იკვეთება ნავთობის ბაზარზე. მეორე კვირაა ნავთობის ფასი სტაბილურად იკლებს და განაგრძობს დაღმავალ ტრენდს. 

 

ეს ვარდნა, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, გრძელვადიანია და ერთი მხრივ, განპირობებულია  დოლარის გამაგრებით, ხოლო მეორე მხრივ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, გლობალური ეკონომიკის შენელებით.  ამას ემატება არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი: ეკონომიკური გაჭირვების პირობებში მოსახლეობა სწავლობს ენერგორესურსების მომჭირნეობით მოხმარებას. საშუალო ამერიკელმაც კი, როგორც იქნა, პრიორიტეტი მიანიჭა მცირე ზომის ავტომობილებს და განახლებად ენერგორესურსებს. 

 

მინდა დავუჯერო  ექსპერტების აზრს, რომ  ნავთობის ფასების დაღმავალი ტენდენცია მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება და როგორმე აისახება ჩვენთანაც ბენზინის ფასებზე.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *