ეკონომიკა

ბათუმის პორტის დირექტორი: აბაშიძის, შევარდნაძის და სააკაშვილის კვალი პორტში არ არსებობს

20 თებერვალი, 2013 •
ბათუმის პორტის დირექტორი: აბაშიძის, შევარდნაძის და სააკაშვილის კვალი პორტში არ არსებობს

ბატონო ლევან, ბათუმის პორტი მედიისთვის აქამდე დახურული იყო. თქვენ კი ჟურნალისტებთან ურთიერთობაზე უარს არ ამბობთ. საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების გაზრდა პორტის მესაკუთრის იდეაა, თუ პირადად თქვენი ინიციატივა?

 

ალბათ, ორივე. მე ვიცი მედიის ძალა. ჩვენი ხელმძღვანელი ბატონი ტალგატიც გახსნილია პრესისთვის. ჩვენთვის საინტერესოა იცოდეს საზოგადოებამ, რა ხდება “ყაზტრანსოლში”. ჩვენ გამოვუშვით გაზეთი, რომლის მიზანი თანამშრომელთა ინფორმირებაა. ინფორმირებას ვეწევით, ასევე, ჩვენი ვებსაიტის საშუალებით. გვინდა, თითოეულმა თანამშრომელმა იცოდეს, რა ხდება კომპანიაში თუ სატრანსპორტო სფეროში.

 

რა გეგმები აქვს წელს ბათუმის პორტს?

 

ჩვენ ვაპირებთ მშრალი ტვირთების გადაზიდვაში ახალი რეკორდის დამყარებას. 2012 წელს დავამუშავეთ 1 577 000 ტონა, წელს ამ ციფრს მნიშვნელოვნად გავზრდით. ასევე, ვხსნით ახალ ადმინისტრაციულ შენობას. ეს მოგვცემს ერთ სივრცეში სხვადასხვა სამსახურის განთავსების საშუალებას, რაც გაზრდის ადმინისტრაციული და ოპერაციული მიმართულების ეფექტურობას, ასევე შევძლებთ ნავმისადგომებზე სასაწყობო ფართობის გაზრდას. ეს კი ტვირთბრუნვის გაზრდაში დაგვეხმარება.

 

კიდევ ერთი პროექტი ნავსადგურის ტექნიკური რეკონსტრუქციაა. წელს იგეგმება ორი ახალი ამწის ჩამოტანა-მონტაჟი, ნავმისადგომების მოდერნიზაცია და ა.შ. გვინდა გავაკეთოთ პროექტი – “კარიდან კარამდე”, მემორანდუმი გავაფორმეთ “ყაზტრანსმორფლოტთან”. ვაკეთებთ დიდ კორიდორს, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება, ანუ ყაზახეთიდან წამოვა ტვირთი, გადმოვა კასპიაზე… მერე გარდაბანში, იქიდან ბათუმის პორტში, პორტიდან “ყაზტრანსმორფლოტი” ტვირთს დანიშნულების ადგილზე, ვთქვათ, ევროპაში წაიღებს.

 

თქვენი კომპანია ბათუმის ინფრასტრუქტურით სარგებლობს. რაიმე პირდაპირ სარგებელს მიიღებს ქალაქი წელს პორტისგან?

 

კომპანიაში ახალი მენეჯმენტის მოსვლისთანავე დაიგეგმა ახალი საავტომობილო ესტაკადის მშენებლობა. ეს პროექტი დადებითად იმოქმედებს ბათუმის საავტომობილო მოძრაობაზე და ახალ იერსახეს მისცემს ქალაქის შემოსასვლელს. მოგვარდება საცობების პრობლემა ქალაქის შემოსასვლელში, ამაღლდება პორტის ტერიტორიაზე არსებული სარკინიგზო კვანძის ეფექტურობა. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ბათუმელებს აწუხებთ, არის ეკოლოგია. წელს ნავთობტერმინალის განაპირა 20 რეზერვუარი, რომელიც ესაზღვრება დასახლებულ პუნქტებს, აღიჭურვება რეზერვუარებიდან გაფრქვეული აირების შემკრები სისტემით,
რომელიც შეერთებული იქნება ფილტრაციის სპეციალურ დანადგართან. ეს იმის გარანტიას მოგვცემს, რომ სუნი დასახლებულ უბნებში აღარ გავრცელდება არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებშიც კი. წელს ტერმინალი დაამონტაჟებს ეკოლოგიური მონიტორინგის 3 ერთეულ სტაციონარულ ავტომატიზებულ სადგურს, საიდანაც საზოგადოება და დაინტერესებული ორგანიზაციები მიიღებენ ინფორმაციას ატმოსფეროს მდგომარეობის შესახებ.

 

შეიქმნება თუ არა წელს პორტში დამატებით სამუშაო ადგილები?

 

ნავსადგურსა და ნავთობტერმინალში დაახლოებით 2000-მდე ადამიანია დასაქმებული. კონტრაქტორებთან და პარტნიორებთან კი, ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, დაახლოებით 3000 ადამიანი მუშაობს. ეს რიცხვი ესტაკადის მშენებლობისა თუ წელს დაგეგმილი სხვა პროექტების დაწყების შემდეგ გაიზრდება. რაც შეეხება სამუშაო ადგილებს, ჯერჯერობით, მიმდინარეობს კომპანიის ოპტიმიზაცია. გადავხედავთ სტრუქტურას და ვნახავთ, რა სჭირდება ნავსადგურს.

 

რას ფიქრობთ არსებულ ბიზნესგარემოზე – თქვენი აზრით, მსხვილი ბიზნესი პოლიტიკური ელიტისგან დამოუკიდებლად შეძლებს არსებობას?

 

ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესმენებთან პირველ შეხვედრაზე მნიშვნელოვანი მესიჯები გაახმოვანა მონოპოლიაზე, ბიუჯეტის შევსებაზე, ხედვებზე. ჩვენ ამ მესიჯებმა დიდი მოლოდინი გაგვიჩინა, დარწმუნებული ვარ, ეს მოლოდინები გამართლდება.

 

ლევან ჯობავა
ლევან ჯობავა

საზოგადოებრივი აზრის თანახმად, საქართველოში მოქმედი, მაგრამ ოფშორში დარეგისტრირებული მსხვილი კომპანიები ეკუთვნით ყოფილ ხელისუფლების წარმომადგენლებს ან მათთან დაახლოებულ პირებს, რომლებმაც ძალაუფლებისა და კორუფციის გზით მოახერხეს გამდიდრება. ამბობენ, რომ ეს ადამიანები კვლავაც შეინარჩუნებენ გავლენებს, ისე როგორც, ბევრის ვარაუდით, ეს მოახერხა ასლან აბაშიძემ – თითქოს ის ბათუმის პორტიდან კვლავაც იღებს სარგებელს. თქვენი აზრით, შეძლებს სახელმწიფო ამ ქსელების ჩაჭრას?

 

ასლან აბაშიძის, შევარდნაძის, სააკაშვილის კვალი პორტსა და ტერმინალში არ არსებობს, ამას გულწრფელად ვამბობ. რაც შეეხება ოფშორს, ვფიქრობ, სამართალდამცავებს შეუძლიათ გარდატეხა შეიტანონ ისეთ საკითხში, როგორიცაა კორუფცია, მონოპოლია,
კლანები, დაჯგუფებები… მე ხუთი წელი არ ვიყავი საქართველოში, ამიტომ ზუსტად არ ვიცი, რა ხდებოდა. აქ რომ ჩამოვედი, ეს ყველაფერი საკუთარ თავზე ვიწვნიე. ვფიქრობ, მთავრობა შეძლებს გამოსვლას იმ მარწუხებიდან, რაც აქამდე იყო.

 

თქვენ თქვით, რომ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებულ კომპანია “ტრანსსისტემს” გადაზიდვებზე ექსკლუზიური უფლება შეუწყვიტეთ. ერთ-ერთმა კომენტატორმა კი დაწერა, რომ ეს არ არის სიმართლე, რადგან პორტის 20%-ანი ფასდაკლებით მხოლოდ ის
სარგებლობს, ვისაც ერთი მილიონი ტონა ტვირთი გადააქვს, ასეთი კი მხოლოდ “ტრანსსისტემია”. შესაბამისად, კომპანიები, რომლებსაც 300 ათასი ტონა ტვირთი გადააქვთ, იძულებულნი არიან ისევ “ტრანსსისტემს” მიმართონ, რადგან მათთვის ეს უფრო იაფია, ვიდრე პირდაპირ თქვენთან თანამშრომლობა. რა განმარტებას გააკეთებთ?

 

ჩვენ გავაუქმეთ ექსკლუზიურობის პირობა, თუმცა “ტრანსსისტემმა” შეინარჩუნა ტვირთბრუნვა, რადგან მან რაოდენობრივად გაცილებით მეტი ტვირთი მოზიდა ნავსადგურში, ვიდრე ცალკე აღებულმა ნებისმიერმა კომპანიამ. “ტრანსსისტემი” ბათუმის ნავსადგურისთვის ისეთივე კლიენტია, როგორც ნებისმიერი სხვა. 

 

რატომ დარჩა ჯერ კიდევ ეს პირობები? – ჩვენს უკან დგას სახელმწიფო კომპანია “ყაზტრანსოლი”. ჩვენ თუ ყველა ხელშეკრულებას ჩავჭრიდით, ტვირთის გარეშე დავრჩებოდით. ახლა მიდის მუშაობა ფასდაკლების სისტემაზე, არის რამდენიმე მოდელი, რომელიც უნდა განვიხილოთ – დისკაუნტი დამოკიდებულია ტვირთის ტიპზე, რაოდენობაზე, ხელშეკრულების გრძელვადიანობაზე, გარანტიების არსებობაზე… ჩვენი კლიენტები ახალი მოდელით კმაყოფილები დარჩებიან, ვინაიდან მასში იქნება გათვალისწინებული ყველაზე მთავარი – „სამართლიანობის პრინციპი“.

 

თვენახევარში გვეცოდინება ვის რა დისკაუნტი ექნება, ოღონდ მე თუ გარანტია არ მომცა კომპანიამ, შემუშავებული გრაფიკი ჩამივარდება. აქედან გამომდინარე, კომპანიები გაგებით უნდა შეხვდნენ იმას, რაც ჩვენ მოვახერხეთ, მათ ხომ 2013 წლამდე უნდა ეთანამშრომლათ “ტრანსსისტემთან”?! ყველაფერს ერთად გვთხოვენ, მაგრამ ამას ჩვენ ერთბაშად ვერ გავაკეთებთ. ვინც კითხვას სვამს 20%-სა და ექსკლუზივზე, იმათ გასაგონად ვიტყვი – მარტო დისკაუნტი და ექსკლუზივი კი არა, ხელშეკრულებაში სხვა ბომბებიც
იყო ჩადებული, – 2013 წლის ბოლოსთვის არენდით უნდა გაცემულიყო ნავმისადგომები. ჩვენ ამის გაუქმებაც შევძელით. მე შევხვდი “ტრანსსისტემის” დირექტორს გელა ლაითაძეს და ახლაც დაჟინებით მოვითხოვ, მათ გააკეთონ საჯარო განცხადება ამ საკითხზე, რომ
ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ ამაზე ლაპარაკი.

 

პორტი აფინანსებდა სოციალურად დაუცველთა სასადილოს ბათუმში. წელს ქველმოქმედებასთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვთ?

 

მზად ვართ, ეს საკითხიც განვიხილოთ, მაგრამ ჯერ ჩვენთვის მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენი თანამშრომლის კეთილდღეობაა. ახალმა მენეჯმენტმა მოსვლისთანავე 40%-ით შევამცირეთ ადმინისტრაციული ხარჯები, რამაც საშუალება მოგვცა გაგვეზარდა მომუშავე პერსონალის მინიმალური ხელფასები. ტალმანებს (ტვირთვის დამთვლელები), მაგალითად, 300 ლარი ჰქონდა ხელფასი, ბატონმა ტალგატიმ თქვა, რომ ამ ხელფასით ადამიანები ვერ იარსებებენ – მათ ხელფასები მოვუმატეთ. დავიწყეთ ადმინისტრაციული კორპუსის ოპტიმიზაცია, რაც ხელფასების გაზრდის შესაძლებლობას კიდევ მოგვცემს.

 

ასევე, ამოქმედდა ბონუსების სისტემა, რაც გულისხმობს ტვირთბრუნვის გაზრდის მაჩვენებლის მიხედვით პერსონალის მატერიალურ წახალისებას. ვიყიდეთ ავტობუსები, რომლებიც თანამშრომლებს უფასოდ მოემსახურება.

 

მემორანდუმი, რომლის მიხედვით ბათუმის პორტი “ყაზტრანსოილს” გადაეცა 49 წლით, დღემდე გასაიდუმლოებულია. თქვენ ამბობთ, რომ ღია ხართ საზოგადოებისთვის. შეგიძლიათ თქვათ, ეს მემორანდუმი რა ურთიერთვალდებულებას ითვალისწინებს?

 

არის საკითხები, რომლებიც კონფიდენციალურია, მაგრამ პირობას ვდებ, შემდგომი შეხვედრის დროს ვისაუბრებ მემორანდუმზეც.

მასალების გადაბეჭდვის წესი