ეკონომიკა

მამუკა ხაზარაძე: ბიზნესი გათავისუფლდა წნეხისგან

19 თებერვალი, 2013 •
მამუკა ხაზარაძე: ბიზნესი გათავისუფლდა წნეხისგან

“ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო რამოდენიმე ფაქტორის გამო. ძალიან გულწრფელი საუბარი იყო ბიზნესთან იმ პრობლემებზე, რომელიც ამ სფეროს აწუხებს. ძალიან საინტერესო იყო საუბარი ფონდებთან დაკავშირებით. ფონდები ამუშავდება თვენახევარში იმიტომ, რომ ქართულ ბიზნესს სჭირდება კაპიტალური დაფინანსება. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, ქართულ ბიზნესს კარგი პერსპექტივა ელოდება. ბიზნესი არის თავისუფალი ხალხის საკეთებელი საქმე და ეს არის სფერო, რომელიც ავსებს ბიუჯეტს და ასაქმებს ხალხს” – განაცხადა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძე
მამუკა ხაზარაძე

 

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი ბიზნესის წარმომადგენლებს 2012 წლის 5 ოქტომბერს შეხვდა, ამ სფეროსთვის ბევრი რამ შეიცვალა:

 

“შეიცვალა დამოკიდებულება, ნაკლები სტრესი აქვს ბიზნესს. ყველა უკვე გრძნობს, რომ შეუძლია თავისი საკითხები განიხილოს სასამართლოში, ზოგი პროკურატურას მიმართავს. ბიზნესის თავისუფლების ხარისხი მატულობს. ბიზნესს სჯერა, რომ სახელმწიფო და ჩინოვნიკი არ ჩაერევა მის საქმეში. პრემიერმაც აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების მიერ დატოვებული საგადასახადო გარემო არის კარგი, ახლა მთავარია თანხების მოზიდვა და ინვესტორების დაინტერესება. საჭიროა მისაღები თამაშის წესების შენარჩუნება.”

 

საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესის წარმომდგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ წინა ხელისუფლებამ კარგი საგადასახადო გარემო შექმნა და საქართველო მე–4 ადგილზეა მსოფლიოში გადასახადების სიმცირის კუთხით: “თუმცა ქვეყანაში,  ბიზნესის ბევრი წარმომადგენელი დაატერორეს, ზოგს საერთოდ დაატოვებისნეს ბიზნესი. ამიტომ ქვეყანაში ეს სექტორი ვერ განვითარდა.” 

 

ყოფილი ხელისუფლების პირობებში ბიზნესზე წნეხის არსებობის შესახებ საუბრობს მამუკა ხაზარაძე. ის აცხადებს, რომ დღეს ბიზნესი გათავისუფლდა წნეხისგან: “ბიზნესი არ უნდა იყოს წნეხის ქვეშ. ეს შეიძლება იყოს ჩინოვნიკების წნეხი, სტრუქტურის და საგადასახადო წნეხი. ამიტომ ეს ყვლაფერი უნდა იყოს ნათელი. დღეს ბიზნესი თავისუფალია წნეხისგან. ბიზნესს სჭირდება სტაბილურობა ნებისმიერი მიმართულებით. აქ არ ვგულისხმობ მხოლოდ ჩინოვნიკის დამოკიდებულებას. სტაბილური მდგომარეობა ბოზნესისთვსი არის მთავარი. უნდა იცოდეს ამ  სექტორმა, რომ უახლოეს პერიოდში რა გარემოში მოუწევს მუშაობა. ” 

მასალების გადაბეჭდვის წესი