ეკონომიკა

შეიცვლება თუ არა თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება?

13 თებერვალი, 2013 •
შეიცვლება თუ არა თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება?

თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. გასული წლის მონაცემებით, ამ ქვეყანასთან სავაჭრო ბრუნვამ 1.53 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

2012 წელს საქართველოში იმპორტის 18% თურქეთიდან განხორციელდა (8-8% მოდის აზერბაიჯანსა და უკრაინაზე, 7-7% – ჩინეთსა და გერმანიაზე და დანარჩენი ნაწილი სხვა ქვეყნებზე) და 1.39 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება ექსპორტს, 2012 წლის მონაცემებით, საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის 26% აზერბაიჯანზე მოდის, 11% – სომხეთზე, 10% – აშშ–ზე, 7% – უკრაინაზე და მხოლოდ 6 პროცენტი თურქეთზე, რამაც 42.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 

“თავისუფალი ვაჭრობის შესახებ” შეთანხმება საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის 2007 წლის 21 ნოემბერს იქნა ხელმოწერილი და 2008 წლის 1 ნოემბრიდან შევიდა ძალაში. ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ გაუქმდა იმპორტზე დაწესებული საბაჟო გადასახადები და მისი ექვივალენტური ეფექტის მქონე მოსაკრებლები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ურთიერთვაჭრობისას აღარ შემოიღებდნენ იმპორტზე ახალ საბაჟო გადასახადებს და მისი ექვივალენტის მქონე მოსაკრებლებს.

ხელშეკრულების მე–7 მუხლის თანახმად, მხარეები ექსპორტ–იმპორტის განხორციელებისას არ შემოიღებენ ახალ რაოდენობრივ შეზღუდვებს; მხარეები სანიტარულ და ფიტოსანიტარულ საკითხებთან დაკავშირებულ თავიანთ წესებს არ გამოიყენებენ, როგორც მათ შორის ვაჭრობის თვითნებურ ან გაუმართლებელ დისკრიმინაციას ან შეფარულ შეზღუდვას.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა გუშინ, 12 თებერვალს გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თურქეთიდან საქართველოში  საბაჟო გამშვები პუნქტების „სარფისა“ და „ვალეს“ გავლით, 2013 წლის 6-11 თებერვალს 300 ტონამდე კარტოფილის იმპორტი განხორციელდა და ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შემოტანილი კარტოფილი საკარანტინო მავნებლით – Synchytrium endobioticum (Schilb) Perc – კარტოფილის კიბოთი, ასევე საკარანტინო მიკროორგანიზმით – Ralstonia solanacearum-ით (მურა სიდამპლე) დაავადებული აღმოჩნდა. საქართველოს მთავრობის N429 დადგენილების თანახმად, საქონელი უკან დაუბრუნდა ექსპორტიორ ქვეყანას.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, 2012 წლის განმავლობაში საქართველოში თურქეთიდან 23 ათას ტონაზე მეტი კარტოფილი შემოვიდა და აქედან ფიტოსანიტარული კონტროლის განხორციელებისას არც ერთმა აღებულმა ნიმუშმა არ აჩვენა დადებითი შედეგი.

“შემოსავლების სამსახური სრული დატვირთვით ახორციელებს პრევენციულ ღონისძიებებს: საბაჟო დეპარტამენტის სანიტარული, ფიტოსანიტარული და არასატარიფო ღონისძიებების სამმართველოს მიერ კონტროლდება ცხოველური და მცენარეული წარმოშობის ყველა იმპორტირებული ნაწარმი. ევროკავშირის რეკომენდაციების  გათვალისწინებით დამტკიცებული რისკების პროგრამით, მონიტორინგს ექვემდებარება მაღალი რისკის მქონე მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სასურსათო პროდუქტი. კვლევები ხორციელდება სპეციალურ ლაბორატორიებში. შესაბამისად, საზოგადოებრივი და ცხოველთა ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქცია და მცენარეთა დაავადების გამომწვევი მავნებლები საბაჟოს გავლით საქართველოში ვერ მოხვდება”, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის განცხადებამდე, იმპორტირებული, მათ შორის თურქეთიდან შემოსული პროდუქციის ხარისხზე კონტროლის გამკაცრების აუცილებლობაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ ისაუბრა:  

„იმპორტირებული ტვირთები მკაცრად უნდა გაკონტროლდეს, ეს შეეხება არა მარტო თურქეთს. ტვირთის შემოწმება არ იქნება შერჩევითი. კონტროლის გამკაცრება შეიძლება ვინმესთვის სასიამოვნო არ იყოს, მაგრამ ხარისხის უვნებლობაზე პოზიცია იქნება შეუვალი. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენმა პროდუქტმა დაიბრუნოს ადგილი ბაზარზე. 80% ბაზარზე შემოსული შეფუთული პროდუქციისა იმპორტირებულია. პროდუქტი ჩვენივე ბაზრიდან იყო გამოდევნილი. დროა შეიქმნას პირობები და ადგილობრივი პროდუქტის პოზიციები ბაზარზე დაწინაურდეს.“

საქართველოს მთავრობის ამ განცხადებებისა და ქმედებების ფონზე მოუწევს საქართველოს პრემიერ-მინისტრს თურქეთში ოფიციალური შეხვედრების ჩატარება. იქნება თუ არა ამ ვიზიტის ფარგლებში საუბარი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გადახედვაზე საუბარი, ჯერ უცნობია.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ მინისტრი საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იქნება თურქეთში ვიზიტის დროს, თუმცა არ აქვთ ინფორმაცია, იგეგმება თუ არა აღნიშნული ხელშეკრულების შესახებ საუბარი. სამინისტროში აცხადებენ, რომ განიხილება სხვა საკითხებთან ერთად განიხილება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობებიც.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემელაძე ამბობს, რომ თურქეთთან სავაჭრო ხელშეკრულების გადახედვა არ მოხდება, თუმცა მხარეების შეხვედრისას უხარისხო პროდუქტის იმპორტის საკითხი აუცილებლად განიხილება:

„ეს ყველაფერი რეგულირდება კანონით. დამატებით გაკეთდება ისე, რომ დავიცვათ სავაჭრო ორგანიზაციების დადგენილი წესები. როცა პროდუქცია დაავადებული და გენმოდიფიცირებულია, ჩვეულებრივი პროცედურაა, როგორც კი შემოვა, საზღვარზე იქნება შეჩერებული. წინა ხელისუფლების პერიოდში რა იყო, არ მაინტერესებს. ახალი ხელისუფლება პასუხისმგებლობას იღებს ადამიანების ჯანმრთელობაზე.“

თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების წინააღმდეგი იყო თავის დროზე გია ხუხაშვილი, საქართველოს განვითარების  კვლევითი ინსტიტუტის საბჭოს თავმჯდომარე და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი:

“საქართველოსა და თურქეთის განვითარების დონეების ანალიზიდან ჩანს, რომ ეს საქართველოსთვის ძალიან წამგებიანი ხელშეკრულებაა”, – აცხადებდა 4 წლის წინ ხუხაშვილი, რადგან მიიჩნევდა, რომ ასეთი შეთანხმება ქვეყნისთვის წარმატებული მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ ქვეყნების ეკონომიკა თანაბრადა იქნებოდა განვითარებული: ”ვინც შედარებით სუსტია და ნაკლებად კონკურენტულია, ის ძალიან მძიმე დღეში ვარდება. ამ შემთხვევაში, უნდა ველოდოთ თურქული პროდუქციის მორიგ ექსპანსიას ყველა სფეროში”.

გია ხუხაშვილი დღეს “ნეტგაზეთთან” საუბარში უფრო ფრთხილი აღმოჩნდა აღნიშნულ საკითხზე საუბრისას:

„იმპორტ-ექსპორტის ბალანსი თურქეთთან დარღვეულია. თავის დროზე არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის ბაზაზე მოხდა ეს ყველაფერი და მე არანაირად არ მინდა ამაში თურქული მხარე გავაკრიტიკო. გარკვეულწილად ჩვენ გვაქვს საკუთარი ბაზრის დაცვის ინტერესები და ამაზე კონსტრუქციული დიალოგით ყველა საკითხი შეიძლება იყოს გადაწყვეტილი. ხელშეკრულების გადახედვა ვერ მოხდება. თუმცა  წმინდა პროცედურული თვალსაზრისით, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ისეთ პროცედურაზე, რითაც დაბალანსებული იქნება ურთიერთობები.“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ახალი მთავრობა სოფლის მეურნეობის სექტორში მასშტაბური საინვესტიციო პროექტების განხორციელებას აპირებს. მოხდება თუ არა ადგილობრივი პროდუქციის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ქვეყნიდან – თურქეთიდან იმპორტის შეზღუდვა, ეს იმაზეა დამოკიდებული, დაიწყება თუ არა ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გადახედვა. 

“ყველა ქვეყანა იცავს თავის ბაზარს. დაავადებული პროდუქტის იმპორტის არსებობას არავინ დათანხმდება. ჩვენ მომხმარებლის ინტერესები უნდა დავიცვათ. თურქეთი შიგა ბაზარზე ასეთ პროდუქტს არ მოიხმარს. საქართველოს ხელისუფლებას იგივე ვალდებულება აქვს თავისი მოსახლეობის წინაშე. არ მგონია, რომ ამან თურქეთთან რაიმე ტიპის დაძაბულობა გამოიწვიოს,“ – აცხადებს გია ხუხაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი