ეკონომიკა

აგროკრედიტის სამი პროდუქტი ფერმერებისთვის

6 თებერვალი, 2013 •
აგროკრედიტის სამი პროდუქტი ფერმერებისთვის

სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით კირვალიძის ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის ფონდი ფერმერებზე სესხს არ გასცემს. დამფინანსებელი საბანკო სექტორი და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები იქნებიან, ხოლო საპროცენტო განაკვეთის სხვაობას ფონდი დაფარავს და ფერმერებს გრძელვადიანი კრედიტის აღების შესაძლებლობას მისცემს:

 

„ეს კომპონენტი ამუშავდება მარტის თვეში. ფონდი დაფარავს საკრედიტო სხვაობას, რადგან გაცემული სესხები 7–8 და 3 პორცენტის ფარგლებში უნდა იყოს. საბაზრო პროცენტი კი უფრო მაღალია.“

 

სოფლის მეურნეობის სამინისტრო კრედიტების გამცემი საფინანსო ინსტიტუტების შესახებ დამატებით ინფორმაციას ფერმერებს მას შემდეგ მიაწვდის, როცა ყველა ბანკის და მიკროსაფინანასო ორგანიზაციის მხრიდან აგროკრედიტების გაცემაზე თანამონაწილეობის შესახებ დასტურს ოფიციალურად მიიღებს:

 

„დღეისათვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ დაკრედიტების პროცესში 7 ბანკი ჩაერთვება. 50 ათას ლარამდე სესხს მიკროსაფინანსო ორგანიზაციები გასცემენ, ხოლო 100 ლარზე მეტს- ბანკები, უფრო ძვირადღირებული პროგრამები კი საინვესტიციო ფონდში გადავა.“  

 

სოფლის მეურნეობის ერთმილიარდიან ფონდში, რომელმაც ფერმერებისთვის შეღავათიანი კრედიტები უნდა უზრუნველყოს, ამ დრომდე თანხა ჩარიცხული არ არის.

 

„ფონდი მარტიდან გააქტიურდება. მისი ძირითადი დაფინანსების წყარო შემოწირულობები იქნება და უცხოური ორგანიზაციებიდან აღებული შეღავათიანი კრედიტები,“– ამბობს დავით კირვალიძე.   

 

სამი აგროსაკრედიტო პროდუქტიდან პირველით, მცირემიწიანი -0,25 ჰექტრიდან 1,25 ჰექტრის მფლობელი მიწათმესაკუთრეები ისარგებლებენ:

 

„უპროცენტო სასაქონლო კრედიტი მცირე ფერმერებისათვის 5 000 ლარამდეა, უზრუნველყოფის გარეშე. მცირე ფერმერებს საშუალება ექნებათ მიიღონ უპროცენტო სასაქონლო კრედიტი (განვადება) საწარმოო სეზონის დასაწყისში და დასრულების შემდეგ გადაიხდიან კრედიტის გაცემის მომენტისათვის დაფიქსირებულ საცალო ფასს, დამატებითი დარიცხვის გარეშე,“ – ამბობს კირვალიძე.

 

მეორე სახის საკრედიტო პროდუქტი, საშუალო და დიდი ფერმერების შეღავათიანი კრედიტით უზრუნველყოფას გულისხმობს. სესხი 5 000–დან 100 000 ლარამდეა და მისი საპროცენტო წლიური განაკვეთი 7–8 პროცენტს შეადგენს.

 

„დიდი და საშუალო ფერმერების ხელშეწყობა განხორციელდება იაფი კრედიტებით უზრუნველყოფის გზით, ვისაც 1 წელზე ნაკლები ვადით ესაჭიროება 5 000 ლარიდან 100 000 ლარამდე თანხა საბრუნავი კაპიტალის დასაფინანსებლად. ამ ტიპის სესხებს მიიღებენ საშუალო და დიდი ფერმერები, რომლებიც არ არიან მცირე ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამის ბენფიციარები,“ – განმარტავს კირვალიძე.

 

მესამე პროდუქტი სასოფლო–სამეურნეო საწარმოების დაფინანსებას გულისხმობს. ეს არის გრძელვადიანი და შეღავათიანი კრედიტი, არაუმეტეს 1 მილიონი ლარისა, საშუალოდ წლიური 3 პროცენტი.

 

დაფინანსდება სასოფლო–სამეურნეო საწარმოები, რაც გულისხმობს მოსავლის აღების შემდგომ ნებისმიერი სახის პროდუქტზე დამატებითი ღირებულების შემქმნელი ინფრასტრუქტურის (სასაწყობე, დამფასოებელი, სამაცივრე მეურნეობები და გადამამუშავებელი საწარმოები) განვითარების ინიციატივის იაფი და გრძელვადიანი ფულადი რესურსით მხარდაჭერას. 

 

2013 წელს ამ სქემით მხარდაჭერილი იქნება მინიმუმ 60–მდე საწარმო. მეწარმეებისათვის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ამ ტიპის სესხებზე იქნება დაახლოებით 3 პროცენტი.

 

აგროსესხები მიკროსაფინანსო და საბანკო ბაზარზე საკმაოდ ძვირია. საქსტატის მონაცემებით, საფინანსო ინსტიტუტების პორტფელში აგროდაკრედიტების წილი 1 პროცენტია.

 

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალში“ ამბობენ, რომ აგროსესხის ლიმიტი კლიენტის შემოსავლებიდან გამომდინარე განისაზღვრება. 5 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე  სესხებზე წლიური განაკვეთი 32 პროცენტია, პროცენტი კლებადია. 5 ათასი ლარის სესხი 30 თვით გაიცემა, 5 ათას ლარზე მეტი – 36 თვით.

 

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედო“ აგროსესხებს სოფლის მეურნეობის სექტორისთვის და მოქმედი ბიზნესისთვის გასცემს. სესხის მოცულობა 50 დოლარიდან  50 ათას დოლამდეა. ვადა – 2 თვიდან 4 წლამდე, საპროცენტო განაკვეთი – 1 პროცენტი თვეში ან 1,9 პროცენტი. სესხის გაცემამდე, შუალედში საქმიანობიდან გამომდინარე, პროცენტს სესხის განაკვეთს საკრედიტო ოფიცერი ადგენს.

 

ბაზრის ლიდერი ბანკი – „თიბისი“ აგროსესხებს არ გასცემს. სტანდარტულ სამომხმარებლო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 18-დან 36 პროცენტამდეა. ვადები -1 თვიდან 10 წლამდე. მინიმალური თანხა- 500 ლარი, 80 ათასი ლარი – მაქსიმალური.

 

„საქართველოს ბანკს“ ბაზარზე აგროსესხი გამოაქვს. სესხის მაქსიმალური მოცულობა 500 ათასი დოლარის ექვივალენტია ლარში. წლიური საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია სესხის უზრუნველყოფაზე, ვადაზე. პროცენტის დადგენა სპეციალური კალკულაციით ხდება. აგროსესხებზე განაკვეთი 13 პროცენტიდან იწყება და 14–15, 26 პროცენტი არის ზედა ზღვარი.   

 

მეწარმეები სოფლის მეურნეობის ფონდის შეღავათიან კრედიტებს დადებითად აფასებენ.

 

სასათბურე მეურნეობა „სენ სელექშენის“ დირექტორი ირაკლი მიქაბაძე ამბობს, რომ  საპროცენტო განაკვეთი შეღავათიანია, მაგრამ მთავარია, როგორი იქნება დაფარვის გრაფიკი:

 

„დაფარვის გრაფიკი უნდა იყოს მოქნილი. საკრედიტო პორტფელით დავინტერესდებით, საკმაოდ მიმზიდველი საპროცენტო განაკვეთია. ბანკებში საკრედიტო განაკვეთი მაღალია, თანაც საფინანსო ინსტიტუტები აგროსექტორს რისკიანად მიიჩნევენ. სადღაც ბანკების პოზიცია გასაგებია, აქ არის რისკები, ეს ბიზნესი ისე არ არის განვითარებული, რომ გარანტირებული იყოს სესხის დაფარვა.“

 

გორის საკონსერვო ქარხნის დირექტორი ვანო გოგოლაძე ამბობს: „7–8 და 3 პროცენტი ძალიან კარგი განაკვეთია, თუ იქნება შემოთავაზება, აუცილებლად ვისარგებლებთ. ახლა ვსარგებლობთ კრედიტით, რომლის საპროცენტო განაკვეთი 12 პროცენტია. ასეთი შეღავათიანი კრედიტით სარგებლობა საწარმოს განავითარებს.“

 

სამაცივრე მეურნეობა „ქართული ხილი და ბოსტნეულის“ დირექტორი კობა კილაძე ამბობს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული საპროცენტო განაკვეთი მისაღებია:

 

„შეიძლება ამ ტიპის კრედიტით არ ვისარგებლოთ ამ მიმართულებით, რადგან გვაქვს ჩვენი საბრუნავი საშუალებები, მაგრამ სესხი ავიღოთ ბიზნესის გასაფართოებლად, რაც ბაზარზე ახალი ნიშის დაკავებაში დაგვეხმარება.“

მასალების გადაბეჭდვის წესი