“შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტმა სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნით მიმართა სასამართლოს. სასამართლომ იმსჯელა “ბარამბოსთან” დაკავშირებით და მიიღო გადაწყვეტილება კომპანიის უძრავი ქონების ნაწილის დაყადაღებასთან დაკავშირებით, რადგან “ბარამბო” არის “ნიუ ენერჯის” კრედიტორი”, – აცხადებს ხატია მოიწრაფიშვილი.
“ბარამბოს” პრესსამსახური თაკო ნიბლაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ შემოსავლების სამსახურმა იანვრის დასაწყისში ყადაღა დაადო “ბარამბოს” გარკვეულ ქონებას:
“დაყადაღებული არ არის კომპანიის მთლიანი ქონება. ეს არის გარკვეული პროცენტი ამ ქონების. კერძოდ, 11,25 პროცენტი, რომელიც ნიკოლოზ შაქარიშვილს ეკუთვნის”.
თაკო ნიბლაძის განცხადებით, ნიკოლოზ შაქარიშვილს ედავებიან “ნიუ ენერჯისთან” დაკავშირებით გარკვეულ თანხას და ამის გამო მისი წილი დააყადაღეს “ბარამბოში”, თუმცა მასთან დავა არ გულისხმობდა იმას, რომ “ბარამბოს” ქონება უნდა დაყადაღებულიყო:
“ნიუ ენერჯის” და “ბარამბოს” შორის ფინანსური კავშირი არ არის და არც ერთი ფინანსური ტრანზაქცია ამ ორ კომპანიას შორის არ განხორციელებულა.”
“ბარამბოს” პრესსამსახური კომპანიის ქონების ნაწილის დაყადაღებას სახელმწიფო ტენდერის გამოცხადებას უკავშირებს:
“ეს არის ერთადერთი ქართული საწარმო, რომელიც აწარმოებს შოკოლადს. გამოცხადდა ტენდერი ტკბილეულის შესყიდვაზე, რომელშიც ჩვენ ყოველწლიურად ვიღებთ მონაწილეობას. 2010 და 2011 წლებში მიიღო მონაწილეობა “ბარამბომ” და მოიგო ეს ტენდერი. წელს აღარ შეგვიძლია ამ ტენდერში მონაწილეობის მიღება, რადგან ჩვენი ქონების ნაწილი არის დაყადაღებული. სატენდერო დოკუმენტაციაში ითხოვენ, რომ იურიდიულ პირს უნდა ჰქონდეს ცნობა, რომ მის ქონებაზე არ არის საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა.”
სახელმწიფო ტენდერი 731 555 ლარის საკონდიტრო ნაწარმის შესყიდვაზე 23 იანვარს გამოცხადდა.
კომპანია “ბარამბოს” გენერალური დირექტორი მცხეთა–მთიანეთის ყოფილი გუბერნატორის ცეზარ ჩოჩელის ძმა – იაგო ჩოჩელია. საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანიაში 11,25 პროცენტს ნიკოლოზ შაქარიშვილი ფლობს, 66,25 პროცენტს – მარი ჩოჩელი, ხოლო 22,5 პროცენტს – უჩა კაპანაძე.
კომპანია “ნიუ ენერჯიში” 30 პროცენტს ნიკოლოზ შაქარიშვილი ფლობს, ხოლო 70 პროცენტს- ლუხუმ კაპანაძე. ნიკოლოზ შაქარიშვილი კომპანია “ბერტაშიც” ფიგურირებს. კომპანიაში 23 პროცენტი იაგო ჩოჩელს ეკუთვნის, 20 პროცენტი- ნიკოლოზ შაქარიშვილს, ხოლო 57 პროცენტი – უჩა კაპანაძეს.
მცხეთა- მთიანეთის ყოფილ გუბერნატორ ცეზარ ჩოჩელს სამართალდამცავებმა ბრალი 337-ე და 194-ე მუხლის მესამე ნაწილით 24 იანვარს წაუყენეს და დააკავეს. გამოძიება მას სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავება. ცეზარ ჩოჩელი 200 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. აღნიშნულ საქმეებში ჩოჩელის წინააღმდეგ მთავარი მოწმე ნიკოლოზ შაქარიშვილია.
ამ დროისათვის კომპანია “ნიუ ენერჯი” გაკოტრების რეჟიმშია, კომპანია “ბერტას” ფინანსური პრობლემები 2012 წლის ოქტომბრიდან შეექმნა. კომპანიის მენეჯმენტმა თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში გაუშვა და ამ დროისათვის წარმოება შეჩერებულია. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური “ბერტაში” 28 იანვარს შევიდა. მიზეზი “ნიუ ენერჯის” და “ბერტას” შორის განხორციელებული ფინანსური ტრანზაქციებია.