ეკონომიკა

აღწერა ხვნა–თესვის პროგრამის დაწყებამდე

23 იანვარი, 2013 • • 3406
აღწერა ხვნა–თესვის პროგრამის დაწყებამდე

რამდენი ჰექტარი მიწა დამუშავდება გაზაფხულზე სახელმწიფოს მონაწილეობით? ვინ ისრგებლებს ამ პროექტით? როგორი
იქნება შერჩევის კრიტერიუმები? იქნება თუ არა განსაზღვრული მოსახნავი ნაკვეთის ფართობი? რა თანხა დაიხარჯება ამ პროექტზე და რა რაოდენობის სპეცტექნიკა იქნება გამოყენებული? – ამ კითხვებზე სოფლის მეურნეობის სამინისტროში პასუხი ჯერ არ აქვთ.

 

საგაზაფხულო ხვნა
საგაზაფხულო ხვნა

სოფლის მეურნეობის სექტორში დაგეგმილი საგაზაფხულო სამუშაოების შესახებ განმარტებებს აკეთებს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.

 

მისი თქმით, 2013 წლის გაზაფხულზე მთავრობა გლეხებს უფასოდ 1,5 ჰექტარ მიწას მოუხნავს: „1,5 ჰექტარი მიწა გლეხებმა 1992 წლის მიწის რეფორმის ფარგლებში უფასოდ მიიღეს. საუბარია ამ მიწის უფასოდ მოხვნაზე.“

 

ხადურის ინფორმაციით, 2013 წლის ბიუჯეტიდან გამოთავისუფლდა 50 მილიონი ლარი და მოხდა ტრაქტორების შესყიდვა. მიმდინარეობს 90 მექანიზატორის გადამზადება:

 

„2013 წლის ბიუჯეტში სოფლის მეურნეობის სექტორის დაფინანსება 80 მილიონი ლარით გაიზარდა და, ჯამში, 240 მილიონი შეადგინა. ამას ემატება სოფლის მეურნეობის ფონდი, სადაც თანხების ჩარიცხვა დაწყებულია ინვესტორების მიერ. ფონდისთვის საკუთარს სახსრებს ბიძინა ივანიშვილიც გაიღებს.“  

 

სოფლის მეურნეობის ექსპერტის, აგრარიკოს პაატა კოღუაშვილის ინფორმაციით, სოფლის მეურენეობის სამინიტროს მიერ გამოცხადებული უპრეცედენტო საგაზაფხულო ხვნა–თესვის პროექტში ის გლეხები მიიღებენ მონაწილეობას, რომელებმაც 1992 წლის მიწის რეფორმის შედეგად უფასოდ მიიღეს ნაკვეთები: „ეს არის კომლზე 1,5 ჰექტარი. ამის ფარგლებში მოუხნავენ გლეხობას თავიანთ სახნავ სავარგულებს. ეს ძალიან დიდი შეღავათია მათთვის.“

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ საგაზაფხულო პროგრამის  ფარგლებში, ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან  კოორდინაციით, სასოფლო-სამეურნეო  მიწის  მფლობელთა აღრიცხვა-დაზუსტების პროცესი უკვე დაიწყო. დღემდე  მოსახლეობის 80 პროცენტს სასოფლო-სამეურნეო მიწები დარეგისტრირებული არ აქვს, რაც საგაზაფხულო ხვნა-თესვის  პროცესის  დაწყების დამაბრკოლებელია.

 

სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ კარდაკარის პრინციპით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე მიწის თითოეულ მესაკუთრეს სპეციალური ანკეტა დაურიგდა. მიღებული ინფორმაცია შეყვანილი იქნება ელექტრონულ ბაზაში, რაც ხელს შეუწყობს მცირე ფერმერთა დახმარების მიზნით კონკრეტული ღონისძიებების გაწერას.

 

„სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართული სასოფლო-სამეურნეო მიწების აღრიცხვის პროცესში, რათა დროულად მოხდეს ელექტრონული ბაზის შექმნა და არ შეფერხდეს საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო  სამუშაოების  დაწყება,“ – აცხადებენ სამინიტროში.  

 

მონაცემთა ელექტრონული ვერსია გადაეგზავნება დასაზუსტებლად თითოეულ რაიონის გამგეობას, სადაც მოსახლეობას საშუალება ექნება კიდევ ერთხელ დააზუსტოს უკვე არსებული მონაცემები. იანვრის ბოლოს კი  სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეცოდინება, საგაზაფხულო სამუშაოებს რა ფართობებზე განახორციელებს.

 

სოფლის მეურნეობის სფეროს ექსპერტის პაატა კოღუაშვილის ინფორმაციით, საქართველოში დაუმუშავებელი სავარგულების რაოდენობა 2005–2006 წლებში გაიზარდა და ბოლო მონაცემებით 60–65 პროცენტს მიაღწია: „სტატისტიკით საქრთველოში 740 ათას ჰექტრამდე სახნავი მიწაა და 60–65 პროცენტი ვერ მუშავდება. ამ მოცულობის მიწის დამუშავებას 740 ათასი ლარი სჭირდება.“ 

 

პაატა კოღუაშვილის განცხადებით, 2013 წლის თებერვლიდან ამუშავდება სოფლის მეურნეობის მილიარდიანი ფონდი: „ფონდი სოფლის მეურნეობის სექტორისთვის გასცემს 3- პროცენტიან კრედიტებს, სესხის დაფარვის ვადა 15 წელი იქნება.  თუ ფერმერი მოკლევადიან სესხს აიღებს, საპროცენტო განაკვეთი 6 პროცენტის ფარგლებში იქნება. ამ თვალსაზრისით ეს არის უპრეცედენტო მხარდაჭერა.“

 

2012 წელს მექანიზაციის ცენტრის ტრაქტორით ერთი ჰექტარი მიწის მოხვნა 150 ლარი ღირდა. ლაგოდეხში მცხოვრები მცირე ფერმერის ჯონი საბაძის ინფორმაციით: „ამას გზის ხარჯი, კილომეტრზე 1.50 ლარი ემატება. კერძო ტრაქტორის მომსახურეობა კი ერთ ჰექტარზე 170 ლარია.“

 

საბაძე ამბობს, რომ კერძო და სერვის-ცენტრის ტრაქტორით მოხვნა თითქმის იგივე ღირს, მაგრამ  უპირატესობას მაინც კერძო ტექნიკას ანიჭებს, რადგან კერძო ტრაქტორით მოხვნა შეუძლიათ და ფულს შემდეგ გადაიხდიან.  

 

„ხუთი-ექვსი მცირე ნაკვეთიდან ლაგოდეხში კომბოსტო, კარტოფილი და ლობიო ერთ ან ორ ნაკვეთზე ითესება. მცირე ნაკვეთზე ბოსტნეულის  დათესვის, მოხვნის  სასუქების, დაქირავებული მუშახელის ხარჯი 500 ლარია. 1 კილოგრამი სათესლე  კარტოფილი 2,60 ლარი ღირს,“– ამბობს საბაძე.  

 

1 ჰექტრი მიწის მოხვნა სოფელ ჩუმლაყში 150 ლარი ღირს. ტრაქტორის ნაკვეთამდე მიყვანის (მეტრაჟის) გადასახადი 1 მეტრზე 1,5 ლარია.

 

„ნაკვეთში ტექნიკა რომ მიიყვანო და ერთხელ რომ მოხნა, ათჯერ უნდა მიხვიდე ტრაქტორთან. 1 ჰექტრის ერთჯერადად მორწყვა 75 ლარი ღირს,“ – ამბობს დავით ჯავახიშვილი.

 

ჯავახიშვილის თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები მასთან ჯერ არ მისულან, მაგრამ ფერმერი მთავრობის მიერ დაპირებულ საგაზაფხულო სახნავ–სათეს სამუშაოებს იმედით ელოდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი