ეკონომიკა

ნოდარ ხადური: ბრუნვა იმ ბიზნესს შეუმცირდა, ვისაც „ნაციონალური მოძრაობა” „კრიშავდა“

23 იანვარი, 2013 •
ნოდარ ხადური: ბრუნვა იმ ბიზნესს შეუმცირდა, ვისაც „ნაციონალური მოძრაობა” „კრიშავდა“

ნოდარ ხადური განმარტავს, რომ ქვეყანაში საბიუჯეტო კრიზისი არ არის: ’’საბიუჯეტო კრიზისი, კლასიკური განმარტებით, არის, საბიუჯეტო საკითხებზე შეუთანხმებლობა სახელმწიფოს აღმასრულებელ და  საკანონმდებლო შტოებს შორის. დღეს არ არის საბიუჯეტო კრიზისი, რადგან ბიუჯეტში არც ფინანსური პრობლემებია.“

ნოდარ ხადური
ნოდარ ხადური

ხადურის განმარტებით, ბოლო მონაცემებით ხაზინის ანგარიშზე არის 800 მილიონი ლარი. მისი  თქმით, როცა 2012 წლის 25 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტრო გადაიბარა, ხაზინის ანგარიშზე 200 მილიონი ლარი იყო.   

 

“საქართველო დგას სერიოზული საბიუჯეტო კრიზისის წინაშე. გვინდა საზოგადოებას წარმოვუდგინოთ ნაციონალური მოძრაობის ექსპერტების მიერ მოძიებული მასალები სხვადასხვა წყაროებიდან” – ეს განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

 

“ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკის თანახმად, 2011 წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5,8 პროცენტი შედგინა, მეორე კვარტალში- 6 პროცენტი, მესამე კვარტალში- 7,9 პროცენტი, ხოლო მეოთხე კვარტალში- 8,5 პროცენტი. 2012 წლის პირველ კვარტალში მშპ – 6,7 პროცენტით გაიზარდა, მეორე კვარტალში -8,2 პროცენტით, მესამეში- 7,5 პორცენტით, ხოლო მეოთხე კვარტალსი მშპ–ს ზრდა 2,3 პროცენტამდე დაეცა.

 

 “2012 წლის მეოთხე კვარტალში ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდა 2,3 პროცენტით, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია”– განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

 

“ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა დამატებითი ღირებულების გადასახადის ბრუნვის სტატისტიკაც განიხილა. მისი თქმით, 2011 წლის დეკემბერში დღგ–ს ბრუნვა 8,5 პროცენტი იყო, 2012 წლის დეკემბერში კი ამ სეგმენტში ვარდნამ 1,5 პროცენტი შეადგინა.

 

საქართველოს საწარმოების ბრუნვამ გასულ წელს 17–18 პროცენტი შედგინა. ოქტომბერში ბრუნვა 6 პროცენტი იყო, ნოემბერში -3,6 პროცენტი, დეკემბერში კი – 5,2 პროცენტი. 

 

“ეს მაჩვენებელი ასახავს ეკონომიკური სუბიექტების მიერ განხორციელებულ ბრუნვებს, რაც შემდგომ ეკონომიკურ აქტივობაზე აისახება”– განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

 

მისი თქმით, 2011 წლის ოქტომბერში იმპორტი წინა წლის ოქტომბერთან შედარებით 33 პროცენტით გაიზარდა, 2012 წლის ოქტომბერში ზრდამ 2011 წლის მაჩვენებელთან შედარებით 36 პროცენტი შეადგინა, ნოემბერში კლება იყო 4,7 პროცენტი, დეკემბერში კი იმპორტი 9 პროცენტამდე შემცირდა.

 

 რაც შეეხება ექსპორტს, 2012 წლის მეოთხე კვარტალში ექსპორტი 22 პროცენტით შემცირდა.

 

“ყველა ეს ციფრი ერთმანეთთან არის კორელაციაში. მცირდება ეკონომიკური აქტივობა, მცირდება ეკონომიკური ზრდა, რაც შესაბამისად აისახება ჩვენს ბიუჯეტზე”– განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

 

მერაბიშვილმა საბანკო სექტორის სესხების და დეპოზიტების მაჩვენებელიც მიმოიხილა. მისი თქმით, 2011 წლის დეკემბერში სესხების ზრდის წილი 4,2 პროცენტი იყო, 2012 წლის დეკემბერში- 1,7 პროცენტი. დეპოზიტების ზრდა 2011 წლის დეკემბერში 11 პროცენტი იყო, 2012 წელს – 2 პროცენტი.

 

ნოდარ ხადურის  განმარტებით, ოფიციალური სტატისტიკით, 2003 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 12 პროცენტი იყო, 2004 წელს, „ვარდების რევოლუციის მთავრობის“ მმართველობის პირველსავე წელს, ეს მაჩვენებელი განახევრდა და 5,5 პროცენტი შეადგინა: „ეკონომიკური ზრდა 1996,1997 2003 და 2007 წლებში 12 პროცენტი იყო. სხვა წლების მაჩვენებელი დაბალია.“  

 

ნოდარ ხადური მსხვილი ბიზნესის ბრუნვის შემცირებას ეთანხმება: „მონოპოლიხტები, რომელთაც „კრიშავდა“ ნააციონალური მოძრაობა, პრობლემები შეექმნათ, ბაზარი გაიხსნა, შემცირდა ფასები და, შესაბამისად, შემცირდა მათი ბრუნვაც. სახელმწიფომ ჩაატარა კონსოლიდირებული ტენდერი და ბენზინს 1,88 თეთრად ვყიდულობთ. არაბრენდირებულ ავტოგასამართებზე საწვავის ფასი 1,90 თეთრია, ბრენდირებულებზე კი -2,03 თეთრი.“

 

ხადური აცხადებს, რომ მონოპოლისეტების ბრუნვის შემცირების ფონზე გაიზარდა საშუალო და მცირე ბიზნესის ბრუნვა: „2012 წლის იანვარში ამორტყმულია 33 მილიონზე მეტი ჩეკი, ბრუნვამ შეადგინა 650 მილიონი ლარი.  2013 წლის იანვარში ამორტყმულია 40 მილიონზე მეტი ჩეკი, საერთო ბრუნვამ შედგინა 740 მილიონი ლარი.  ყველაზე დიდი ბრუნვა დაფიქსირდა ივლისის თვეში, მეორე ადგილზეა 2012 წლის დეკემბერი, როცა 81 მილიონი ჩეკია ამორტყმული. რაც იმას ადასტურებს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის ბრუნვა არის გაზრდილი.“

 

ვანო მერაბიშვილმა ეკონომიკური მაჩვენებლების შეჯამების შემდეგ განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობას არ აქვს ერთიანი მკაფიო გეგმა საქართველოს ეკონომიკის განვითარების: “დღეს არც ბიზნესმენმა, მეწარმემ და ფერმერმა არ იცის, რა არის ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი: ტურიზმი, სოფლის მეურნეობა თუ ინფრასტრუქტურა.”

 

მისი თქმით, ქვეყნის ბიუჯეტი კრიზისის პირას 2004 და 2009 წლებში იყო. 2013 წლის ბიუჯეტსაც აქვს ანალოგიური საფრთხე: “ქვეყნის მთავრობამ უნდა გვაცნობოს, რა გეგმები აქვს და როგორ აპირებს კრიზისიდან გამოსვლას. ეს პროცესი ასე სწრაფად არ მოხდება, მაგრამ თუ მთავრობამ რეაგირება არ მოახდინა, ქვეყანაში ფინანსური კრიზისი გარდაუვალია. არათუ გაზრდილი, არაემდ მოქმედი ხელფასების და პენსიების გაცემა ვერ მოხდება.”

 

ნოდარ  ხადურის განცხადებით, ქვეყანას საბიუჯეტო კრიზისის საფრთხე არ ემუქრება, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაცით, 2013 წელს 2 მილიარდი დოლარის ინვესტიციის  შემოსვლა იგეგმება: „2013 წელს 250 მილიონი დოლარის ინვესტიციის განთავსება იგეგმება მეტალურგიული ქარხნის ასაშენებლად, ფოთის პორტის ახლოს. აზერბაიჯანელები 1 მილიარდი დოლარის ინვესტიციის ჩადებას გეგმავენ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ასაშენებლად. 2 მილარდამდე ინვესტიციების მოცულობას გაზრდის უკრაინელი და ებრაელი ინვესტორების შემოსვლა საქართველოში.“

 

ნოდარ ხადურის პროგნოზით, 2013 წელს საქართველოს ეკონომიკა სულ მცირე 6 პროცენტით გაიზრდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი