ეკონომიკა

რა ღირს ზამთრის კურორტებზე დასვენება

26 დეკემბერი, 2012 •
რა ღირს ზამთრის კურორტებზე დასვენება

კურორტებზე დასვენების ღირებულბას სერვისი განსაზღვრავს. საქართველოს ზამთრის კურორტებს შორის დასვენება 2012–13 წლის სეზონზე ყველაზე ძვირი გუდაურშია.

 

ტურისტული კომპანია „კონკორდ თრეველის“ მენეჯერი ამბობს, რომ საქართველოს ზამთრის კურორტებიდან ყველაზე მეტი მოთხოვნა გუდაურზეა. კომპანიის ტურისტულ შეთავაზებებში მეორეა ბაკურიანი, ხოლო აჭარის სამთო კურორტ გომარდულზე დასვენების მსურველთა რაოდენობა მცირეა. ამ კურორტისთვის 2012 წელს მხოლოდ ორი შეთავაზება გაიყიდა.  

 

„კონკორდ თრეველში“ ამბობენ, რომ საქართვლოს ზამთრის კურორტებზე დასვენების მსურველები, ძირითადად, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან ჩამოდიან. გაყიდულ ტურისტულ შეთავაზებებს შორის 10-დღიანი ტურები ჭარბობს.

 

გუდაურის „მარკო პოლოს“ გენერალური დირექტორი გოგა მერკვილაძე ამბობს, რომ სასტუმრომ დამსვენებლების მიღება 2012 წლის 1 დეკემბრიდან დაიწყო:

 

„საახალწლოდ  სასტუმროს ნომრები “მარკო პოლოში” დასვენების მსურველებმა სექტემბერში დაჯავშნეს. ამ დროისათვის თავისუფალი ნომერი აღარ გვაქვს. იანვარშიც დატვირთული ვართ. ტურისტები, ძირითადად, უკრაინიდან, რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩამოდიან. სტანდარტული ნომრის ფასი 350 ლარია, სერვისში შედის ორჯერედი კვება.“  

 

გოგა მერკვილაძე ამბობს, რომ მზარდი მოთხოვნის მიუხედავად, 100- პროცენტიანი დატვირთვით  გუდაურში არც ერთი სასტუმრო არ მუშაობს:

 

„დატვირთვამ 70 პროცენტს რომ მიაღწიოს, ეს სასტუმროს ბიზნესში დიდი შედეგია. ახალ წლებზე და შაბათ–კვირას 100- პროცენტიანი დატვირთვა გვაქვს. ტურისტები “მარკო პოლოში” ძირითადად 10 დღე რჩებიან“.

 

საოჯახო სასტუმროებში, გუდაურში ერთდღიანი დასვენების ფასი სერვისის შესაბამისად 70-დან 250 ლარამდეა.

 

საოჯახო სასტუმრო „თრუსოს“ მენეჯერი ლევან კარიჭაშვილი ამბობს, რომ გუდაურის საოჯახო სასტუმროები 10–14- ნომრიანია:

 

“ორადგილიანი ნომრის ფასი მოთხოვნად სეზონზე 250 ლარია. ფასში ორჯერადი კვებაც შედის. ერთადგილიანი ნომრების ფასი 200 ლარია. სამადგილიან ნომრებში დამატებით საწოლიც იდგმება. დამატებითი საწოლის ფასი 70 ლარია.“  

 

კოტეჯების ფასები გუდაურში 30 ლარიდან 120 ლარამდე იცვლება:

 

„გააჩნია, რა სერვისია. 30 ლარი მხოლოდ დაძინება ღირს. თუ  პაკეტში კვება შედის და მანქანით მომსახურება, ფასი იზრდება.  კოტეჯები  სეზონზე კარგი დატვირთვით მუშაობენ,“ – ამბობს სერგო ფანჯიკიძე, რომელიც გუდაურში 10 კოტეჯს ფლობს.   

 

ბაკურიანში ყველაზე დიდი მოთხოვნა საოჯახო სასტუმროებზეა.  სასტუმრო „ფამუსის“ მენეჯერი  ია მეტრეველი ამბობს, რომ  შეთავაზებულ სერვისში სამჯერადი კვებით ერთი დამსვენებელი 70 ლარს იხდის:

 

„ჩვენთან დასვენებაზე მზარდი მოთხოვნაა. სასტუმრო სრული დატვირთვით მუშაობს მთელ სეზონზე.” 

 

ბაკურიანში კოტეჯებში დასვენების  ფასი ახალი წლის დღეებში საკმაოდ მაღალია:

 

„საახალწლო ფასი 280 დოლარია ერთ ღამეში, სხვა დღეები 220 დოლარი,“ – ამბობს ხატია ვასაძე, რომელიც ბაკურიანში 10 კოტეჯს ფლობს.  

 

არასაახალწლო დღეებში კოტეჯების ფასი კვების გარეშე ბაკურიანში  40 ლარიდან იწყება. ორჯერადი კვებით კოტეჯში 70 – 80 ლარად დაისვენებთ.

 

თუ ბაკურანში მთელ სახლს ერთი დღით დაიქირავებთ, 150 ლარის გადახდა მოგიწევთ.  სახლის 5 და მეტი დღით დაქირავების შემთხვევაში ფასდაკლების სისტემა მოქმედებს. „ჰოსტელებში“ დასვენების ფასი ბაკურიანში 20-35 ლარია.  

 

აჭარის ზამთრის კურორტ გომარდულში ძირითადად საოჯახო სასტუმროებია მოწყობილი. სასტუმრო სახლებში  დასვენება დღეში  სამჯერადი კვებით 60 ლარია, კვების გარეშე – 30 ლარი.

 

როგორც შუახევის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, გომარდულში თხილამურებით რბოლაში შეჯიბრი უნდა გაიმართოს, რაც კურორტის ცნობადობას გაზრდის. 2011 წელს გომარდულში 80 ტურისტი ჩავიდა. 2012 წელს მოლოდინი უფრო მაღალია.

მასალების გადაბეჭდვის წესი