ეკონომიკა

“გალფმა” და ‘ვისოლმა’ საწვავი 2–5 თეთრით გააიაფეს

18 დეკემბერი, 2012 • • 1306
“გალფმა” და ‘ვისოლმა’ საწვავი 2–5 თეთრით გააიაფეს

“ბოლო ორი დღის განმავლობაში კომპანიის თითქმის ყველა პროდუქტზე მოხდა ფასის კლება. „გალფის“ ავტოგასამართ სადგურებზე მისულ მომხმარებლებს დღეიდან შეეძლებათ სუპერი – 2.22, პრემიუმი – 2.17, ევრო რეგულარი – 2.05, რეგულარი – 2.03, ევრო დიზელი –
2.26 და დიზელი – 2.02 ლარად შეიძინონ. “გალფმა” ფასები საშუალოდ 2–8 თეთრით შემცირა.

როგორც კომპანიის მენეჯმენტი აღნიშნავს, აღნიშნულ პროდუქტებზე ფასების შემცირება საერთაშორისო ბაზარზე “პლაცზე” ფასის კლებამ განაპირობა.
ნინო ჯიბლაძის განმარტებით, კომპანიისთვის პრიორიტეტულია პროდუქტი ხელსაყრელ ფასად შესთავაზოს მის მომხმარებელს: “სწორედ ამიტომ კომპანიაში ფასების საკითხზე მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა.”

საწვავი ახალი ფასებით გამოიტანა ბაზარზე კომპანია “ვისოლმა”.  კომპანიაში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ფასი სხვადასხვა პროდუქტზე 2–5 თეთრით შემცირდა. “ვისოლში” ფასის კლებას საერთაშორისო ნავთობპროდუქტების ბაზარზე მიმდინარე ტენდენციას უკავშირებენ. 

 

კომპანიას 18 დეკემბრიდან  ბაზარზე “აპი სუპერს” 2,27, “აპი პრემიუმს” 2,23, “აპი დიზელს” 2,26, “ევრო რეგულარს” 2,10, “რეგენერჯის” 2,07 და “დიზელ ენერჯის” 2,05  ლარად გამოაქვს.  

  

ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასი საწვავზე კომპანია “რომპეტროლს” აქვს. კომპანიის ქსელში “ევრო სუპერი”– 2,25, “ეფიქს პრემიუმი”– 2,16 “ევრო რეგულარი”–2,06, “ეფიქს ევრო” –2,22, “ევრო დიზელი” 2,08 ლარად გამოაქვს.

 

საწვავსის ფასის შემცირებაზე კომენტარს არ აკეთებენ კომპანია “სოკარში”.  თუმცა აცხადებენ, რომ საწვავზე ფასის შემცირებას კომპანიის მენეჯმენტი განიხილავს.  

 

ოქტომბრის შემდეგ ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასი აღარ შეცვლილა. ფასის 8–10- თეთრიანი ვარდნის შემდეგ საწვავი 17–18 დეკემბერს 2–5 თეთრით გაიაფდა. დეკემბერში იმპორტიორები საწვავზე ფასის შემცირებას აღარ გეგმავდნენ, თუმცა “ნეტგაზეთთან” საუბარში განაცხადეს, რომ თუ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტებზე ფასი შემცირდა, ეს ტენდენცია საქართველოს ბაზარზეც აისახება.

მასალების გადაბეჭდვის წესი