ეკონომიკა

ფრანჩაიზინგის ფორუმი თბილისში რუსული კომპანიების მონაწილეობით

21 მარტი, 2017 • 3124
ფრანჩაიზინგის ფორუმი თბილისში რუსული კომპანიების მონაწილეობით

2-3 ივნისს თბილისში ჩატარდება ფრანჩაიზინგის საერთაშორისო გამოფენა BUYBRAND Transcaucasia, რომელშიც კომპანიები რუსეთიდანაც მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთში მოქმედი კომპანია “შოკოლადნიცას” მიერ ნეტგაზეთისთვის მოწერილ წერილში.

Collage_Fotor

“ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 100-ზე მეტი ბრენდი, რომლებიც რეგიონის ქვეყნების (საქართველო, სომხეთი, აზერბიაჯანი) ინვესტორებს საკუთარ ფრანშიზებს წარუდგენენ. გარდა “შოკოლადნიცას: კომპანიათა ჯგუფისა, (რომელიც წარმოდგენილია ბრენდებით: შოკოლადნიცა, ვაბი საბი [იაპონური სამზარეულო] და კოფე ჰაუსი [ყავის სახლი]), ღონისძიებაში ასევე მონაწილოებას მიიღებენ ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორიცაა როსინტერ რესტორანტს (ბრენდებით შიკარი [აღმოსავლური რესტორანი] და ილ პატიო – [პიცერია], “მარიას კუხნა” კონცეფციით “ვჭამთ შინ”, “გემოტესტი” და ა.შ.”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც ნეტგაზეთს “შოკოლადნიცამ” მიაწოდა. თავად “შოკოლადნიცა” თბილისში კაფეების ქსელის გახსნას გეგმავს.

2-3 ივნისს ზემოხსენებული ღონისძიება მართლაც არის დაგეგმილი თბილისში, კერძოდ, ექსპოჯორჯიაში. ამ ინფორმაციის დადასტურება ნეტგაზეთმა ექსპოჯორჯიაში შეძლო, თუმცა ეკონომიკის სამინისტროდან ჯერჯერობით ვერ მივიღეთ საბოლოო პასუხი, რა ინფორმაცია აქვს სამინისტროს ამ ღონისძიებაზე და ხომ არ არის რაიმე ფორმით ჩართული მის ორგანიზებაში.

ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ეს გამოფენა საქართველოში პირველად ტარდება. მათი სტრატეგიული პარტნიორები არიან რუსეთის ფრანჩაიზინგის ასოციაცია, გენერალური მედიაპარტნიორია www.rbc.ru. სრულად ღონისძიების პარტნიორების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

“უცხოეთის ბაზარზე რუსეთის წამყვანი ფრანჩაიზერების შესვლა მნიშნვნელოვანია იმიჯის თვალსაზრისითაც და ასევე მოგების კუთხითაც”, – აცხადებს ეკატერინა სოიაკი, საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორი.

“უახლოეს მომავალში, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ტურიზმის მზარდი განვითარების გათვალისწინებით, დიდი მოთხოვნით ისარგებლებს HORECA -ს სექტორის ფრენჩაიზინგის კონცეფციები – სასტუმროები, კაფეები, რესტორნები, სწრაფი კვების ქსელები. ამ სექტორში ინვესტიციები ყოველწლიურად დაახლოებით 15-20%-ით გაიზრდება”, – აღნიშნავს ექსპერტი. სოიაკის თქმით, დღეს  სომხეთის, საქართველოს და აზერბაიჯანის წლიური ბრუნვა საკვების სფეროს სეგმენტში დაახლოებით 3 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

“დღესდღეობით რესტორნები და კაფეები ძირითადად იხსნება  დედაქალაქებში  – ერევანი, ბაქო, თბილისი. ამასთან, დაკვირვება აჩვენებს, რომ აშკარა დეფიციტია საბიუჯეტო სეგმენტებში. სხვადასხვა მიზეზით ადამიანები ვერ ბედავენ ინვესტირებას სარესტორნო ბიზნესში.  სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელია ფრანშიზის დაწესებულებების გახსნით – ეს არის მინიმუმი რისკები, მზა ბიზნესი და სტაბილური შემოსავალი”, – ამბობს ეკატირინე სოიაკი.

მასალების გადაბეჭდვის წესი