ეკონომიკა

ახალი პუბლიკაცია ევროკავშირის ბაზარზე მოსახვედრად

26 ნოემბერი, 2012 • • 1193
ახალი პუბლიკაცია ევროკავშირის ბაზარზე მოსახვედრად

პუბლიკაციის მიზანია, ქართველ მეწარმეებს ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელებისა და წყლის სასაქონლო პროდუქციის მაგალითზე გააცნოს სურსათის წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციისა და ექსპორტის მიმართ  საქართველოსა და ევროკავშირში დღეისათვის მოქმედი ნორმატიული აქტები, აგრეთვე,  საერთაშორისო სტანდარტები და ხელშეკრულებები, რაც მათ ამ პროდუქტების ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტში დაეხმარება.

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს მიერ განხორციელებული ექსპორტის ხელშეწყობის პროექტის მიზანია ევროპის ბაზარზე ექსპორტირებისთვის საჭირო  საერთაშორისო სავაჭრო პრაქტიკის, წესებისა და ნორმების შესახებ ქართველ  მეწარმეთა ცოდნის ამაღლება. პროექტის ფარგლებში გამოცემული ყველა პუბლიკაცია  ქართულ ენაზეა დაწერილი და თან ინგლისურ ენაზე მომზადებული მოკლე ანოტაცია ერთვის. 

 

პუბლიკაციის შესახებ საუბრისას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა  დავით კირვალიძემ განაცხადა:

 

,,ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს მიერ გამოცემული პუბლიკაცია ქართველ მეწარმეებს ევროკავშირის ბაზარზე ალკოჰოლიანი  და უალკოჰოლო სასმელებისა და წყლის სასაქონლო პროდუქციის ექსპორტის შესახებ  მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის და პრაქტიკულ სახელმძღვანელოს წარმოადგენს.  აღსანიშნავია ისიც, რომ პუბლიკაცია ევროკავშირის რთულ მოთხოვნებსა და  სტანდარტებს დაინტერესებულ მკითხველს მარტივი და გასაგები ენით უხსნის. ახალი მთავრობა ყველა ღონეს იხმარს, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს საქართველოს საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური რეალიზება.” 

 

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით:

 

,,ამ პუბლიკაციის გამოცემით ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭო წარმატებით ასრულებს მის ერთ-ერთ უმთავრეს ფუნქციას  – ევროპასთან ვაჭრობის საკითხებზე ქართველი მეწარმეების ცოდნის ამაღლების ხელშეწყობას, რაც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო  სივრცის (DCFTA) შესახებ მოლაპარაკებების პროცესში ქვეყანაში რეფორმების  განხორციელების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია.”

მასალების გადაბეჭდვის წესი