ეკონომიკა

რატომ შემცირდა გაყიდვები უძრავი ქონების ბაზარზე

21 ნოემბერი, 2012 • • 2167
რატომ შემცირდა გაყიდვები უძრავი ქონების ბაზარზე

 

მშენებლობა
მშენებლობა

 

უძრავი ქონების სააგენტო „ბათუმი რეალთორის“ დამფუძნებელი და ბათუმის მშენებელთა და დეველოპერთა ასოციაციის ხელმძღვანელი დავით წურქავა ამბობს, რომ ბათუმში, უძრავი ქონებით ვაჭრობის სეგმენტში თვალშისაცემი აქტიურობა არჩევნებამდე იყო:

 

„ახლა არის მცირე ვარდნა უძრავი ქონების მოთხოვნაზე, მაგრამ ეს დროებითი მოვლენაა. მალე ბრუნვა ისევ გაიზრდება.“

 

დავით წურქავას ინფორმაციით, ბათუმში ბინების 62 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები ყიდულობდნენ. 18 პროცენტი რუსეთის მოქალაქეების მიერ განხორციელებულ შესყიდვებზე მოდის, მესამე ადგილზეა უკრაინა, შემდეგ კი – სომხეთი და თურქეთი.

 

„ბათუმში, კარკასულ ბინებში 1 კვადრატულ მეტრ საცხოვრებელ ფართზე ფასი 400 დოლარიდან იწყება. ასევე არის ისეთი ბინები, რომლებიც ბათუმის გარეთ შენდება. აქ ფასი  3000–3,500 დოლარია. ბინების 80 პროცენტი შავი კარკასის მდგომარეობაში იყიდება. კომპანიები მომხმარებელს განვადების სისტემას სთავაზობენ. პირველი შენატანი ბინის ღირებულების 30 პროცენტია,“ – ამბობს „ბათუმი რეალთორის“ დამფუძნებელი.

 

მისი თქმით, დიდი მოთხოვნა არის პატარა ფართის ბინებზე:

 

“ზღვის ნაპირთან ახლოს მდებარე სასტუმროს ტიპის სახლებზე, რომელსაც კომპანია „ორბი ჯგუფი“ აშენებს. მათ ხუთი პროექტი აქვთ ზღვის სანაპიროზე. ახალი პროექტი როცა დაიწყო, ერთ კვირაში გაიყიდა 120 ბინა.“

 

„ორბი ჯგუფის“  ხელმძღვანელი გურამ ზოიძე ამბობს, რომ კომპანიის მიერ აშენებულ ბინებზე მოთხოვნა სტაბილურია:

 

„ბევრი გვიცნობს და გვენდობა. თვეში დაახლობით 1000 კვადრატულ მეტრს ვყიდით. ამ დროისათვის მიმდინარე 6 პროეექტი გვაქვს. 1 კვადრატულის მაქსიმალური ფასი 2 000 დოლარია, ხედების და მშნებლობის ეტაპის მიხედვით.“ 

 

გურამ ზოიძის განცხადებით, კომპანია ძირითადად ზღვის პირას აშენებს:

 

„ეს არის სასტუმროს ტიპის კომპლექსები. 1 კვადრატული მეტრი შავი კარკასის ფასი 750 დოლარიდან იწყება. მშენებლობის დაწყებას პერიფერიებშიც ვგეგმავთ, რადგან  მოთხოვნა სტაბილურია“.  

 

სამშენებლო კომპანია „ცვლილებათა ქარის“ ხელმძღვანელი  მურმან თურმანიძე ამბობს, რომ საცხობრებელი ფართის გაყიდვების მაჩვენებელი არჩევნების შემდეგ  დაეცა:

 

„ამ ეტაპზე გაყიდვები შეჩერებულია. ფართები განსაკუთრებით კარგად იყიდებოდა ზაფხულის თვეებში. ძირითადი მყიდველი საქართველოს მოსახლეობაა, არიან უცხოელებიც. ბინებს ყიდულობენ ემიგრანტები. ფართები ცენტრში უკეთ იყიდება და მოთხოვნა ძირითადად ეკონომკლასის ბინებზეა“.

 

„ცვლილებათა ქარს“ ბათუმში ორი სახლი აქვს დასრულებული – ლერმონტოვის და ბაგრატიონის ქუჩის კვეთაზე და რუსთაველის ქუჩაზე, ბულვართან.

 

„ძირითადად შავ კარკასს ვყიდით.  ლერმონტოვზე 1 კვადრატულის ფასი 600 დოლარია.  რუსთაველზე – ფასი 1300 დოლარიდან იწყება. ფართის ფასს სართული და ხედი განსაზღვრავს. ბინაზე, ზღვის კარგი ხედებით, ფასი მაღალია და მეორე სართულზე ფასი 1300 დოლარია, ბოლო სართულზე კი– 2 200 დოლარი.“

 

არჩევნების შემდეგ გაყიდვების მაჩვენებელი დაბალია თბილისის უძრავი ქონების ბაზარზეც.

 

უძრავი ქონების სააგენტო „ერდო ჯგუფის“ ხელმძღვანელი გურამ ფალავანდიშვილი ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ პირველად ბაზარზე აქტივობა ნელ–ნელა იზრდება:

 

„აქტივობა გაიზარდა. მოთხოვნის პიკი იყო ომამდე. მაშინ შენდებოდა საქართველოში 2 მილიონი კვადრატული მეტრი. ახლა შენდება 100 ათასი კვადრატული მეტრი. პირველადი ფართი დეფიციტურია. შესაბამისად, მოთხოვნა იზრდება. უკვე გამოჩდნენ ახალი სამშენებლო კომპანიები, რომლებიც ყიდულობენ მიწის ნაკვეთებს. ნაკვეთები, სადაც ახალი კორპუსები უნდა აშენდეს, 2012 წლის ბოლომდე გაიყიდება.“

 

რაც შეეხება კვადრატული მეტრების ფასს, თბილისში,  გარეუბნებში 1 კვადრატული შავი კარკასის ფასი 500 დოლარია. მაქსიმალური ფასი ძველ თბილისში 2000 ევროს აღწევს. ფალავანდიშვილის ინფორმაციით, პირველად ბაზარზე არსებული დეფიციტის გამო მეორად ბაზარზე საკუთარი ქონების ფასი  გამყიდველების 10–მა პროცენტმა გაზარდა.

 

„თბილისში მოთხოვნა არის ძირითადად თეთრ კარკასზე. შავი კარკასის ყიდვა იმიტომ არის საშიში, რომ შეიძლება შენობა არ დამთავრდეს. 1 კვადრატული მეტრი თეთრი კარკასის ფასი საბურთალოზე  800–1 300 დოლარამდე მერყეობს. ვაკეში 1000-დან იწყება ფასი და 1500 დოლარამდე ადის,“ – ამბობს ფალავანდიშვილი.  

 

თბილისის ბაზარზე არჩევნების შემდეგ ახალი სამშენებლო კომპანიები შემოდიან. „თბილ ელიტ ჰაუსის“ ხელმძღვანელი ნოდარ ხონელიძე ამბობს, რომ ახალი კორპუსის მშენებლობას საბურთალოზე, ნუცუბიძის ქუჩაზე ერთ კვირაში დაიწყებს:

 

„დოკუმენტაცია მზადდება. სახლს ავაშენებთ ნუცუბიძეზე. ბაზარზე გასაყიდად შავ და თეთრ კარკასსაც გამოვიტანთ.  გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მივიღებთ, თუ როგორი მოთხოვნა ექნება მომხმარებელს. საცხოვრებელი ფართის ფასს ბაზარი დაარეგულირებს. სხვადასხვა ფასი გვექნება შავ კარკასზე.“

 

ნოდარ ხონელიძის პროგნოზით, პირველადი ბინების ბაზარზე დაბალი აქტივობა საარჩევნო კამპანიამ განაპირობა:

 

„დეველოპერები ელოდებოდნენ არჩევნებს. იმედი გვაქვს, რომ მდგომარეობა გამოსწორდება. სამშენებლო ბიზნესს ხელშეწყობას პირდებიან.“

 

თბილისში, პირველადი ბინების ბაზარზე არსებულ დაბალ აქტივობაზე საუბრობს სამშენებლო კომპანია „ვერტიკალის“ ხელმძღვანელი ნათელა ვეკუა:

 

„ჩვენ ვაშენებთ თბილისში, სარაჯიშვილის მეტროსთან. შავი კარკასის ფასი ერთ კვადრატულ მეტრზე 550 დოლარია. მოთხოვნა არის, მაგრამ სამ თვეში ერთხელ რამდენიმე ბინა იყიდება.“  

 

ნათელა ვეკუა ამბობს, რომ დაბალი აქტივობის მიზეზი სამშენებლო ბიზნესში არსებული რისკებია:

 

„ბევრმა კომპანიამ ბინები ვერ დაასრულა. ახლა ჰაერს არავინ არ იყიდის, მოთხოვნა ეკონომკლასის დასრულებულ ბინებზეა.“

მასალების გადაბეჭდვის წესი