ეკონომიკა

ბიზნესის კონსოლიდაცია წართმეული ქონების დასაბრუნებლად

30 ოქტომბერი, 2012 • • 1811
ბიზნესის კონსოლიდაცია წართმეული ქონების დასაბრუნებლად

„დააბრუნე“ არის პროექტი, რომელიც დაზარალებულ და დაჩაგრულ ბიზნესმენებს დაიცავს და მათ საკუთრების უფლების აღდგენაში დაეხმარება. ეს პროექტი დაიწყო იმისათვის, რომ უკეთესად შევიმუშავოთ  სტრატეგია და მივმართოთ მთავრობას დახმარებისათვის. დაზარალებულმა უკეთ იცის, რა სჭირდება, ვიდრე – მთავრობამ, ამიტომ ქონების დაბრუნების სტრატეგიას ბიზნესმენები და იურისტები ერთობლივად  შეიმუშავებენ,“ – ეს განცხადება მამია სანადირაძემ „for.ge“–ს ოფისში მედიასთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

 

მისი თქმით, პროექტის „დააბრუნე“ ფარგლებში სათანადო დოკუმენტაციას ორგანიზაცია „ქართული ბიზნესის“ იურისტები მოამზადებენ და მთავრობას რეკომენდაციებს წარუდგენენ:

 

„ჩვენ ვთვლით, რომ  ეს უფრო შედეგიანი იქნება და მოკლე ვადაში დაუბრუნდება ხალხს თავისი საკუთრება. აღდგენილი იქნება სამართლიანობა იმ მეწარმეების მიმართ, რომელთაც “ნაციონალებთან” ასოცირებული ბიზნესმენი ან მთავრობის წარმომადგენელი უნგრევდა და ართმევდა კონკრეტულ ბიზნესს.“

 

მამია სანადირაძის ინფორმაციით, პროექტს უცხოეთში გაქცეული ბიზნესმენების მხრიდან გამოხმაურება უკვე მოჰყვა: „ჩვენი მიზანი არის  მეილზე ქონებაწართმეულმა ბიზნესმენებმა მოგვაწოდონ  ინფორმაცია. ჩვენ აღვრიცხავთ და დავუკავშირდებით მათ. საკუთარი უფლებების დასაცავად ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ.“

 

მამია სანადირაძე აცხადებს, რომ „კავკასუს ონლაინის“  წართმევის პროცესში  ირიბად მონაწილეობდა „სილქნეტის“ გენერალური დირექტორი გიორგი რამიშვილი.

 

სანადირაძემ შსს–ს და პროკურატურას „კავკაზუს ონლაინის“  უკანონოდ გასხვისების  და შემდგომ კომპანიის მენეჯმენტის ქმედებების შესწავლის მიზნით უკვე მიმართა: 

 

„მე მივმართე განცხადებით შსს-ს და პროკურატურას „კავკაზუს ონლაინის” უკანონო ქმედებების გამოსაძიებლად. შემდგომ მოხდება ჩემი დაკითხვა. გამოძიება დაადგენს დამნაშავეთა წრეს, რათა დათვლილ იქნას იმ ზარალის ოდენობა, რაც ამ პროცესების შედეგად მოგვადგა. ამის შემდგომ დადგენილი იქნება კავშირები იმ ფინანსურ ჯგუფთან, ვინც ჩემი ქონება შეიძინა. გაირკვევა, რა გზით შეიძლება ბიზნესის დაბრუნება. გამოძიებული იქნება კომპანიაში მენეჯმენტის მიერ განხორციელებული  ქმედებები და გაფლანგვები.“

 

მამია სანადირაძე „ნეტგაზეთთან“ „კავკასუს ონლაინის“ წილის გასხვისების ფინანასურ დეტალებზე არ საუბრიბს: „გარკვეული თანხა გადამიხადეს და ისე წაიღეს კომპანია. როცა მოხდება მისი დაბრუნება, ჩვენ დავითვლით იმ თანხას, რაც იყო გადახდილი, ასევე ზარალის ოდენობაც იქნება დათვლილი. ამ თანხებს დავაბალანსებთ.  გადახდილი თანხის მოცულობა არის კომერციული საიდუმლოება. ჩემი ბიზნესი მიითვისა „ჯიემ სი“ ბიზნესჯგუფმა. მათ ჩემი ბიზნესის გარდა მრავალი კომპანია აქვთ მითვისებული. ჩემთან უშუალო ურთიერთობა ჰქონდა ლევან ყარამანიშვილს. ჩემი ინფორმაციით, ამ ჯგუფში არიან შარანგია ბესო და მისი ძმები. ეს ორი ადამიანი პირადად მეკონტაქტებოდა“ .

 

საკუთრების უფლებაშეზღუდულ ბიზნესებთან უშუალოდ არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართული ბიზნესის“ იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელს, ზვიად გელაშვილს ექნება ურთიერთობა:

 

„არასამთავრობო ორგანიზაცია  „ქართული ბიზნესის“ ინიციატივით და მამია სანადირაძის დაფინანასებით იწყება პროექტი „დააბრუნე“. ჩვენ ვაძლევთ  საშუალებას ყველა იმ ბიზნესმენს რომლის საკუთრების უფლებაც  დაირღვა – მოგვმართონ. ჩვენ თითეულ საქმეს  ინდივიდუალურად შევისწავლით.“  

 

ზვიად გელაშვილის განმარტებით, ბიზნესების წართმევის სქემებში ხშირად  ერთი და იგივე ადამიანები ფიგურირებენ: „იკვეთება დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფები, რომელთაც წაართვეს, დაიტაცეს და გაყიდეს ბიზნესი. ჩვენ შესაბამის ორგანოებს გადავცემთ ამ მასალებს.  ძალაუფლებით აღჭურვილი პირები იმ შემთხვევაში იყენებენ საკუთარ პრივილეგიებს, როცა არის გარკვეული სისტემური და საკანონმდებლო ხარვეზები. ამ საქმეების განზოგადება და ანალიზი მოგვცემს დანაშაულებრივი ფაქტების და  სისტემური და საკანონმდებლო ხარვეზების გამოვლენის შესაძლებლობას.“

 

ზვიად გელაშვილი ამბობს, რომ სისტემურ და საკანონმდებლო ხარვეზებზე  კონკრეტული  რეკომენდაციები შემუშავდება და საკანონმდებლო ორგანოს გადაეცემა. კონკრეტულ საქმეებზე კი საჩივარი პროკურატურაში შევა.

 

მამია სანადირაძე, ზვიად გელაშვილი
მამია სანადირაძე, ზვიად გელაშვილი

2012 წლის სექტემბერში ბიზნესისთვის წართმეულ ქონებაზე წარწერა „წართმეულია“ გაჩნდა. საინიციატივო ჯგუფის წევრებმა, უფლაბადამცველი დაჩი ცაგურიას ინიციატივით, წარწერა „წართმეულია“ ჭავჭავაძის 44–ში მდებარე კომპანია “ალბატროს დელუქსის” მფლობელობაში არსებული “ალბატროსის” მაღაზიის ვიტრაჟებზე გაკეთდა. ეს ქონება ავსტრიაში გადახვეწილ ბიზნესმენს დავით ბეგიაშვილს ეკუთვნის.

 

უფლებადამცველთა საინიციატივო ჯგუფმა „ბიზნესმენები საქართველოში თავისუფალი ბიზნესისათვის“ 2012 წლის 18 სექტემბერს ბიზნესმენთა 147–კაციანი სია გაავრცელა, როელთაც ბიზნესი წაართვეს და  ბოლო წლებში სხვადასხვა ბრალდებით გაასამართლეს. მამია სანადირაძის ინფორმაციით, პროექტის „დააბრუნე“ ფარგლებში მას ავსტრიიდან და ინგლისიდან ის რამდენიმე ბიზნესმენი დაუკავშირდა, რომლებიც აღნიშნულ სიაში ფიგურირებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი