წინამდებარე პუბლიკაციის მიზანია, ქართველ მეწარმეებს, მწვანილის, დაფნის ფოთლისა და თხილის მაგალითზე, გააცნოს არაცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციისა და ექსპორტის მარეგულირებელი საქართველოსა და ევროკავშირში დღეისათვის მოქმედი ნორმატიული აქტები. აგრეთვე საერთაშორისო სტანდარტები, რაც მათ ამ პროდუქტების ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტში დაეხმარება.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა პროექტის შედეგებით კმაყოფილება გამოხატა:
“მოხარულები ვართ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოსთან თანამშრომლობით, ვინაიდან გვჯერა, რომ ეს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ მოლაპარაკებების პროცესში ქვეყანაში რეფორმების განხორციელებას”.
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ემანუელ ჰატონის განცხადებით, “გამოცემული პუბლიკაცია სასარგებლო პრაქტიკული სახელმძღვანელო იქნება იმ ქართველი ექსპორტიორებისთვის, რომლებიც ევროპულ ბაზარზე მცენარეული წარმოშობის სურსათის ექსპორტით არიან დაინტერესებული.ამ საქმიანობით საბჭო ხელს უწყობს ევროპასთან ვაჭრობის საკითხებზე ქართველი მეწარმეების ცოდნის ამაღლებას“.
პროექტის მიზნებზე საუბრისას ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალურმა მდივანმა კოტე ზალდასტანიშვილმა განაცხადა: “ჩვენ მიერ გამოცემული პუბლიკაცია, რომელიც მკითხველისთვის მარტივი და გასაგები ენით არის დაწერილი და დაგეგმილი სემინარი, ქართველ მეწარმეებს ევროკავშირის ბაზარზე არაცხოველური წარმოშობის სურსათის ექსპორტის სხვადასხვა ასპექტების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის და ამით ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობაში თავის წვლილს შეიტანს”.