ეკონომიკა

‘ბერტას’ თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში გაუშვეს

24 ოქტომბერი, 2012 • • 4060
‘ბერტას’ თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში გაუშვეს

“ბერტას” თანამშრომლების ინფორმაციით, ისინი უხელფასო შვებულებაში ერთი კვირის წინ გავიდნენ:  

 

“საწარმოს ადმინისტრაციამ გვითხრა, რომ კომპანიას ფინანსური პრობლემები აქვს, ეძებენ გამოსავალს და დაფინანსების სხვა წყაროებს. თუ ფინანასური პრობლემა მოგვარდა, მაშინ სამუშაო ადგილებზე დაგაბრუნებთო”. 

 

“ბერტას” თანამშრომლების ინფორმაციით, საწარმოში შექმნილი ფინანსური პრობლემები ხელისუფლების ცვლილებას უკავშირდება:

 

“ბერტაში მდგომარეობა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიძაბა. საწარმოს მენეჯმენტს პრობლემები ჰქონდა დისტრიბუციასთანაც. ბერტას პროდუქციის რეალიზაცია ერთი დღით გაჩერდა.”

 

საჯარო რეესტრის მონაცემებით,  “ბერტას”  57 პროცენტს ლუხუმ კაპანაძე ფლობს. მცხეთა–მთიანეთის გუბერნატორის ძმას იაგო ჩოჩელს –კომპანიის 23 პროცენტი, ხოლო კაპანაძის ბიზნესპარტნიორ ნიკოლოზ  შაქარიშვილს 20 პროცენტი ეკუთვნის.

სტუდია “მონიტორის” ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, “ლემისე კომპანის” დამფუძნებელი ლუხუმ კაპანაძე მინისტრ ვანო მერაბიშვილის უახლოესი მეგობარია. ჟურნალისტური გამოძიებით დადასტურდა, რომ “ლემისე კომპანიმ” ამ ხელისუფლების პირობებში ასეულობით ჰექტარი მიწის ნაკვეთი მიიღო 1 ლარად ან სიმბოლურ ფასად, მერე კი გაყიდა. ამ ყიდვა-გაყიდვის შედეგად ლუხუმ კაპანაძის კომპანიამ 27 მილიონამდე დოლარი მოიგო.

 

კომპანიის თანამშრომლები ამბობენ, რომ  “ბერტა” ბოლომდე გაჩერებული არ არის. კომპანიაში არსებულ პრობლემებზე არ საუბრობენ სადისტრიბუციო კომპანია “ბერტა 2010”–ის მენეჯერებიც. “ნეტგაზეთს” სადისტრიბუციო კომპანიაში განუცხადეს, რომ “ბერტა 2010” იგივე დატვირთვით მუშაობს და სარეცხი საშუალებების დისტრიბუციას ახორციელებს.     

 

“ბერტას” თანამშრომლების უხელფასო შვებულებაში გაშვების ფაქტს კომპანიის პრესსამსახურში ადასტურებენ, თუმცა სხვა დეტალებზე არ საუბრობენ. “ნეტგაზეთის”  კითხვებს კომპანიაში შექმნილი ვითარების შესახებ “ბერტას” კომერციულმა დირექტორმა გიორგი მელაძემ ამ დრომდე არ უპასუხა.

“ნეტგაზეთი” “ბერტას”  23 პროცენტის მფლობელ იაგო ჩოჩელთანაც შეეცადა დაკავშირებას, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

 

იაგო ჩოჩელი, “ბერტას” გარდა, კომპანია “ბარამბოში” 66 პროცენტს ფლობს, მისი შენატანი კომპანის საწესდებო კაპიტალში 8 მილიონ 66 ათას 600 ევროა, ექვივალნტით ლარებში.

 

საჯარო რეესტრის მონაცემებით, იაგო ჩოჩელი ასევე სააქციო საზოგადოება “ქართული ლუდის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. კომპანიების აქციების 70 პროცენტს შპს „რკინაბეტონის შპალის ქარხანა“ ფლობს, რომელიც შპს „მიქსორს“ ეკუთვნის. მისი ერთპიროვნული მესაკუთრე  იაგო ჩოჩელია. „ლუდის კომპანიის“ 20%-ს შპს „საქართველოს ენერგეტიკული კორპორაცია“ ფლობს, რომელიც  თავის მხრივ კომპანია „ავტოგაზ პირველის“ 60%-ს ფლობს.  

 

კომპანია “ბერტა” 2009 წელს დაარსდა. რომელიც  ამიერკავკასიაში  საყოფაცხოვრებო მოხმარებისა და ჰიგიენური პროდუქტების პირველი და უმსხვილესი მწარმოებელია. კომპანია “ბერტა” მცხეთის რაიონის სოფელ წეროვანში მდებარეობს. პროექტის განხორციელებაში 35 მილიონი დოლარი ჩაიდო, “ბერტას” ქარხნის ინდუსტრიული კომპლექსი 7 ჰექტარზეა აშენებული და დაახლოებით 200 ადამიანი იყო დასაქმებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი