ეკონომიკა

რა შემთხვევაში შეძლებს ‘ბურჯი’ დაბრუნებული ქონების განკარგვას

12 ოქტომბერი, 2012 • • 1306
რა შემთხვევაში შეძლებს ‘ბურჯი’ დაბრუნებული ქონების განკარგვას

გიორგი ყავლაშვილი
გიორგი ყავლაშვილი

კომპანია „ბურჯის“ დირექტორი ნოე ქინქლაძე ამბობს, რომ „ბურჯის“ ქონებას ყადაღა იმ შემთხვევაში აეხსნება, თუ პროკურატურა კომპანია „გამას“ გენერალური დირექტორის  გიორგი ყავლაშვილის მიერ მედიისთვის მიცემული კომენტარით დაინტერესედება და სისხლის სამართლის საქმეს აღძრავს:

 

„ყადაღა არ ახსნია კომპანიის ქონებას. გაბათილდა მხოლოდ აუქციონის შედეგი, რადგან ჩაითვალა უკანონოდ. გაყიდული ქონება დაუბრუნდა აღსრულების ბიუროს, შემდეგ კი, “ბურჯს”.  

 

ვფიქრობ, პროკურატურამ ყავლაშვილის განცხადებების საფუძველზე უნდა აღძრას საქმე და მოიკვლიოს, რა მოხდა ზოგადად.  ან აუდიტის სამსახურმა უნდა თქვას, რომ უკანონოდ დააკისრა კომპანიას ჯარიმა და სასამართლო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტოლებას.“

 

კომპანია “ბურჯი” “ქართულ ოცნებაში” შემავალი პარტიებისთვის სატრანსპორტო საშუალებების მიქირავებისა და ოფისების გარემონტების გამო, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის საფუძველზე, სასამართლომ ზაფხულში უკანონო შემომწირველად სცნო და 10 მილიონზე მეტი ლარით დააჯარიმა. “ბურჯის” ქონება აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აუქციონზე გასაყიდად 2012 წლის 26 ივლისს გაიტანა. იმავე დღეს, 26 ივლისს, საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა ახალი კომპანია – შპს “გამა”. სწორედ აღნიშნულმა ფირმამ 8 761 513.55 ლარად შპს “ბურჯის” ქონება 2 აგვისტოს შეიძინა. 

 

„ბურჯს“ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ქონება 2012 წლის 10 ოქტომბერს დაუბრუნა. უწყებამ ზაფხულში გამართული აუქციონი უკანონოდ სცნო.

 

2012 წლის 11 ოქტომბერს კომპანია „გამას“ დირექტორმა გიორგი ყავლაშვილმა „ობიექტივთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ კომპანია „გამას“ დირექტორად, რომელმაც „ბურჯის“ ქონება აუქციონზე იყიდა, მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავას მითითებით დაინიშნა:

 

„იმ პერიოდში, როცა ბურჯის ქონება აუქციონზე გაიტანეს, ჩემთან დაკავშირება მოხდა პროკურატურიდან. ერთ გვიან საღამოს მქონდა შეხვედრა მთავარ პროკურორ ბატონ მურთაზ ზოდელავასთან, რომელიც მესაუბრა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. არის გარკვეული კომპანია, ინვესტორთა გარკვეული ჯგუფით, რომელთაც სურთ, რომ შენ წარმოადგინო, როგორც დირექტორმა. ეს არის ის შემთხვევა, როცა შენ უნდა გამოადგე ქვეყანას და საზოგადოებრივ ინტერესს. მე სხვა ჯგუფთან შეხვედრა არ მქონია. ვიკითხე, ვინ იყვნენ კომპანიის დამფუძნებლები, მან მიპასუხა, რომ ეს არ გახმაურდება.“

 

გიორგი ყავლაშვილი ამბობს, რომ ზოდელავას შემოთავაზებას ნებაყოფლობით დათანხმდა: „ვერ ვიტყვი, რომ რაიმე იძულება გამხორციელდა, ან ვინმე რაიმე ფორმით დამემუქრა. ისეთ ფორამტში იყო შეხვედრა, რომ არც გამირისკავს, გამომეხატა ჩემი პოზიცია და მეთქვა, რომ არ მაქვს სურვილი ამ ტიპის პროცეში მონაწილეობის მიღებისა. იმ პერიოდში, როცა ეს აუქციონი შედგა, მე მემკვიდრეობით მივიღე კომპანია, რომლის ამონაწერშიც გახლდით როგორც დირექტორი დაფიქსირებული და რომელიც შექმნილი იყო ერთ–ერთი ოფშორული კომპანიის მიერ.“  

 

ყავლაშვილი ასევე აცხადებს, რომ მას, როგორც „გამას“ წარმომადგენელს, აუქციონზე ფული არ გადაუხდია: „მე, როგორც „გამას“ დირექტორს და წარმომადგენელს, ეს თანხა არ გადამიხდია. უშუალოდ „გამას“ მხრიდან თანხა არ გადახდილა. მითხრეს, რომ ეს თანხა დამფუძნებლებმა შეიტანეს. მე პირადად ეს დოკუმენტი არ მინახავს. „გამას“ საფინანსო და იურიდიულ დოკუმენტაციაში არის სააღსრულებო ბიუროს განკარგულება, რომ თანხა გადახდილია. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ეს მხოლოდ ფურცელზე იყოს.“

 

კომპანია „ბურჯის“ ხელმძღვანელი ნოე ქინქლაძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ გიორგი ყავლაშვილს ის არჩევნების შემდეგ ქონების დაბრუნებამდე შეხვდა: „გამას“ წარმომადგენლებს ბევრჯერ შევხვედრივარ. არჩევნებამდე ამ თამაზე საუბარი არ ყოფილა. არჩევნების შემდეგ ყავლაშვილმა თქვა, რომ მე არ მაქვს თანხა გადახდილი, ალბათ დამფუძნებლებმა გადაიხადესო.“

 

„გამამ“ „ბურჯის“ ქონების ფლობის პერიოდში 41 ერთეული ავტომობილი გაყიდა. რაც შეეხება ქონების რეალიზაციიდან მიღებულ ფულს, ყავლაშვილი ამბობს, რომ თანხის გადარიცხვის შესახებ მას ზოდელავასგან ინსტრუქცია არ მიუღია.  

 

კომპანია „გამას“ გენერალური დირექტორი „ნეტგაზეთისთვის“ 2012 წლის 8 აგვისტოს მიცემულ ინტერვიუში აცხადებდა, რომ   კომპანია „გამას“ ჰყავდა როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინვესტორ–დამფუძნებელთა ჯგუფი. ამ ადამიანებს სურდათ „ბურჯის“ ქონების შეძენა და ის,  როგორც დირექტორი, იდგა ამ კომპანიის სათავეში და ხელისუფლებასთან კავშირებს უარყოფდა:

 

„მე ადვოკატი ვარ და 1998 წლიდან ვახორციელებ ამ საქმიანობას. არც ერთ ეტაპზე ჩემი საქმიანობისა არც არის შესაძლებელი, ვინმეს კადრი ვიყო. ვარ აბსოლუტურად თავისუფალი პროფესიის წარმომადგენელი და ვახორციელებ ამ საქმიანობას. საპროცესო შეთანხმებით როცა სრულდება საქმე, ეს არის კლიენტის სურვილი. აქედან გამომდინარე, ჩემი კავშირი ჩემს საადვოკატო საქმიანობას უკავშირდება. „გამას“ დამფუძნებლებმაც, რომელთაც არ სურდათ ამ სიტუაციაში გამოჩენილიყვნენ, გადაწყვიტეს მოემართათ ჩემთვის, იურიდულ სფეროში გამოცდილი ადამიანისთვის და მოლოდ ეს არის. აქ არ არის არანაირი კავშირები ხელისუფლებასთან..“

 

„გამას“ დირექტორობამდე ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი პირადად მონაწილეობდა ტელეკომპანია “პირველი სტერეოსა” და ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტოგრაფების საქმეებში.

 

გიორგი ყავლაშვილი არის კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, ამჟამად კი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორისტარი კანდიდატის – ლევან ბეჟაშვილის მეჯვარე.

მასალების გადაბეჭდვის წესი