ეკონომიკა

პრეზიდენტმა კომუნიკაციების კომისიის წევრობის კანდიდატები წარადგინა

3 თებერვალი, 2015 •
პრეზიდენტმა კომუნიკაციების  კომისიის წევრობის კანდიდატები წარადგინა
ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატურები ღია კონკურსის შედეგად შეირჩნენ.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად  პრეზიდენტმა ანა ნაკაშიძის, მერაბ ქათამაძისა და აკაკი სიხარულიძის კანდიდატურები წარადგინა;

აკაკი სიხარულიძე კომუნიკაციების კომისიაში 2009 წლის მარტიდან მუშაობდა. 2013 წლის ოქტომბრიდან კი კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა 2014 წლის მაისამდე.

მეორე ვაკანტურ თანამდებობაზე ელისო ასანიძის, რატი სხირტლაძისა და სიმონ ნოზაძის  კანდიდატურები შესთავაზა;


ხოლო მესამე ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად, გიორგი ფრუიძის, სერგო შავგულიძისა და თამარ ალფაიძის კანდიდატურები დაასახელა. 


გიორგი ფრუიძე კომუნიკაციების კომისიის წევრად 2005 წლიდან 2009 წლის იანვრამდე მუშაობდა.  სერგო შავგულიძე 2004 წლის ნოემბრიდან მუშაობდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე.  

 

შესაბამისი წარდგინება საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს უკვე გადაუგზავნა. 

 

კომუნუკაციების კკომისიაში, რომელიც 5 წევრისგან შედგება, ორი წევრი პარლამენტმა 2014 წელს დაამტკიცა: 

 

პარლამენტმა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წევრის თანამდებობაზე ვახტანგ აბაშიძე 2014 წლის აპრილში პრეზიდენტის წარდგინებით საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა. ვახტანგ აბაშიძე კომისიის წევრი და თავმჯდომარე 2000-2004 წლებშიც იყო.

 

კომისიის კიდევ ერთი წევრი კახა ბექაური პრეზიდენტის წარდგინებით კომუნიკაციების კომისიის წევრის თანამდებობაზე პარლამენტმა 2014 წლის იანვარში დაამტკიცა.  მანამდე ბექაური ტელეკომპანია “მე-9 არხის” გენერალური დირექტორის თამამდებობას იკავებდა. 

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის  კანდიდატთა შესარჩევ ღია კონკურსში მონაწილე პირთა სია 2015 წლის 15 იანვარს გამოაქვეყნა. 

 

კომუნიკაციების ეროვნული კომისია მოქმედი კანონით 5 წევრისგან განისაზღვრება, თანამდებობრივი უფლებამოსილების ვადა კი -6 წლით. მიმდინარე წლის 12 მარტს  უფლებამოსილების ვადა ეწურებათ აკაკი სიხარულიძეს, ირაკლი მოსეშვილს და სოფიო ბრიტანჩუკს. კანონმდებლობის თანახმად,  ვაკანსიის გაჩენამდე 100 დღით ადრე პრეზიდენტმა ღია კონკურსი გამოაცხადა. პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატების სიიდან (თითო ვაკანსიაზე 3-3 პრეტენდენტი) პარლამენტი ამტკიცებს.

 

 

კომუნიკაციების კომისია
კომუნიკაციების კომისია

მასალების გადაბეჭდვის წესი