ისაკაძემ თავისი კუთვნილი კომპანიების – ამხანაგობა „თეთრი სახლის“ და შპს „ლოგოსის“ წილის 100 პროცენტი 2012 წლის 14 სექტემბერს სახელმწიფოს საჩუქრად გადასცა. ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთიც, რომელიც ჭავჭავაძის გამზირის №7-ში მდებარე სამშენებლო კომპლექსის ნაწილი იყო.
გიორგი ისაკაძის კუთვნილი კომპანიების ჯამური ვალდებულებები ამ დროისთვის 17 მლნ. ლარია. „ქართუ ბანკის“ საკრედიტო დეპარტამენტის დირექტორის ზურაბ გოგუას განმარტებით, „ამხანაგობა „თეთრ სახლს“ და შპს „ლოგოსს“ ბიუჯეტის მიმართ 4 მლნ. ლარის, ხოლო ბანკის მიმართ – დაახლოებით 13 მლნ. ლარის დავალიანება აქვს. კომპანიების გაჩუქების მიუხედავად, შპს „ლოგოსის“ დირექტორად გიორგი ისაკაძის მეუღლე მარიამ სპარსიაშვილი დარჩა“.
რატომ იჩუქა სახელმწიფომ სოლიდური ვალების მქონე კომპანიები და შეძლებს თუ არა „ქართუ ბანკი“ ვალის დაბრუნებას?
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების პრესსამსახური თეა ბოლქვაძე განმარტავს, რომ „გიორგი ისაკაძემ თავად გადასცა კომპანიები სახელმწიფოს. კომპანიები კრიზისში იყვნენ და ვერ ასრულებდნენ ვალდებულებას იმ ადამიანების წინაშე, ვინც იშენებდა ბინებს. ამიტომ იძულებული გახდა, ხელმძღვანელობა გადმოეცა სახელმწიფოსთვის.“
კითხვაზე, დაფარავს თუ არა კომპანიების ვალდებულებას „ქართუ ბანკის“ წინაშე სამინისტრო, როგორც კომპანიის ახალი მფლობელი? – თეა ბოლქვაძეს პასუხი არ აქვს: „ეგ ისაკაძეს კითხეთ. რაც შეეხება ბინების დასრულებას, ალბათ, მერიის პროექტის, „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში მოხდება.“
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი ლიკა წიკლაური ამბობს, რომ კომპანიების გაჩუქება მესაკუთრის უფლებაა: „ თუ სახელმწიფო თანახმა იყო ვალებიანი კომპანიის მესაკუთრე გამხდარიყო, გაჩუქების პროცედურა მარტივია.“
რაც შეეხება ვალის დაბრუნების საკითხს, ლიკა წიკლაური განმარტავს, რომ „ვინაიდან კომპანიის ლივიდაცია არ მომხდარა, ის ვალდებულებები გადავიდა ახალ მესაკუთრეზე. თუმცა, როცა კომპანიების ვალდებულებაზეა საუბარი, კომპანიები ვალის გადახდისას პასუხს აგებენ თავისი ქონებით. ბიუჯეტის ვალის ნაწილში, როცა კრედიტორი და მფლობელი ერთიდაიგივე პირი გამოდის, ეს ვალი ბათილი ხდება. მაგრამ რაც შეეხება ბანკ „ქართუსთან“ მიმართებაში, გამოდის რომ სახელმწიფოა პასუხისმგებელი ვალის დაფარვაზე, მხოლოდ კომპანიის ქონების ფარგლებში. თუ კომპანიის ქონება არ იქნება საკმარისი, სახელმწიფო დამატებით ვალდებულებას ვერ აიღებს. თუ კომპანიას არ ექნება ქონება, შესაბამისად, ვალის გადახდაც ვერ მოხერხდება. რადგან გასაყიდი არაფერი არ იქნება.“
როგორ დაიბრუნებს „ქართუ ბანკი“ კუთვნილ ვალს, ამაზე ბანკის საკრედიტო დეპარტამენტის დირექტორ ზურაბ გოგუას პასუხი არ აქვს:
„ამ კომპანიებს ქონება არ გადაუცია სამინისტროსთვის, რადგან აუქციონებზე ის ნატურით დაისაკუთრა სახელმწიფომ.”
ზურაბ გოგუა იმ სქემაზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც „ქართუ ბანკის“ მსესხებლების ქონება სახელმწიფომ ვალის სანაცვლოდ დააყადაღა და აუქციონზე ნატურით დაისაკუთრა:
„2012 წლის 12, 13 და 15 მარტს შპს „ლოგოსის“ და ამხანაგობა „თეთრი სახლის“ მიერ სს „ბანკი ქართუს“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული 46 ერთეული უძრავი ქონება (საერთო ფართით 9443.42 კვ.მ) სახელმწიფომ ნატურის წესით დაისაკუთრა. აზომვების და გამიჯვნების შედეგად მოხდა ამ ფართების კორექტირება, რის შედეგადაც მივიღეთ 156 ერთეული უძრავი ქონება, საერთო ფართით 7906.77 კვ.მ „
ზურაბ გოგუას ინფორმაციით, ამ ფართების დიდი ნაწილის აუქციონზე გატანა 2012 წლის 1, 6 და 7 ივნისს განხორციელდა: „გასხვისებულია 97 ობიექტი, საერთო ფართით 3721.66 კვ.მ, მათ შორის: 13 ერთეული ბინა – 2210 კვ.მ და 84 ერთეული ავტოსადგომი – 1512 კვ.მ. გასხვისებულია ობიექტების 62%, ფართების– 47%. აღნიშნული 97 ობიექტი 57 ფიზიკურმა პირმა შეიძინა, მათ შორის მოქალაქე გიორგი ავთანდილის ძე ნადარაიამ – 17 ობიექტი (მათ შორის 8 ბინა და 9 ავტოსადგომი), მოქალაქე კობა გრიშას ძე ბექაურმა – 1 ობიექტი, ხოლო მოქალაქე ლაშა შალვას ძე ისაკაძემ (გიორგი ისაკაძის ძმამ) – 1 ობიექტი“
ზურაბ გოგუას ინფორმაციით, ისაკაძის კომპანიის ქონებებზე მოხდა საგადასახადო იპოთეკა, გირავნობის წარმოშობა, შემდეგ აღმასრულებლის ყადაღის დადება: „როცა გაირკვა, რომ ისაკაძის კომპანიების მთელი ქონება დაყადაღდა, მოხდა იპოთეკა/გირავნობის და ყადაღის მოხსნა და „ქართუ ბანკში“ დაგირავებული და დაუგირავებელი ქონებების გამიჯვნა. მოხდა კომპანიებში მესაკუთრეების ცვლილება. შემდეგ ისევ საგადასახადო იპოთეკის და გირავნობის წარმოშობა და აღმასრულებლის მიერ ყადაღის დადება. ამასთან, საინტერესოა მესაკუთრის ცვლილების ერთი ფაქტი: ერთი გასხვისებული ბინის მესაკუთრემ ნინო მაისურაძემ ბინა გადაუფორმა შპს „ლოგოსის“ 100%-იან მესაკუთრეს გიორგი ისაკაძეს, რომელმაც იმავე დღეს ბინა გადაუფორმა შპს „ლოგოსს“.
რატომ გააჩუქა ისაკაძემ ქონება და არ გააკოტრა, როგორც „ქართუ ბანკის“ სხვა მოვალეები მოიქცნენ? ზურაბ გოგუა ამბობს, რომ ამ სქემით ისაკაძე, „ქართუ ბანკის“ გარდა, ბიუჯეტის წინაშე არსებული ვალისაგან გათავისუფლდა. მარტო „ქართუს“ ვალი რომ ჰქონოდა, ისაკაძე ალბათ გაკოტრების გზას აირჩევდა.”
გიორგი ისაკაძე სამშენებლო ბიზნეისის გარდა კომპანია „ჯიბეს“ ფლობს. ისაკაძის წილი ამ კომპანიაში 55 პროცენტია, 45 პროცენტი ინგა კაკაჩიშვილის საკუთრებაა, კომპანიის დირექტორი კი ნიკოლოზ ივანიშვილია, რომელიც 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებზე „სახალხო დემოკრატების“ წარმომადგენელი იყო და თბილისის მერობისთვის არჩევნებში კენჭს იყრიდა. კომპანია „ჯიბე“ ადგილობრივ ბაზარზე პროდუქტების მსხვილი დისტრიბუტორია.