ეკონომიკა

„ვესტ საიდ ჯგუფმა“ ტაქსების ბიზნესში ნახევარი მილიონი ლარის ინვესტიცია ჩადო

14 სექტემბერი, 2012 •
„ვესტ საიდ ჯგუფმა“ ტაქსების ბიზნესში ნახევარი მილიონი ლარის ინვესტიცია ჩადო

კომპანია ბიზნესის გაფართოებას სერვისზე მოთხოვნის ზრდის შესაბამისად გეგმავს: „სტარტაფისთვის საცდელად 30 ტაქსი ჩამოვიყვანეთ. გვაინტერესებდა, რამდენად არსებობდა ამ სერვისზე მოთხოვნა ბაზარზე. ბიზნესის გაფართოებას ვგეგმავთ, რადგან გარკვეული ინვესტიცია უკვე ჩადებულია. არ ვაპირებთ ბაზარზე მონოპოლისტობას, ჩვენი მიზანია კონკურენტუნარიანი გარემო შევქმნათ,“ –ამბობს „ვესტსაიდ ჯგუფის“ დირექტორი ლვან გაგვიშვილი.  

 

„ვესტსაიდ ჯგუფის“ დირექტორი დედაქალაქის მთავრობის მიერ ტაქსების სერვისზე ტენდერის გამოცხადების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა ამბობს, რომ თუ ტენდერი გამოცხადდა, კომპანია მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს, რადგან ბიზნესის გაფართოებას გეგმავს.

 

ტაქსის მძღოლების ვარაუდს, რომ ახალი მანქანებით დედაქალაქის მთავრობა, სამარშრუტო მიკროავტუბესების მსგავსად აპირებს მონოპოლისტი ფირმის შემოყვანას ტაქსების ბიზნესში, თბილისის მერიაში არ ადასტურებენ. მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ამ სერვისზე ტენდერის გამოცხადება არ იგეგმება.  

 

გაგვიშვილი „ვესტ საიდ ჯგუფის“ ბიზნესში კომპანია „გალფის“ მფლობელის, თავდაცვის ექსმინისტრის დავით კეზერაშვილის მონაწილეობას უარყოფს:

 

„გალფი ჩვენი პარტნიორია მხოლოდ საწვავით უზრუნველყოფნის საკითხში. გვაქვს ხელშეკრულება „ვისოლთან“ და „სოკართან“, თუმცა დიზელის საწვავს ყველაზე დაბალ ფასში „გალფი“  გვაწვდის.“

 

„ვესტ საიდ ჯგუფი“ 2010 წლის აპრილში დაფუძნდა. კომპანიის 50,1 პროცენტს ოთარ დაბრუნდაშვილი, ხოლო 49,9 პროცენტს ბადრი პატარკაციშვილის დის – ნანა პატარკაციშვილის ვაჟი ალექსანდრე ამაშუკელი ფლობს.

 

ლევან გაგვიშვილი „ვესტ საიდ ჯგუფის დირექტორია“, ასევე,  „არკადია  მენეჯმენტის“ დამფუძნებელი და „თბილისის ცირკის“ ფინანსური მენეჯერია, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს ეკუთვნის.  

 

„ალექსანდრე ამაშუკელი ბადრი პატარკაციშვილის დის შვილია. ეს არის პატარკაციშვილის ოჯახის ერთ–ერთი წევრის მიერ ჩადებული ინვესტიცია. ამ  ბიზენსში ოჯახის სხვა წევრებიც რომ შემოსულიყვნენ, მხოლოდ 2 000 ტაქსის შემოყვანაზე არ იქნებოდა საუბარი,“ – ამბობს ლევან გაგვიშვილი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი