ეკონომიკა

უნდა გაიზარდოს თუ არა მდიდრებისთვის გადასახადი

13 სექტემბერი, 2012 •
უნდა გაიზარდოს თუ არა მდიდრებისთვის გადასახადი

“ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა გიორგი თარგამაძემ საჯარო გამოსვლისას განაცხადა, რომ იმ მოქალაქეებმა, რომელთა შემოსავალიც თვეში 100 ათას ლარს აჭარბებს,   საშემოსავლო გადასახადის სახით 25 პროცენტი უნდა გადაიხადონ. ეს შეთავაზება „ქრისტიან დემოკრატების“ წინასაარჩევნო პროგრამაშიც დევს.

 

„ასეთი დაბეგვრის სისტემები არის რამდენიმე ქვეყანაში, რომელსაც „პროგრესული დაბეგვრა“ ჰქვია. რაც უფრო მდიდარია ადამიანი, ის უფრო მეტი გადასახადის გადამხდელია. ვფიქრობ, არასამართლიანი და საერთოდ მიუღებელია მსგავსი ტიპის დაბეგვრის რეჟიმები. მდიდარმა შექმნა უფრო მეტი ღირებულება. გადასახადებით სიმდიდრეს კი არ უნდა ვებრძოლოთ, არამედ ხელი უნდა შევუწყოთ ქვეყნის მდგრად განვითარებას. ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის მდიდრების დაბეგვრა მიუღებელია. უნდა შევუწყოთ ხელი, რომ საქარველოში მეტი მდიდარი ადამიანი იყოს, რათა მათ შეძლონ ქვეყანაში ღირებულის შექმნა,“ – ამბობს „ბიზნეს ენდ პოლიტიკალ ინსაიდის“ ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში.

 

მისივე თქმით, “ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის” წინასაარჩევნო განცხადება მდიდრებისათვის საშემოსავლო გადასახადის გაზრდის შესახებ, წმინდა პოლიტიკური შეთავაზებაა:

 

“არანაირი ფისკალური ეფექტი ასეთი ტიპის გადასახადის შემოღებას არ ექნება. საქართველოში ძალიან ცოტა მდიდარია. შეძლებული ფენისთვის გადასახადის გაზრდა სოციალისტური იდეების ერთ-ერთი მიმართულებაა“.

 

მდიდრებისათვის გადასახადების ზრდაზე საუბრობს „ლეიბორისტული პარტია“.  პოლიტიკური გაერთიანების წინასარჩევნო ლოზუნგია – „მდიდარს ვართმევთ, ღარიბს ვაძლევთ“. საარჩევნო პროგრამაში მეტ დეტალებზე „ლეიბორისტული პარტია“ არ საუბრობს. თუმცა პარტიის პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა ამბობს, რომ „მდიდრებმა მეტი უნდა გადაიხადონ. ვიდრე ქვეყანაში მონოპოლია იქნება და წიაღისეული, ფაბრიკა და ქარხნები კლანების ხელშია, აქ არაფერი შეიცვლება“.

 

„პოლიტიკური სპეკულაცია არ უნდა იყოს აგებული მსგავსი ტიპის შეთავაზებაზე. ასეთი  ლოზუნგების გაცხადება უხერხულია. ალბათ, ამ პოლიტიკურმა ძალებმა არ იციან, რომ საქართველოში მდიდრები ქონების გადასახადს იხდიან,“ – ამბობს ირაკლი ლექვინაძე.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსით, ქვეყნის მოქალაქეების შემოსავალი 20 პროცენტით იბეგრება. მაღალშემოსავლიანი ფენა კი ქონების გადასახადს იხდის. ასეთი დაბეგვრის სისტემის ქვეშ ის ფიზიკური პირები ექცევიან, თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის, წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები აღემატება 40 000 ლარს. ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას წარადგენს. გადასახადს საგადასახადო ორგანო შემოტანილი დეკლარაციის საფუძველზე ითვლის.

 

პოლიტიკური პარტიების შემოთავაზებებს საგადასახადო განაკვეთების შესახებ პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ლიდერი ზურაბ ტყემალაძე წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირებს:

 

„წინასაარჩევნოდ პოლიტპარტიები მიმზიდველ ვექსილებს გასცემენ. გადასახადებთან დაკავშირებით უნდა მომზადდეს ისეთი საკანონმდებლო ინიციტივები, რათა ღარიბები არ დაიჩაგრონ. ალბათ, პოლიტიკურმა პარტიებმა არ იციან, რომ რაც უფრო მეტს გამოიმუშავებს მდიდარი, მით უფრო მეტად იბეგრება. მაგალითად, 1000 ლარის 20 პროცენტი უფრო მეტია, ვიდრე – 100 ლარის“.

 

ტყემალაძის თქმით, საქართველოში დიფერენცირებულმა საშემოსავლო  გადასახადმა ვერ გაამართლა:

 

„2003 წლამდე იყო პროგრესული მიდგომა. საშემოსავლო გადასახადი იყო დიფერენცირებული 12–17 პროცენტი. საკმაოდ რთული იყო ადმინისტრირების კუთხით. არასამართლიანი და რთული დასათვლელი და ყოველთვის რთული იყო მისი ამოღება. სახელმწიფომ დააწესა 20 პროცენტიანი გადასახადი, თუმცა აქვს ვალდებულება, რომ ეტაპობრივად ის 15 პროცენტამდე შეამციროს.“

 

ზურაბ ტყემალაძე აცხადებს, რომ მდიდრებისათვის საშემოსავლო გადასახადის ზრდის ნაცვლად, სჯობს დაბალშემოსავლიანი ფიზიკური პირები ნაკლებად დაიბეგრონ:

 

„პარლამენტში დევს ჩვენი პარტიის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა დაუბეგრავი მინიმუმის შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ საქსტატის მიერ გთვლილი საარსებო მინიმუმი არ უნდა დაიბეგროს. თუმცა ჩვენს ინიციატივას საკანონმდებლო ორგანოში მხარი არ დაუჭირეს.“

 

ფინანსთა სამინისტროს მიერ 2011 წლის ბიუჯეტის წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, გადასახადების სახით 6 მილიარდ  970,4 ათასი ლარია მობილიზებული. საბიუჯეტო გადასახადების სტრუქტურაში საშემოსავლო გადასახადი 1 მილიარდ 551 ათასი ლარია (მშპ-ს  6,4 პროცენტი), ხოლო ქონების გადასახადი – 220,4 მლნ ლარი  (მშპ–ს 0,9 პროცენტი).

 

ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, გადასახადების სტრუქტურაში საშემოსავლო და ქონების გადასახადის მაჩვენებელი არ არის მაღალი:

 

„რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში მდიდარი ადამიანების რაოდენობა ცოტაა. თუ გადასახადი გაიზრდება, გაჩნდება საფრთხე, რომ საქართველოდან კაპიტალი გავიდეს“.

 

მდიდრებისათვის საშემოსავლო გადასახადის გაზრდის ინიციატივით გასულ კვირას საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ორლანდი გამოვიდა. საფრანგეთში, იმ მოქალაქეებს და მსხვილ კომპანიებს, ვისი შემოსავალიც 150 ათას ევროს აჭარბებს, საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 45 პროცენტი გახდება.

 

მილიონ ევროზე მეტი შემოსავალის მქონე ბიზნესები 75 პროცენტით დაიბეგრება. დაბეგვრის ამ რეჟიმის ქვეშ, საფრანგეთის 2 ათასი მოქალაქე მოექცევა. ორლანდი ამ განაკვეთის შენარჩუნებას 3 წლის განმავლობაში ვარაუდობს.

 

ფრანგმა მილიარდერმა ბერნარ არნომ, ფრანსუა ორლანდის საჯარო განცხადებამდე ერთი დღით ადრე ბელგიის მთავრობას მეორე მოქალაქეობის მიღების თხოვნით მიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი