ტაქსის მძღოლების ვარაუდს, რომ ახალი მანქანებით დედაქალაქის მთავრობა, სამარშრუტო მიკროავტუბესების მსგავსად აპირებს მონოპოლისტი ფირმის შემოყვანას ტაქსების ბიზნესში, თბილისის მერიაში არ ადასტურებენ.
30 რენოს მარკის ტაქსი თბილისში კომპანია „ვესტ საიდ ჯგუფმა“ შემოიყვანა, რომლის დირექტორი – ლევან გაგვიშვილი „არკადია მენეჯმენტის“ დამფუძნებელი და „თბილისის ცირკის“ ფინანსური მენეჯერია, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს ეკუთვნის.
„ვესტ საიდ ჯგუფის“ ტაქსებს კომპანია “გალფი” ემსახურება:
„ვესტ საიდ ჯგუფის” 30 ტაქსს ვემსახურებით და საწვავით უზრუნველყოფთ. მათ საუკეთესო პირობები შევთავაზეთ. ტაქსების კომპანია ახალ კორპორატიულ ბარათს „გალფ ქარდს“ იყენებს“, – აცხადებს „გალფის“ მარკეტინგის სამსახურის წარმომადგენელი ლაშა თევზაძე.
„ვესტ საიდ ჯგუფი“ 2010 წლის აპრილში დაფუძნდა. კომპანიის 50,1 პროცენტს ოთარ დაბრუნდაშვილი, ხოლო 49,9 პროცენტს ალექსანდრე ამაშუკელი ფლობს.
2007 წლის მოვლენების შემდეგ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა საქართველოში ყველა აქტივი დაკარგა: ტელეკომპანია „იმედი“, „სტანდარტ ბანკი,“ რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, მთაწმინდის პარკი და თბილისის ცირკი.
2011 წლის გაზაფხულზე პატარკაციშვილების ოჯახმა საქართველოს მთავრობასთან არსებულ აქტივებზე დავა ოფიციალურად შეწყვიტა. ინა გუდავაძემ გამოიწვია საჩივარი და განაცხადა, რომ ამ აქტივებზე პრეტენზიები არ ექნებოდა. 2011 წლის 6 ივლისს საქართველოს მთავრობასა და პატარკაციშვილების ოჯახს შორის დავის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.
2012 წლის მაისში საქართველოს მთავრობამ პატარკაციშვილების ოჯახს „მთაწმინდის პარკი“ დაუბრუნა. ოჯახმა 2005 წელს პარკი 49 წლიანი იჯარით აიღო და 25 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
ამ დროისათვის ოჯახმა 2007 წელს დკარგული ბიზნესებიდან მხოლოდ „სტანდარტ ბანკი“ და ტელეკომპანია „იმედი“ ვერ დაიბრუნა. პატარკაციშვილების ოჯახს ამ აქტივებზე პრეტენზია აღარ აქვს.