თბილისის მერიამ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით “1000 ჯიხურის“ პროექტის განხორციელება გასული წლის ოქტომბერში დაიწყო. გამოცხადებული აუქციონის ფარგლებში პირველი ვაჭრობა 7 ნოემბერს შედგა, სადაც ვაჭრობის ფასი 1000-დან 36 ათას ლარამდე დაფიქსირდა.
აუქციონში, რომელიც პრესის გავრცელების ძველი ჯიხურების ნაცვლად ახალი სავაჭრო ჯიხურების დადგმას ითვალისწინებდა დედაქალაქის მასშტაბით, ისეთმა კომპანიებმა (“ნუგეში”, “კოდა”, “კუმისი”) გაიმარჯვეს, რომლებსაც არანაირი შეხება არ ჰქონიათ პრესის გავრცელებასთან.
პირველივე აუქციონის შემდეგ, 2011 წლის დეკემბერში თბილისში პრესის გამავრცელებელი კომპანიების – “მაცნეს” და “პლანეტა–ფორტეს” ჯიხურები აიღეს. მათ ჩასანაცვლებლად კი დედაქალაქის მერიამ “1000 ჯიხურის” პროექტის ფარგლებში შემდეგი აუქციონი გამოაცხადა.
მერიის პროექტს მედიისა და საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა, იმ მოტივით, რომ ამ პროექტმა პრობლემები შეუქმნა თავისუფალი პრესის გავრცელებას. ამის შემდეგ, 2011 წლის დეკემბერში შეიქმნა “თავისუფალი პრესის მხარდამჭერი ორგანიზაცია”, რომელმაც პრესის გავრცელების ალტერნატიული პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტის თანადამფინანსებელია კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი.
ამის შემდეგ თბილისის მერიის “1000 ჯიხურის” პროექტისადმი ინტერესმა მნიშვნელოვნად იკლო. უფრო მეტიც, როგორც ირკვევა, აუქციონში მოპოვებულ ლოტებს უკან აბრუნებენ გამარჯვებული კომპანიები.
„პლანეტა-ფორტე“ მერიის პროექტის დაწყებამდე 80 ჯიხურს ამუშავებდა. ახლა მხოლოდ 11 ჯიხური აქვს, რის შემდეგაც კომპანიის მიერ დასაქმებულთა რაოდენობა 80-დან 35-მდე შემცირდა. კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ მაღალი საიჯარო გადასახადის გამო რამდენიმე ჯიხურის უკან დაბრუნებას აპირებს.
„პირველ აუქციონებზე იჯარით 250 ადგილი გაიცა. იქიდან ორმოცი ადგილი ხალხმა უკან ჩააბარა. ჩვენ უკან დავაბრუნეთ ორი ადგილი, რადგან იჯარის გადასახადი ძალიან მაღალი იყო. კიდევ ვაპირებთ დაბრუნებას,“ – აცხადებს „პლანეტა–ფორტეს“ გენერალური დირექტორი მერაბ ჩანჩალაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში.
„იჯარის გადასახადი ძალიან ძვირია და აზრი არ აქვს. აუქციონზე მოგებული 27 ჯიხურიდან 7 უკან დავაბრუნეთ, რადგან იჯარის ფასი მაღალი იყო,“ – ამბობს კომპანია „მაცნეს“ დირექტორი ალექსანდრე ჯაჭვაძე.
“1000 ჯიხურის” პროექტის დაწყებამდე “მაცნე” დედაქალაქში 60 ჯიხურს ამუშავებდა, პროექტის შემდეგ კი 20 ჯიხური დარჩა:
„40 ადამიანი დარჩა უმუშევარი. მე მხოლოდ გაზეთს ვყიდი და ვმუშაობ პროცენტზე. თუ ღირს ლარი, 80 თეთრი არის გამომცემლის და 20 თეთრი ჩემი. ამიტომ როცა იჯარის გადასახადი 1000 ლარია თვეში, ამ პირობებში ასეთი ბიზნესის განვითარება შეუძლებელია,“ – აცხადებს ალექსანდრე ჯაჭვაძე.
“ნუგეში”ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ყველაზე მეტი ლოტი მოიგო თბილისის მერიის მიერ “1000 ჯიხურის” პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში. პირველივე აუქციონზე მან გამარჯვება 15 ლოტზე მოიპოვა და სოლიდური თანხაც გადაიხადა. თუმცა მოგვიანებით, კომპანიამ აუქციონის მიმართ ინტერესი დაკარგა.
„ნუგეშის“ ხელმძღვანელი შოთა ბასილაშვილი ამბობს, რომ კომპანიას თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ახალ აუქციონებში მონაწილეობა არ მიუღია:
„პირველად რომ გამოცხადდა აუქციონები, მაშინ რა ლოტებიც ავიღეთ, იმას ვამუშავებთ. ახალი ლოტების იჯარით აღებას აღარ ვაპირებთ. პროექტით კმაყოფილი ვარ.“
ბასილაშვილს სხვა დეტალებზე საუბარი არ სურს.
„მაცნეს“ დირექტორი ვარაუდობს, რომ „1000 ჯიხურის“ აუქციონზე თბილისის მერია იჯარით მეტი ობიექტის გაცემას ვეღარ შეძლებს:
“რადგან ამ პროექტს კომერციული გათვლა არ ჰქონდა. იმის მაგივრად, რომ მცირე ბიზნესს რამე სარგებელი ენახა, ჩვენ დავზარალდით. ახლაც აუქციონზე გამოცხადებული 50 ლოტიდან მხოლოდ 1 ლოტი გაიცა იჯარით და მერიაში ამბობენ, რომ აუქციონი წარმატებულად ჩატარდაო.“
თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოში ამბობენ, რომ ჯიხურების იჯარით გაცემის აუქციონები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ყველა ლოტის გასხვისება არ მოხდება. რამ განაპირობა ბიზნესის ინერტულობა მერიის პროექტის მიმართ და რატომ აბრუნებენ კომპანიები აუქციონზე მოგებულ ლოტებს, ამ საკითხზე ქონების მართვის სააგენტოში კომენტარს არ აკეთებენ.
„სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” ექსპერტი შოთა მურღულია აცხადებს, როცა ერთი წლის განმავლობაში ამ პროექტის ფარგლებში იჯარით 900-დან მხოლოდ მეოთხედი ლოტი გაიცა, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ პროექტმა ვერ იმუშავა. მისივე შეფასებით, მოგებულ ლოტებს ბიზნეს კომპანიები უკან იმიტომ აბრუნებენ, რომ შეთავაზებული ადგილები და პირობები არ არის ეკონომიკურად მომგებიანი:
„აქ ეკონიმიკური გათვლა ნაკლებად იყო, სხვა მიზეზი ჰქონდა ტენდერის გამოცახდებას. ფაქტია, ამ ტენდერის შედეგად ის ბიზნესები დაზარალდნენ, რომლებიც პრესას ავრცელებდნენ. ამიტომ ეჭვის დონეზე უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ პროექტს სხვა მიზანი ჰქონდა“.