ეკონომიკა

ივანიშვილის ბოლო აქტივი რუსეთში 180 მილიონ დოლარად გაიყიდა

6 სექტემბერი, 2012 •
ივანიშვილის ბოლო აქტივი რუსეთში 180 მილიონ დოლარად გაიყიდა

ამ ინფორმაციას მმართველი კომპანია „უნიკორი“ ავრცელებს, რომლის თანახმადაც „სტოილენსკაია ნივას“ და ამერიკულ ფონდ „არკო ინტერნეიშენალ ჯგუფს“ შორის შესაბამის ხელშეკრულებას უკვე მოეწერა ხელი.

 

ეს არის ბიძინა ივანიშვილის ბოლო ბიზნეს-აქტივი რუსეთში, რომელიც მან დეველოპერული და ფარმაცევტული ბიზნესების შემდეგ გაყიდა. გარიგების ფასი 180 მილიონი ამერიკული დოლარია.

 

მხარეებს შორის ბიზნესგარიგება ორ თვეში, ყველა პროცედურის გავლის შემდეგ დასრულდება.

 

კომპანია „სტოილენსკაია ნივა“ 2000 წელს შეიქმნა და დღეისთვის, პურპროდუქტების წარმოების მოცულობით რუსეთის ბაზარზე პირველ ადგილზეა. რაც შეეხება ფქვილის და საკონდიტრო წარმოებას, ამ მიმართულებით კომპანიას მეექვსე ადგილი უჭირავს.

 

„პირველ რიგში, ჩვენ გვაინტერესებდა “უნიკორის” მართვის ქვეშ მყოფი დეველოპერული ობიექტები, ასევე, ვსწავლობდით „სტოილენსკაია ნივას“ აქტივების ხარისხსაც,“ – ეს განცხადება გარიგების დასრულების შემდეგ, ამერიკული ფონდის „არკო ინტერნეიშენელის“ გენერალურმა დირექტორმა ფრანჩესკო პიოვანეტიმ გააკეთა.

 

„სტოილენსკაია ნივას“ ახალი მფლობელი აცხადებს, რომ ბიზნესს გააფართოებს და აგროსამეწარმეო ჰოლდინგის მარკეტინგულ სტრატეგიას შეცვლის.

 

„სტოილენსკაია ნივა“  დივერსიფიცირებული ბიზნესია. კომპანიას რუსეთის ფედერაციის 10 ოლქში აქვს საწარმო. კომპანიის მფლობელობაშია 14 პურის საცხობი ქარხანა, ხორბლის გადამამუშავებელი 5 საწარმო. „სტოილენსკაია ნივას“ საწარმოებში 10 ათასი ადამიანია დასაქმებული.

სტოილენსკაია ნივას პროდუქტი. წყარო: http://www.stniva.ru/
სტოილენსკაია ნივას პროდუქტი. წყარო: http://www.stniva.ru/

მასალების გადაბეჭდვის წესი