ცაგურიას ეს ინფორმაცია ორგანიზაციამ – “ბიზნესმენები საქართველოში თავისუფალი ბიზნესისათვის” – მიაწოდა.
ორგანიზაციამ, რომლის ხელმძღვანელიც დავით ბეგიაშვილია, საკუთარი მოკვლევის საფუძველზე, გამოარკვია, რომ დავით ბეგიაშვილისთვის ბიზნესის ჩამორთმევა ეკონომიკური განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას, იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ვლადიმერ ვარძელაშვილის, ფინანსთა მინისტრის დიმიტრი გვინდაძის და შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის დახმარებით განხორციელდა.
ამ დროისათვის ვანო მერაბიშვილი საქარველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზეა, ხოლო დიმიტრი გვინდაძე საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეა.
სია, რომელიც დაჩი ცაგურიამ მედიის წარმომადგენლებს გადასცა დღეს, სახალმწიფო უწყებების 90 თანამშრომლისაგან შედგება. ეს სია “ალბატროსის” ვიტრაჟზეც განთავსდა.
საინიციატივო უფლებადამცველი ჯგუფი დღეიდან, 4 სექტემბრიდან კამპანიას იწყებს, რომლის ფარგლებშიც ჯგუფი, ხელისუფლების მიერ წართმეულ ობიექტებთან მივა და გააკეთებს წარწერას “წართმეულია”.
საინიციატივო ჯგუფის წევრებმა, დღეს, ჭავჭავაძის 44–ში მდებარე კომპანია “ალბატროს დელუქსის” მფლობელობაში არსებული “ალბატროსის” მაღაზიას აპლიკაციები მიაწება, წარწერით: “წართმეულია”. შენობებზე ასეთივე წარწერა წითელი და შავი საღებავებითაც გაკეთდა.
“წართმეული ობიექტები, სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების პირობებში ძალიან ბევრია. ბოლო 8 წლის განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან ქართული ბიზნესის დატერორების ერთ–ერთი კლასიკური მაგალითია ჰოლდინგური კომპანია “ვაკე 5” და “ალბატროს ჯგუფი”. მაღალი საქმიანი ავტორიტეტის მქონე, დიდი გამოცდილების კომპანიების დამფუძნებლის დავით ბეგიაშვილის მიმართ ხელისუფლებამ ტრადიციად ქცეული მეთოდები გამოიყენა და უკანონოდ მიითვისა მისი ბიზნესები,” – აცხადებს დაჩი ცაგურია.
მისი თქმით, აქცია “წართმეულია” გაგრძელდება: “ალბატროსიდან ვიწყებთ ამ აქციას. მივალთ ყაჩაღურად მითვისებულ ობიექტთან. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, როცა დილით ადამიანები მოდულის შენობაში იღვიძებენ, შემდეგ კი მილიონად შეფასებულ ქონებას სახელმწიფოს ჩუქნიან. მაქვს ინფორმაცია ხელისუფლების მიერ ბიზნესისათვის წართმეული 80 ობიექტის შესახებ, სადაც მომავალში მსგავს წარწერებს გავაკეთებთ.”
დაჩი ცაგურიას ამბობს, რომ შესაბამის ინფორმაციას მას ხელისუფლების მიერ წართმეული ბიზნესების შესახებ, კომპანიების მფლობელების ოჯახის წევრები აწვდიან. შემდეგი აქცია ქიბარ ხალვაშის კუთვნილ ობიექტებთან გაიმართება, რომელიც, აქციის ორგანიზატორების თქმით, მას ხელისუფლებამ წაართვა.
საქართველოდან შვეიცარიაში გადახვეწილმა ბიზნესმენმა დავით ბეგიაშვილმა 2012 წლის აგვისტოში ადგილობრივი მედიასაშუალებებით ბიზნესმენებს გაერთიანებისკენ და “კრიმინალური რეჟიმის” შეჩერებიკენ მოუწოდა.
დავით ბეგიაშვილი ჰოლდინგური კომპანია “ვაკე-5”-ის და “ალბატროს ჯგუფის” დამფუძნებელია. ის ღიად აცხადებს, რომ მისი ბიზნესის ხელში ჩაგდებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილია დაინტერესებული და ამის გამო იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა.
“ჩემი დღევანდელი მდგომარეობაა: განადგურებული ბიზნესი, ჩამორთმეული თუ დაყადაღებული ქონება, ვარ ბრალდებული რამდენიმე მძიმე მუხლით, იძულებით ემიგრირებული და ძებნილი”, – აღნიშნავს ბეგიაშვილი.
დავით ბეგიაშვილმა თავის მიმართვაში ხელისუფლებისგან რეპრესირებული კომპანიები დაასახელა: „დაჯარიმებული და შეზღუდული კომპანიებია: ლუდისა და ღვინის მწარმოებლები – „ყაზბეგი“, „ბადაგონი“, „ქართუ ჯგუფი“, მედიაოპერატორები – „გლობალ-ტვ“ და „მაესტრო“, კორპორაცია „ჩემი სახლი“.