ასაფრენ ზოლზე მსოფლიო კლასის სატვირთო ავიაბოინგი დაჯდა. მიხეილ სააკაშვილმა გააცხადა, რომ „ ეს თვითმფრინავი არ არის დეკორაცია, მართლა დაჯდა და არ დაიწყოს ვიღაცებმა, რომ არის ფოტოშოპი”, -დასძინა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადბით, ქუთაისის აეროპორტი უახლოეს კვირებში გაიხსნება. ავიარეისები მოსკოვის, კიევის, ფრანკფურტის, ბრიუსელის, თელავივის მიმართულებით შესრულდება.
შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, კოპიტნარის აეროპორტის სამეთვალყურეო კოშკურა ჰოლანდიური არქიტექტურული კომპანიის, UNSTUDIO-ს მიერაა დაპროექტებული. კოპიტნარის აეროპორტიში ასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია დასრულდა. აეროპორტის გახსნის თარიღად 27 სექტემბერი სახელდება.
საქართველოში ხუთი სამოქალაქო აეროპორტიდან მხოლოდ სამი ფუნქციონირებს. თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს საერთაშორისო სტატუსი აქვთ. ორივეს თურქული კომპანია შპს TAV Urban Georgia მართავს.
„ტავ აეროპორტ ჰოლდინგმა“, რომელიც თბილისის აეროპორტის ოპერატორი კომპანიის TAV Urban Georgia–ს 76% წილის მესაკუთრეა, შეთანხმებას მიაღწია სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთანებასთან“, რეკონსტრუქცია ჩაუტაროს აეროპორტის ასაფრენ–დასაფრენ ბილიკს, რომლის გამოყენებაც არ ხდება.
რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებაში TAV Airports Holding–ი აღნიშნავს, რომ დაგეგმილი სარეკონსტრუქციო ინვესტიციების სანაცვლოდ TAV Urban Georgia–ს მართვის უფლება 10 წლით და 9 თვით, 2027 წლის თებერვლიდან 2037 წლის 8 ნოემბრამდე გაუხანგრძლივდება.
კომპანიის ცნობით, ასაფრენი ზოლის რეკონსტრუქციისთვის საჭირო ინვესტიციების მიღება 2012 წლის სექტემბრიდან არის დაგეგმილი. პროექტი სავარაუდოდ ორ წელიწადში დასრულება .
TAV–ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტს 2005 წლის ოქტომბრიდან მართავს. 2007 წლის მაისიდან ამ კომპანიის 20–წლიანი მართვის ქვეშ არის ასევე ბათუმის აეროპორტი.
მესტიის აეროპორტი 2010 წელს გაიხსნა და შიდა რეისებს კანადური კომპანია Kenn Borek Air-ი ახორციელებს. გასულ წელს მესტიის აეროპორტში 222 რეისით 4 638-მა მგზავრმა ისარგებლა.
ბათუმის აეროპორტში ავიარეისებს Turkish Airlaines, Borajet Airlines, Georgian Airways და Belavia ასრულებენ. 2011 წლის მონაცემებით, ბათუმის აეროპორტში მგზავრთა ნაკადმა 133 306 შეადგინა და 1 446 რეისი შესრულდა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2011 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადი გაიზარდა და 1 057 046 შეადგინა. შესრულებული რეისების რაოდენობა 9 081-ს გაუტოლდა.
რაც შეეხება ფოთის აეროპორტს, მისი რეაბილიტაცია შპს Rakia Georgia-მ უნდა განახორციელოს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, Rakia Georgia რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობს.